საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹280-აპ 2 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენზე, რომლითაც გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის განაჩენში ვ. მ-ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის განაჩენით ვ. მ-ვს საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენით ვ. მ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, კერძოდ, დედის მიმართ პოლიციის მუშაკების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ და შეურაცხყოფამ გამოიწვია აფექტი, ძლიერი, უეცარი ემოციური განცდა, რის გამოც მას დაუქვეითდა კონტროლი და დაარტყა დანა ისეთ პიროვნებას, რომელსაც კონფლიქტის დროს რაიმე მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩაუდენია და უმოქმედოდ იდგა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენით შეიცვალა როგორც კვალიფიკაციის, ისე – სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ვ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19-108-ე მუხლზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულ ვ. მ-ის ადვოკატი ვ. მ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ს-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენის გაუქმება და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.
დაზარალებული გ. ც-ლი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი რ. კ-ი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ ვ. მ-ვი დაინტერესებული იყო გ. ც-ის სიცოცხლის აუცილებელი მოსპობით ანუ სასიკვდილო შედეგით. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ვ. მ-ის ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებაში მხოლოდ გ. ც-ისთვის მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაციის მიხედვით, ვინაიდან საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. მ-ვი დანის ერთხელ დარტყმით შესაძლებლად მიიჩნევდა გ. ც-ის სიკვდილს, შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ ვ. მ-სა და მისი ადვოკატების (ვ. მ-ლი, ბ. ს-ძე) საკასაციო საჩივრების მოთხოვნა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენის გაუქმებისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვების შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულ გ. ც-ლს არც ვ. მ-ისა და არც მისი ახლობლების მიმართ არ ჩაუდენია არავითარი ისეთი ქმედება, რაც აუცილებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების სსკ-ის 121-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ვ. მ-ის მიერ გ. ც-ის მოკვლის განზრახვის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. მ-ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ე.ი. სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ვინაიდან ვ. მ-მა გ. ც-ლს დანის ერთხელ დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ვ. მ-ვს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უნდა განესაზღვროს 5 წლითYთავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განაჩენში ვ. მ-ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ვ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.