განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
კერძო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
# 7-კოლ 20 თებერვალი, 2003 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მურმან ისაევი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მადონა გოგელია, დავით სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ფ-ის, მსჯავრდებულ რ. ს-ის, მსჯავრდებულ ე. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ-ას, მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის, მსჯავრდებულ კ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. მ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც:
1. ა. ი-ის ძე პ., - დაბადებული ---- წელს, ქართველი, უპარტიო, უცოლო, ნასამართლევი, ამჟამად პატიმარი - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“ პუნქტებით და ერთობლივად შეეფარდა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 4 იანვრიდან.
2. რ. ტ-ის ძე ს., _ დაბადებული ---- წელს, ქართველი, უპარტიო, უცოლშვილო, ნასამართლევი, ამჟამად პატიმარი - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“ პუნქტებით და ერთობლივად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 27 დეკემბრიდან.
3. ე. შ-ას ძე თ., - დაბადებული ---- წელს, ქართველი, უპარტიო, ცოლიანი, საშუალო განათლებით, არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პატიმარი _ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“,„დ“ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“ პუნქტებით და ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 28 დეკემბრიდან.
4. მ. ვ-ის ძე ს., - დაბადებული ---- წელს, ქართველი, უპარტიო, ცოლშვილიანი, საშუალო განათლებით, უმუშევარი, ნასამართლობის მქონე, ამჟამად პატიმარი - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“,„დ“ ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“ პუნქტებით და ერთობლივად შეეფარდა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 1 დეკემბრიდან.
5. კ. ნ-ის ძე ვ., - დაბადებული ---- წელს, ქართველი, უპარტიო, უცოლო, საშუალო განათლებით, უმუშევარი, ნასამართლობის მქონე, ამჟამად პატიმარი - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 23,179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001 წლის 14 სექტემბრიდან.
მსჯავრდებულებს: ა. პ-ას, რ. ს-ეს, ე. თ-ს, მ. ს-ეს და კ. ვ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ რ. ნ-ის სასარგებლოდ - 4000 ლარის გადახდა, ა. გ-ის სასარგებლოდ - 300 ლარის გადახდა, ა. ჯ-ის სასარგებლოდ - 800 ლარის გადახდა, ფირმა „კ-ს“ სასარგებლოდ - 8000 ლარის გადახდა.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
ადრე ყაჩაღობისათვის ნასამართლევმა ა. პ-ამ 2000 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ასევე ადრე ნასამართლევ რ. ს-თან ერთად ნიღაბაფარებულმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ბინაში შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა ქ. ლ-ში მცხოვრებ შ. ო-ის ოჯახზე, რა დროსაც დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოიყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ამგვარი ძალადობის მუქარა და დაეუფლნენ ამ უკანასკნელის ფულსა და სხვა ფასეულობას, მიაყენეს დაზარალებულს სხეულის დაზიანება და მატერიალური ზარალი 935 ლარის ოდენობით. ა. პ-ამ, რ. ს-ემ, ე. თ-მა და მ. ს-ემ ჩაიდინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ა. პ-ამ სოფელ ლ-ში დაახვედრა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს და მათი გამოყენებით 2000 წლის 5 დეკემბერს ლ-ის რაიონის სოფელ ლ-ის რკინიგზის გადასასვლელზე რ. ს-თან, ე. თ-თან, მ. ს-თან და კ. ვ-თან ერთად, რომელთა შორის დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად როლები წინასწარ იყო განაწილებული, მას შემდეგ, რაც კ. ვ-ემ მობილური ტელეფონის საშუალებით თანამზრახველებს აცნობა დასაყაჩაღებელი ობიექტის მოახლოების შესახებ, ხოლო ჯგუფის სხვა წევრებმა კი დაბრკოლების გადალახვის მიზნით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს რკინიგზის გადასასვლელზე ჯიხურში მყოფ დარაჯ გ. მ-ეს, დიდი ოდენობით ფასეულობის დაუფლების მიზნით მოახდინეს ყაჩაღური თავდასხმა თურქეთში მიმავალ „მერსედესის“ მარკის ავტობუსზე, რომელშიც იმყოფებოდნენ მგზავრები. იმის გამო, რომ ავტობუსი, მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ გაჩერდა, წინასწარი შეცნობით ორზე მეტი პირის, ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთად ცეცხლი გაუხსნეს აღნიშნულ ავტობუსს, რითაც საფრთხე შეექმნა იქ მყოფი 36 პირის სიცოცხლეს, რომელთაგან ერთმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, ორმა - სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და დამამძიმებელ გარემოებებში ავტობუსში მყოფთა მკვლელობის ბოროტი განზრახვა ვერ იქნა განხორციელებული მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 20 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნა და განაჩენი დატოვებულ იქნა უცვლელად.
ამასთან პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მიექცეს იმ თანამდებობის პირთა ყურადღება, რომელთა მიერ მსჯავრდებულ რ. ს-ის დაკავებისას დაშვებულ იქნა მოქმედი საპროცესო კანონის მოთხოვნა. კერძოდ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით (მოსამართლე ვ. ნ.) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის - იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, შეეფარდა 15 (თხუთმეტი) დღე-ღამით პატიმრობა და პატიმრობის ვადის გამოთვლა დაეწყო 27 დეკემბრიდან. რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების კანონიერება შეამოწმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ და თავისი 2001 წლის 5 იანვრის დადგენილების ცვლილება შეიტანა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ადმინისტრაციული პატიმრობა შეუმცირა 9 (ცხრა) დღე-ღამემდე ვადით და მიუთითა, რომ ს-ე ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებულ იქნეს 2001 წლის 5 იანვარს.
საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული დადგენილება 2001 წლის 6 იანვარს 4.20 საათზე ჩააბარა მოსამართლე მ. ჯ-მ, იმავე 6 იანვარს 15 საათსა და 55 წუთზე დადგენილების ასლი ასევე ჩაიბარა -ის სამხარეო შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ვ. ხ-ემ. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის დადგენილებაში მითითებული იყო, რომ რ. ს. უნდა გათავისუფლებულიყო ადმინისტრაციული პატიმრობიდან, ასეთი არ იქნა შესრულებული და უკანონოდ იქნა დატოვებული პატიმრობაში და მხოლოდ მეორე დღეს ეს, იგი 2001 წლის 7 იანვარს 13 საათსა და 10 წუთზე იქნა დაკავებული ეჭვმიტანილის სახით მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. ამდენად, რ. ს. ფაქტობრივად 2001 წლის 5 იანვრიდან იმავე წლის 7 იანვრამდე ესე იგი 2 (ორი) დღე-ღამის განმავლობაში იყო უკნაონო პატიმრობაში, რის გამოც რ. ს-ის მამა - ტ. ს-ემ არაერთხელ მიმართა საჩივრებით პროკურატურასა და სხვა ორგანოებს.
პალატა თვლის, რომ ეს გარემოება არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო განჩინების ასლი რეაგირებისათვის გაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალურ პროკურატურას.
თავმჯდომარე მ. ისაევი
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
მ. გოგელია