საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.12.2002
საქმის ნომერი
2კ-198აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 198-აპ 24 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის ჯ.ს-ს, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის განაჩენი ა. ყ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის განაჩენით ა. ყ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19, 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განაჩენით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ა. ყ-ს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სსკ-ის მე-19, 108-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ყ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2001წ. 29 ნოემბერს ურთიერთშელაპარაკებისას, ჩხუბის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გულმკერდში დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა შვილს – გ. ყიფიანს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ჯ. ს. ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ა. ყ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის მეტისმეტი სიმსუბუქის გამო.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ლ. ითხოვს განაჩენის შეცვლას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლით. საჩივარში მითითებულია, რომ მსჯავრდებულმა შვილს გ. ყ-ს სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. მ-მ პროკურორის საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია, თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განაჩენი ა. ყ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებულმა ა. ყ-მა ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. საქმეში ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის. საქმის ერთობლივი მასალებით, თვით მსჯავრდებულის, დაზარალებულ გ.ყ-ს, მოწმეების ე. ყ-ს, ლ. ყ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს მამა-შვილს მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი, რა დროსაც ა. ყ-მა გ. ყ-ს მოკვლის მიზნით დანით გულმკერდში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა. ყ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივარს განაჩენის გაუქმების შესახებ ა. ყ-ს მიმართ, მეტისმეტად მსუბუქი სასჯელის დანიშვნის გამო.

სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა საქმის კონკრეტული გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ა.ყ. პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულ გ. ყ-ს თხოვნა – მამისათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ა. ყ-ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მსუბუქი და აშკარად უსამართლო.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის განაჩენი ა. ყ-ს მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაცო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განაჩენი ა. ყ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.