კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 231 10 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი, მ. გოგელია
განიხილა პროკურორ თ. შ-სა და დაზარალებულების _ მ. მ-ს, ნ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 21 იანვრის განაჩენი პ. კ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 21 იანვრის განაჩენით პ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მეორე, მეშვიდე ნაწილებით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით თ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით _ 5 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
განაჩენით შპს “ავტოპარკს” დაეკისრა დაზარალებულების: ი. თ-ს, ნ. ხ-ს, მ. ნ-ს, ე. ჟ-ს, ლ. გ-ს, კ. ბ-ს, ვ. მ-ს, ა. ა-ს, ნ. ბ-ს, ლ. ლ-ს, მ. მ-ს, მ. მ-ს, ნ. ბ-ს, რ. ჟ-ს, ლ. ტ-ს, მ. ლ-ს სასარგებლოდ _ 5-5 ათასი ლარის გადახდა.
პ. კ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, აგრეთვე შვიდი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თ. ჯ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილის საექსპლოატაციოდ გაშვება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება და ორზე მეტი _ შვიდი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
მსჯავრდებული პ. კ. მუშაობდა მძღოლად შპს “ავტოპარკ-5-ში”. მასზე გაპიროვნებული იყო სამგზავრო ავტობუსი ,,ლაზ _ 695”. 2001 წ. ივნისის შუა რიცხვებში კ-მ ავტობუსის იატაკის ქვეშ, სათანადო ნებართვის გარეშე, ექსპლოატაციის წესების დარღვევით დაამაგრა 6 ბუნებრივი აირის ბალონი, რაც დაუშვებელი იყო.
2001 წ. 10 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, კ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსი იატაკის ქვეშ დამაგრებული ბალონებით მოძრაობდა ¹40 მარშრუტზე. ა. წერეთლის გამზირზე, ¹19 სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის იატაკის ქვეშ, მარცხენა მხარეს დამონტაჟებული 3 ბალონის შემაერთებელი ალუმინის შენადნობისაგან დამზადებული მილის დაზიანების გამო ავტობუსის სალონში მოხდა ბუნებრივი აირის (გაზის) გაჟონვა, რამაც გამოიწვია ხანძარი. ხანძრის შედეგად ავტობუსში მყოფმა შვიდმა მგზავრმა: ვ. ბ-მა, ო. კ-მ, რ. ბ-მა, შ. მ-მ, შ. ბ-მა, ფ. ჟ-მა, ც. თ-მ მიიღეს სასიკვდილო მძიმე დამწვრობა და გარდაიცვალნენ, ხუთმა მგზავრმა: ნ. ხ-მა, ე. ჟ-მა, ვ. ნ-მა, მ. მ-მ და ნ. ბ-მ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ოთხმა მგზავრმა: ვ. მ-მ, მ. ლ-მ, ლ. გ-მა და თ. გ-მ კი _ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თ. ჯ. 2000 წ. 10 იანვარს დაინიშნა შპს “ავტოპარკ _ ¹5-ის” დისპეტჩერ-მექანიკოსად და ავტოტრანსპორტზე შრომის დაცვის წესის 27.1 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, არ გაეშვა ხაზზე ავტობუსი, რომლის ტექნიკური მდგომარეობა და მოწყობილობა არ შეესაბამებოდა აღნიშნული წესის მოთხოვნებს და არ იყო გატარებული პერიოდულ დათვალიერებაზე მითითებული წესის 25.2 პუნქტის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ პ. კ-ზე გაპიროვნებული ავტობუსი არ აკმაყოფილებდა აღნიშნულ მოთხოვნებს, 2001 წ. 10 ივლისს მსჯავრდებულ კ-ს გამოუწერა ¹077728 სატრანსპორტო საგზაო ბარათი ¹40 სავალ გეზზე, დაუსვა ბეჭედი ავტობუსის ტექნიკური გამართულობის შესახებ და 17 საათზე გაუშვა ხაზზე. ა. წერეთლის გამზირზე ავტობუსის იატაკის ქვეშ თვითნებურად დამონტაჟებული გაზის ბალონის დაზიანებული მილიდან ბუნებრივი არის გაჟონვამ ავტობუსში გამოიწვია ხანძარი, რის შედეგადაც შვიდმა მგზავრმა მიიღო სასიკვდილო დაზიანება და გარდაიცვალნენ: ვ. ბ., ვ. ჟ., ც. თ., ო. კ., რ. ბ., შ. მ., შ. ბ.. ხუთმა მგზავრმა: ნ. ხ-მა, ე. ჟ-მა, ვ. ნ-მა, მ. მ-მ და ნ. ბ-მ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ოთხმა მგზავრმა: ვ. მ-მ, მ. ლ-მ, ლ. გ-მა და თ. გ-მ _ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 17 თებერვლის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა შემდეგნაირად:
პ. კოპაძეს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე, მეშვიდე ნაწილებით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვია უფლება.
შპს “¹5 _ ავტოპარკს” დაზარალებულების სასარგებლოდ დაეკისრა:
ნ. ბ-ს სასარგებლოდ _ 11 ათასი ლარი, ლ. ლ-ს სასარგებლოდ _ 12 ათასი ლარი, რ. ჟ-ს, კ. ა-ს, კ. ბ-ს, ლ. ტ-ს, ი. თ-ს სასარგებლოდ _ 10-10 ათასი ლარი, მ. ნ-ს, ნ. ბ-ს, ე. ჟ-ს სასარგებლოდ _ 9-9 ათასი ლარი, მ. მ-ს, ნ. ხ-ს სასარგებლოდ _ 7-7 ათასი ლარი, მ. ლ-ს, ვ. მ-ს, ლ. გ-ს სასარგებლოდ _ 6-6 ათასი ლარი.
განაჩენი თ. ჯორბენაძის მიმართ არ საჩივრდება.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თ. შ. ითხოვს სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ განხილვას. საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ შეუმცირა მსჯავრდებულ პ. კ-ს სასჯელი, რომლის დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია მრავალი ადამიანის სიკვდილი.
საკასაციო საჩივრებით დაზარალებულები: დედა-შვილი _ მ. მ. და ნ. ბ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს “¹5 _ ავტოპარკს” და ქალაქის მერიას შესაბამისად დააკისროს: მატერიალური და მორალური ზიანისათვის _ 24-24 ათასი ამერიკული დოლარი. საჩივარში ისინი მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხები საკმარისი არ არის მკურნალობის გასაგრძელებლად, ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად და გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ბ-მ მოითხოვა მისი და დედის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
დაზარალებულებმა: ჟ-მა, ნ-მა, ლ-მ, დაზარალებულის კანონიერმა წარმომადგენელმა თ. ლ-მ მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება. ამასთან ერთად აღნიშნეს, რომ განაჩენის გაუქმება და საქმის ხელმეორედ განხილვა გამოიწვევს მათ სასარგებლოდ დაკისრებული თანხების ანაზღაურების გაჭიანურებას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ი-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 17 თებერვლის განაჩენი პ. კ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
პალატა ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოტივებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ პ. კ-ს განუსაზღვრა მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო სასჯელი; ამასთან, მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, რომ მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა შვიდი ადამიანის სიკვდილი, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება კი მიიღო ცხრა პირმა.
საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები და თუ სასამართლო დაასკვნის, რომ პ. კ-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დადასტურებულია, მას უნდა განესაზღვროს სასჯელი იმ ზომით, რაც არ იქნება მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო.
საქმის ხელმეორედ განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაზარალებულების _ ნ. ბ-სა და მ. მ-ს საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებებზე მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხების გაზრდის შესახებ და ამ მიმართებითაც მიიღოს კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლით, 561-ე პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 17 თებერვლის განაჩენი პ. კ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.