საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 67-კოლ 17 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა რეაბილიტირებული პირის _ გ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 23 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი რეაბილიტაციისა და სამართალდამცავი ორგანოების უკანონო მოქმედების შედეგად ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.
კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 3000 ლარი მეტად უმნიშვნელო თანხაა.
აღწერილობითი ნაწილი:
პროკურატურამ გ. ზ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის მიღებისა და სხვა ბრალდებებით და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წ. 18 ოქტომბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა) ჩადენაში და მიესაჯა ერთი წლითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ანუ სასჯელის ის ვადა, რაც მას უკვე გატარებული ჰქონდა პატიმრობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002 წ. 11 იანვრის განჩინებით გ. ზ-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო) და მას განემარტა რეაბილიტაციის უფლება.
2002 წ. 3 ივლისს გ. ზ-მ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვა რეაბილიტაცია, ასევე _ ფიზიკური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 100 ათასი ამერიკული დოლარის დაკისრება.
სასამართლო კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ. ზ-ს მოთხოვნა, ცნო იგი რეაბილიტირებულად, დაადგინა რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნება და ფინანსთა სამინისტროს დააკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მისთვის 3000 ლარის გადახდა.
პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა და პროკურორმა მხარი არ დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ სასამართლო კოლეგიის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიის განჩინება გ. ზ-ს რეაბილიტაციის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია. პალატას ასევე მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ზომიერად განსაზღვრა რეაბილიტირებული პირისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, რომელიც პატიმრობაში გატარებულ თითოეულ თვეზე გადაანგარიშებით მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყანაში არსებულ საარსებო მინიმუმს და უტოლდება საშუალო მაღალანაზღაურებად ხელფასს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სათანადო საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 23 აპრილის განჩინება გ. ზ-ს რეაბილიტაციისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.