შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 27-აპ 6 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული მ. ა-ს მიმართ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 სექტემბრის განაჩენი. აღნიშნული განაჩენით მ. ა. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, ერთობლივად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 19 დეკემბრიდან.
ამავე განაჩენით მსჯავრდებულია ასევე ი. კ., რომლის მიმართ განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით მ. ა-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ანსაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩააბა არასრულწლოვანი; ასევე უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი”, კერძოდ, 2001წ. 7 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისათვის დაკავებული იქნა მ. ა-ს ქალიშვილი. რამდენიმე დღის შემდეგ მ.არქანიამ ქალიშვილის ხალათის ჯიბეში ნახა და უკანონოდ შეინახა 56 “ჩეკი” ოპიუმი.
2001წ. 17 დეკემბერს, ტელეფონით საუბრის შემდეგ, მ.ა-მ გადაწყვიტა ნარკოტიკული საშუალების გასაღება ვინმე “ვანოზე”. ვინაიდან მას ჰქონდა ფეხის ტრავმა და უჭირდა გადაადგილება, ნარკოტიკის უკანონო გასაღებაში დახმარება სთხოვა არასრულწლოვან დისშვილს – ი. კ-ს. დაჟინებული თხოვნით ი. კ. დაითანხმა და ეს უკანასკნელი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
2001წ. 17 დეკემბერს მ. ა-მ ი. კ-ს გადასცა ოთხი “ჩეკი” ოპიუმი, რაც ამ უკანასკნელმა იმავე დღეს ქ.თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, გაასაღა ვინმე “ვანოზე”, ხოლო ფული გადასცა მ.არქანიას. 2001წ. 18 დეკემბერს “ვანო” კვლავ დაუკავშირდა მ.ა-ს და სთხოვა ნარკოტიკული საშუალება. მ.ა-მ იმავე დღეს ი. კ-ს კვლავ გადასცა 4 “ჩეკი” ოპიუმი “ვანოზე” გასასაღებლად, ეს უკანასკნელი სამთო ქიმიის შენობასთან დააკავეს პოლიციის მუშაკებმა და მისგან ამოღებული იქნა ერთი გრამი ოპიუმი.
მ.არქანიას ბინის ჩხრეკისას ამ უკანასკნელმა პოლიციის მუშაკებს წარუდგინა ოთხი ქაღალდის შეკვრა, რომელშიც დაფასოებული იყო 48 პაკეტი, საერთო წონით 13,2 გრამი ოპიუმი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. ა. ითხოვს განაჩენით შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, არის მესამე ჯგუფის ინვალიდი, ჰყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი მეუღლე, ქალიშვილიც მეორე ჯგუფის ინვალიდია.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ. ა-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ე.ქ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული მ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, რასაც მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, თვით მსჯავრდებული მ. ა-ც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. ა-ს მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სათანადოდ არ იქნა მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ მ. ა. ბავშვობიდან არის მესამე ჯგუფის ინვალიდი, მისი მეუღლე ზ. შ. და შვილი თ. შ. არიან მეორე ჯგუფის ინვალიდები და ყოველთვიურად იღებენ ინვალიდობის პენსიას 14-14 ლარს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი” თვით მ. ა-ს არ შეუძენია, მან თავისი ქალიშვილის ხალათში შემთხვევით ნახა შენახული ნარკოტიკი და, მძიმე ეკონომიკური გაჭირვების გამო, გადაწყვიტა მისი გასაღება.
იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მ. ა. არის ქალი, ამასთან ინვალიდი, ოჯახში კმაყოფაზე ჰყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი ქმარი და შვილი, განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მისი წარსული არაფრით ყოფილა შებღალული, პალატა თვლის, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი და მ. ა-ს ორი წლით შეუმცირდეს განაჩენით შეფარდებული სასჯელის ზომა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განაჩენში მ. ა-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მ. ა-ს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდეს 2 წლით და მას საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი მ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.