საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 14.01.2003
საქმის ნომერი
2კ-11აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.01.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 11-აპ 14 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორ ო.ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განაჩენზე ა. ბ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის განაჩენით ა. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ა.ბ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 7 თვე და 21 დღე _ და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 4 თვითა და 9 დღით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განაჩენით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება: ა. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარადა 2 წლით თავისუფლების აღკვათა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა პირობითი მსჯავრით და საგამოცდო ვადად დაუწესდა 4 წელი.

განაჩენით ა.ბ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: ა.ბ. 1997წ. 10 დეკემბერს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. ¹355 ბრძანების საფუძველზე 1997წ. 25 დეკემბერს იგი ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ¹2054 სამხედრო ნაწილში რიგითად და მიიღო ფიცი. 1997წ. 30 დეკემბერს ავადმყოფობის გამო მოთავსებულ იქნა სამკურნალოდ სამხედრო ნაწილის ლაზარეთში პროქტიტის დიაგნოზით. 1998წ. 5 იანვარს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით ა.ბ-მა თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და გაიპარა ლაზარეთიდან, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილში აღარ დაბრუნებულა.

საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორი ო.ბ. საკასაციო საჩივარით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და ა.ბ-ს მიმართ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას; ა.ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი წლების განმავლობაში თავს არიდებდა გამოძიებას, ემალებოდა სამართალდამცავებს, იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მისი ექსტრადიცია სახელმწიფოს გარკვეული თანხა დაუჯდა.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ.მ. შესაგებლით ითხოვს, უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და უცვლელად იქნეს დატოვებული ა.ბ-ს მიმართ საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს შეეფარდა პირობითი მსჯავრი 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებული ა.ბ. ეთანხმება თავისი ინტერესების დამცველ ადვოკატს და ითხოვს, უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული, რომ ა.ბ-მა ჩაიდინა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, რაც გამოიხატა იმაში, რომ 1998წ. 5 იანვარს, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, ა.ბ-მა თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და გაიპარა ლაზარეთიდან, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილში აღარ დაბრუნებულა.

ა.ბაბოიანის ქმედების კვალიფიკაციას არც კასატორი ხდის სადავოდ და საკასაციო საჩივარში მიუთითებს მხოლოდ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის ლმობიერებაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა.ბ. ადრე ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაული ჩადენილი აქვს ავადმყოფობის პერიოდში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; გარდა ამისა, ა.ბ-ს სასჯელის გარკვეული ნაწილი _ 7 თვე და 21 დღე _ მოხდილი აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ა.ბ-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება და საგამოცდო ვადად დაუწესა 4 წელი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

პალატა თვლის, რომ ა.ბაბოიანისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ქმედების სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას და, ამდენად, არ არსებობს საფუძველი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განაჩენი ა. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.