განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 16.11.2004
საქმის ნომერი
2კ-116კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 116-კოლ 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების _ თ. მ-სა და ლ. ც-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით თ. მ-ვა და მისი შვილი _ ლ. ც-ია ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯათ: პირველს _ 6 წლით, ხოლო მეორეს _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი საქმე მ. ლ-ის მიმართ მისი ადგილსამყოფლის დაუდგენლობის გამო.

განაჩენის მიხედვით, თ. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება _ 4,4 გრამი “---ის” ნაზავი (---ის სუფთა წონა შეადგენდა 2,2 გრამს), რომელიც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და თავის მეგობარ მ. ლ-ესთან წინასწარი შეთანხმებით გადაზიდა და შეინახა ქ. წყალტუბოში, თავისი დისშვილის _ გ. კ-ას საცხოვრებელ სახლში. 2003წ. 7 ოქტომბერს თ. მ-ს შვილმა _ ლ. ც-ამ გ. კ-ას სახლში შენახული ნარკოტიკი წამოიღო ქ. ქუთაისში დედამისისათვის გადასაცემად, მაგრამ იგი რკინიგზის სადგურ “---ის” მგზავრთა მოსაცდელ დარბაზში დააკავეს სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა და პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. მსჯავრდებულ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარდა არაობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. შერაცხული დანაშაული მას არ ჩაუდენია. ამ მოტივით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად და აღმკვეთი ღონისძიების _ პატიმრობის _ სხვა სახის აღმკვეთი ღონისძიებით შეცვლას.

მსჯავრდებული ლ. ც-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი უდანაშაულობის დადგენას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა თ. მ-მ ითხოვა განაჩენის გაუქმება, აღკვეთი ღონისძიების შეცვლა და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

მსჯავრდებულმა ლ. ც-ამ ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. უკიდურეს შემთხვევაში, თუ განაჩენი არ იქნება გაუქმებული, ითხოვა სასჯელის შემცირება.

პროკურორმა შ. ვ-ემ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე ლ. ც-ას მიმართ დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო თ. მ-ს მიმართ არჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს და მოკვლეული მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს იმერეთის სამხარეო პროკურორს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია აშკარად არასრულყოფილად და საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით. ობიექტურად გამოკვლეული და უდავოდ დადგენილი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, ბრალდებები ეყრდნობა გულვებებს და არა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ლ. ც-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება გაფორმებულია ქუთაისის სატრანსპორტო პოლიციის რეგიონული განყოფილების უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკ ა. დ-ას სახელით, მაგრამ მის ნაცვლად დადგენილებაზე ხელს აწერს სხვა პირი. საქმეზე დამატებითი გამოძიების დაწყებამდე პროკურორმა უნდა გამოიკვლიოს, ვის ეკუთვნის აღნიშნული ხელმოწერა და იყო თუ არა ეს პირი უფლებამოსილი, აღეძრა სისხლის სამართლის საქმე.

ლ. ც-ია და თ. მ-ვა ეჭვმიტანილად ცნო, თავიანთი უფლებები განუმარტა და ეჭვმიტანილის სახით დაკითხა პოლიციის ინსპექტორმა ვ. შ-ამ, მაშინ როცა სისხლის სამართლის საქმე არ იყო მის წარმოებაში და არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პროცესუალური უფლებამოსილება.

თ. მ-ვა ისე იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად, მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაპატიმრებული და გასამართლებული, რომ მის მიმართ საერთოდ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ყოველივე ზემოაღნიშნულით უხეშად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა და თ. მ-ას კანონით დაცული უფლებები.

ბრალდებულებს წინასწარი გამოძიების დამთავრება გამოეცხადათ 2003წ. 3 დეკემბერს და იმავე დღეს მათი ადვოკატი გაეცნო საქმის მასალებს. ამის შემდეგ, 9 დეკემბერს, ორივე ბრალდებული ისე იქნა ახალი დამამძიმებელი ბრალდებით მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომ გამომძიებელს გამოძიება არ განუახლებია და არც საქმე მიუღია წარმოებაში.

გარდა ზემოაღნიშნული საპროცესო დარღვევებისა, პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიებით და სასამართლო გამოკვლევით სრულყოფილად არ არის დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და თითოეული მსჯავრდებულის როლი ჩადენილ დანაშაულში.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ლ. ც-ია წარსულში არის რა ნასამართლევი, არ დაადგა გამოსწორების გზას, არ გააკეთა სათანადო დასკვნები და კვლავ ჩაიდინა განზრახ დანაშაული.

საქმეზე დართული განაჩენის ასლის მიხედვით, არასრულწლოვანი ლ. ც-ია მსჯავრდებულ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 სექტემბრის განაჩენით იმ დროს მოქმედი სსკ-ის 1732-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა) ჩადენისათვის და შეფარდებული სასჯელის აღსრულება იმავე კოდექსის 471-ე მუხლის საფუძველზე გადაედო ერთი წლით.

საქართველოს 1960წ. სსკ-ის 57-ე მუხლის შესაბამისად, ნასამართლობის არმქონედ ითვლება პირი, რომელსაც სასჯელის აღსრულება გადაედო 471-ე მუხლის გამოყენებით და ამ ვადაში არ ჩაუდენია ახალი დანაშაული ან მის მიმართ განაჩენი დადგენილი წესით სისრულეში არ ყოფილა მოყვანილი. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ლ. ც-ია ითვლება ნასამართლობის არმქონედ თუ მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში არ ჩაუდენია ახალი დანაშაული ან გადავადებული განაჩენი არ იყო მოყვანილი სისრულეში. გამოძიებამ ლ. ც-ია ამ საკითხის გამოკვლევის გარეშე მიიჩნია ნასამართლობის მქონედ.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ლ. ც-ამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება წყალტუბოდან ქუთაისში გადმოზიდა თ. მ-სა და მ. ლ-ესთან წინასწარი შეთანხმებით. ე.ი. დანაშაული ჩაიდინა პირთა ჯგუფმა წინასწარი შეთანხმებით. ბრალდების ამ ფორმულირების საწინააღმდეგოდ, ლ. ც-იას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებაში მითითებულია: “გამოძიებით დაუდგენელია, თუ რაზე მოილაპარაკეს მათ” (ლ. ც-ამ, თ. მ-ამ და მ. ლ-ემ). გამოძიებას სხვა რაიმე მონაცემი ლ. ც-ას მიერ პირთა ჯგუფთან ერთად დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად საბრალდებო დასკვნაში მითითებული არა აქვს. ამის შესახებ არც სასამართლოს განაჩენში არ არის მითითებული. ლ. ც-ია კი საერთოდ უარყოფს მასზე შერაცხულ დანაშაულს და განმარტავს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო პოლიეთილენის პარკში, რომელიც ნათესავმა დედამისისათვის გადასაცემად გაატანა, რაიმე ნარკოტიკული ნივთიერება თუ იდო.

დამატებითი გამოძიებით სრულყოფილად უნდა შემოწმდეს ლ. ც-ას ჩვენებები, ჩატარდეს სხვა საგამოიძებო მოქმედებები, ზუსტად დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მიღებულ იქნეს შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის პირველი ნაწილით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ლ. ც-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 აგვისტოს განაჩენი ლ. ც-სა და თ. მ-ას მიმართ.

ლ. ც-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს იმერეთის სამხარეო პროკურატურას.

ლ. ც-ას მიმართ არჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ დარჩეს უცვლელად.

თ. მ-ას მიმართ არჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მოკვლეული მასალები თ. მ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს იმერეთის სამხარეო პროკურორს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.