დატოვებულია განუხილველად

სისხლის სამართლის 08.05.2003
საქმის ნომერი
2კ-79დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 79-დად 8 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ვ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ქ. ღ-ს, ხ. ს-ს და ქ. ბექაურის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ბ-ს საჩივრის მოთხოვნა, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 იანვრის დადგენილება და მასალები განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 10 იანვარს გ. ბ-მა საჩივარი შეიტანა საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ადვოკატ ვ. ქ-ს მიმართ და ითხოვა სასამართლოს მიერ კერძო ბრალდების წესით საქმის აღძვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლით.

სასამართლომ 2003წ. 15 იანვრის დადგენილებით განუხილევლად დატოვა გ. ბ-ს საჩივარი იმ საფუძვლით, რომ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ პროკურორებს. აღნიშნულის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ს მიერ საჩივარი შეტანილ იქნა არასწორი უწყებრივი განსჯადობით.

სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის განჩინებით გაუქმდა სასამართლოს დადგენილება და მასალები გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატები: ქ. ღ., ხ. სა. და ქ. ბ. ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, ხოლო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კერძო ბრალდების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს. კერძო ბრალდების საქმეთა წარმოების წესი განსაზღვრულია საქართველოს სსსკ-ის ორმოცდამეთოთხმეტე თავით. ასეთ საქმეთა განხილვის თავისებურებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საერთოდ არ იყო გადაწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ითვლება საბოლოო გადაწყვეტილებად და მის საკასაციო წესით გასაჩივრებას საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს.

ამდენად, წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საკასაციო გასაჩივრების საგანს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა თითქოს სააპელაციო პალატის განჩინება ექვემდებარებოდა საკასაციო გასაჩივრებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 628-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატების: ქ. ღ-ს, ხ. ს-ს, ქ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.