დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.03.2003
საქმის ნომერი
2კ-22კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22-კოლ 31 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ ა. კ-ს, აგრეთვე მსჯავრდებულების _ დ. კ-ს და ჯ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 18 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც დამნაშავედ იქნენ ცნობილი:

1. ზ. კ., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით;

2. დ. კ., საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით.

3. ჯ. .ხ საქართველოს სსკ-ის 23,212-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით და მიესაჯათ: ზ. კ-ს _ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დ. კ-ს და ჯ. ხ-ს _ რვა-რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ზ. კ. სასჯელს იხდის 2001წ. 6 დეკემბრიდან, დ. კ. და ჯ. ხ. კი _ 2001წ. 7 დეკემბრიდან.

ზ. კ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. კ-ს მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას და საქმის დაბრუნებას თბილისის საოლქო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.

დ. კ-ს საჩივარი ითხოვს სასჯელის შემცირებას, ხოლო ჯ. ხ-ს საჩივარი კი _ ითხოვს მის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას უდანაშაულობის მოტივით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით 2001წ. სექტემბერში ზ. კ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ვინმე დ. ც-ს და ამ უკანასკნელისაგან გაიგო, რომ სურდა ყალბი ამერიკული დოლარების შეძენა შემდგომში გასაღების მიზნით. მათ მოილაპარაკეს, რომ ზ. კ. იშოვიდა ყალბ დოლარებს, რასაც გაასაღებდა დ. ც.. ამ დანაშაულებრივი ქმედებით მიღებულ მოგებას კი ურთიერთშორის გაინაწილებდნენ. შეთანხმების შესაბამისად, 2001წ. 4 დეკემბერს ზ. კ. გაემგზავრა ქ. ცხინვალში, სადაც გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა 100 ცალი ყალბი 100 _ დოლარიანი კუპიურა და ორი ცალი ყალბი 10 _ ლარიანი კუპიურა, რაც გასაღების მიზნით ჩამოიტანა ქ. თბილისში.

2001წ. 5 დეკემბერს ზ. კ-მ ერთი ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღა მოქალაქე გ. ჩ-ზე. იმავე დღეს იგი დაუკავშირდა თავის ნაცნობ დ. კ-ს, რომლისგანაც გასაღების მიზნით შეიძინა ერთი ცალი ყალბი 100 _ დოლარიანი კუპიურა.

2001წ. 6 დეკემბერს ზ. კ. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რა დროსაც მას აღმოაჩნდა 100 ცალი ყალბი 100 _ დოლარიანი კუპიურა, რომელთაგან ერთი დ. კ-საგან იყო შეძენილი და ორი ცალი ყალბი 10 _ ლარიანი კუპიურა.

2001წ. 23 ნოემბერს დ. კ-მ ქ. ცხინვალში ვინმე “თემურისაგან” შეიძინა 534 ცალი ყალბი ამერიკული 100 _ დოლარიანი კუპიურა, რომელშიც “თემურისათვის” უნდა გადაეხადა 12500 ნამდვილი ამერიკული დოლარი. შეძენილი ყალბი დოლარები გასაღების მიზნით ჩამოიტანა თბილისში და უკანონოდ შეინახა თავის საცხოვრებელ ბინაში.

2001წ. 5 დეკემბერს დ. კ. დაუკავშირდა თავის ნაცნობ ზ. კ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ვინმე “ნონას”. ამ უკანასკნელს უთხრა, რომ ჰქონდა ყალბი ამერიკული დოლარები და სთხოვა დახმარება მის გასაღებაში. დ. კ-მ ზინა კოჩიევას და “ნონას” ნიმუშის სახით გადასცა თითო ცალი ყალბი 100 _ დოლარიანი კუპიურა. იმავე დღეს დ. კ-ს ტელეფონით დაუკავშირდა მოქალაქე ლ. გ., რომელმაც უთხრა, რომ “ნონასაგან” იცოდა ყალბი დოლარების თაობაზე და სურდა მათი შეძენა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დ. კ. შეხვდა ლ. გ-ს, მოიყვანა თავის ბინაში და ჯ. ხ-ს ხელშეწყობით მასზე გაასაღა 10 ცალი ყალბი 100 _ დოლარიანი კუპიურა, რაშიც ლ. გ-საგან მიიღო 300 ნამდვილი ამერიკული დოლარი, რაც ამ უკანასკნელს წინასწარ ჰქონდა მიღებული პოლიციის თანამშრომლებისაგან საკონტროლო შესყიდვის შესასრულებლად.

2001წ. 6 დეკემბერს ლ. გ. კვლავ დაუკავშირდა ტელეფონით დ. კ-ს და სთხოვა მისთვის მიეყიდა 50000 ყალბი ამერიკული დოლარი. მეორე დღეს ლ. გ. მივიდა დ. კ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა ამ უკანასკნელის ნათესავი ჯ. ხ.. დ. კ-ს დავალებით ჯ. ხ-მა ეზოში არსებული სამალავიდან, სახელდობრ _ ძველი მაცივრიდან გამოიღო და ბინაში ამოიტანა 50000 ყალბი დოლარი, რომელშიც კვიჟინაძემ ლ. გ-ს მოსთხოვა 17500 ნამდვილი დოლარი. ლ. გ-მა დ. კ-ს განუცხადა, რომ ფული ჰქონდა ხეთაგუროვის ქუჩაზე მდგარ ავტომანქანაში სანდო პირთან. დ. კ-მ დანაშაულში დამხმარე ჯ. ხ-ს სთხოვა შეემოწმებინა ქუჩაში ხომ არ იმყოფებოდა საეჭვო პირი. მას შემდეგ, რაც იგი დარწმუნდა, რომ ქუჩაში საეჭვო პირი არ იყო, გაჰყვა ლ. გ-ს და თან წაიღო 500 ცალი ყალბი 100 _ დოლარიანი კუპიურა. დ. კ. და ლ. გ. ჩასხდნენ “ვაზ-2108” მარკის ა/მანქანაში, რა დროსაც დ. კ. დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მის საცხოვრებელ ბინაში ასევე დაკავებულ იქნა დანაშაულში თანამონაწილე ჯ. ხ-ც.

დ. კ-ს საკასაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების მოტივად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

არის აფხაზეთის ომის მონაწილე და მეორე ჯგუფის ინვალიდი, ხასიათდება დადებითად, ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი მეუღლე, მოხუცი მამა და ორი არასრულწლოვანი შვილი, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

ზ. კ-ს დამცველის საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაცემის მოტივად მიუთითებს იმაზე, რომ ზ. კ-ს და სხვა მსჯავრდებულთა საქმეები არასწორად არის გაერთიანებული ერთ წარმოებად. გარდა ამისა, სასამართლო კოლეგიამ საქმის განხილვის დროს დაუშვა საპროცესო ნორმების დარღვევები.

მსჯავრდებული ჯ. ხ. საჩივარში მიუთითებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, აღიარებითი ჩვენება მიცემული აქვს იძულებით და ითხოვს მის მიმართ საქმის შეწყვეტას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. კ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ადვოკატმა მ. ლ-მ დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და იშუამდგომლა დ. კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება გენერალურ პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ხოლო ჯ. ხ-ს მიმართ _ განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა მსჯავრდებულის უდანაშაულობის მოტივით. მსჯავრდებულებმა _ ზ. კ-მ, დ. კ-მ და ჯ. ხ-მა მხარი დაუჭირეს ადვოკატთა მოთხოვნებს.

პროკურორმა ა. ს-მა იშუამდგომლა მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს მიმართ სასჯელის ერთი წლით შემცირება, ხოლო სხვა მსჯავრდებულთა მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს სასჯელი უნდა შეუმცირდეს, ხოლო სხვა მსჯავრდებულთა მიმართ განაჩენი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამივე მსჯავრდებულის მიერ მათ მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენა საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის განმხილველმა სასამართლომ.

პალატა არ იზიარებს ადვოკატ ა. კ-ს საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ზ. კ-ს არავითარი კავშირი არა აქვს დანარჩენ ორ მსჯავრდებულთან და ამის გამო მათი ბრალდების საქმეები ერთ წარმოებად არ უნდა გაერთიანებულიყო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დ. კ-მ 2001წ. 5 დეკემბერს ზ. კ-ს სთხოვა, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, დახმარებოდა ყალბი ამერიკული დოლარების გასაღებაში და ამ მიზნით ნიმუშის სახით გადასცა ერთი ცალი ყალბი ასდოლარიანი. ეს ყალბი ასდოლარიანი ზ. კ-ს აღმოაჩნდა დაკავებისას. აღნიშნული გარემოება სრულიად კანონიერ საფუძველს ქმნიდა ზ. კ-ს და დ. კ-ს ბრალდების საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებისა და განხილვისათვის.

რაც შეეხება ადვოკატ ა. კ-ს საჩივრის იმ მოსაზრებებს, რომ: “გარკვეული არ არის ზ. კ-მ შეიძინა თუ არა ყალბი ფული, იცოდა თუ არა რა რაოდენობისა იყო თანხობრივად და არც ვინმეზე გაუსაღებია ან ცდილა მის გასაღებას”, საქმის მასალებით მთლიანად უარყოფილია. აღნიშნულ საკითხებზე შეკრებილ მტკიცებულებებს სასამართლომ მისცა სწორი შეფასება და დაადგინა კანონიერი განაჩენი. პალატა მიიჩნევს, რომ ზ. კ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არა მარტო კანონიერია, არამედ სამართლიანიცაა და, ამდენად, დანიშნული სასჯელის, რომელიც სანქციის მინიმუმს წარმოადგენს, კიდევ მეტად შემცირებისათვის პალატას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

პალატა თვლის, რომ ასევე უდავოდ დადგენილია შერაცხულ დანაშაულში დ. კ-ს ბრალეულობა, რასაც მსჯავრდებულიც არ ხდის სადავოდ. რაც შეეხება ადვოკატ მ. ლ-ს მოსაზრებას დ. კ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების ძირითად მოთხოვნათა დაცვით. ადვოკატის მიერ მითითებული ზოგიერთი დარღვევა კი არაარსებითია და განაჩენის უკანონობაზე არ მიუთითებს.

პალატა არ იზიარებს არც მსჯავრდებულ დ. კ-ს თხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე. სასჯელის განსაზღვრის დროს გათვალისწინებულია როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება. აღნიშნულთა გათვალისწინებით, სასამართლომ დ. კვიჟინაძეს დაუნიშნა სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რაც სავსებით სამართლიანად უნდა ჩაითვალოს.

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ჯ. ხ-ს და ადვოკატ მ. ლ-ს პოზიციას ჯ. ხ-ს უდანაშაულობის თაობაზე. საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჯ. ხ. დახმარებას უწევდა დ. კ-ს ყალბი დოლარების გასაღებაში. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ჯ. ხ-ს ბრალეულობას ადასტურებენ და კანონზომიერად დაადგინა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ, ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის ხარისხის და ასაკის გათვალისწინებით, გარკვეული დიფერენციაცია უნდა იყოს დ. კ-სა და ჯ. ხ-ს სასჯელებში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 565-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 18 დეკემბრის განაჩენი დ. კვიჟინაძის და ზ. კოჩიევას მიმართ დარჩეს უცვლელად.

იგივე განაჩენი ჯ. ხ-ს მიმართ შეიცვალოს სასჯელის ნაწილში, დანიშნული სასჯელი _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი წლით და სასჯელის ღონისძიებად დარჩეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ყველა სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.