განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 10.07.2003
საქმის ნომერი
2კ-145აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 145-აპ 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ძ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განაჩენი ბ. კ-ს მიმართ დატოვებულ იქნა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განაჩენით ბ. კ.ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 4 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 4 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 აპრილის განაჩენით დატოვებულ იქნა უცვლელად.

ბ. კ-ს მსჯავრი დაედო შემდეგში:

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 ოქტომბრის განაჩენით ბ. კ-ს სსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) მიესაჯა 4 წლით Yთავისუფლების აღკვეთა. 2002წ. 20 მარტს, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს დადგენილებით, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბ. კ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა 1 წლითა და 17 დღით ადრე.

2002წ. 25 აგვისტოს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, მთვრალმა ბ. კ-მ თბილისში, დინამოს სტადიონის წინ მდებარე ბაზრობაზე, ე. გ-ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ამოაცალა 5 ლარად ღირებული შავი ფერის საფულე, რომელშიც იდო ფული _ 3 ლარისა და 25 თეთრის ოდენობით და 50 თეთრად ღირებული ცხვირსახოცი, რითაც ე. გ-ს მიაყენა 8 ლარისა და 75 თეთრის ზიანი. ბ. კ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

საკასაციო საჩივარში ადვოკატი შ. ძ. ითხოვს რა მსჯავრდებულ ბ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:

ბ. კ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დანაშაული მან ჩაიდინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი მამა, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თვითონაა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს ბ. კ-ს მიმართ სასჯელის ისეთი ღონიძიების შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ბ. კ. და მისი ადვოკატი შ. ძ. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივრის მოთხოვას.

პროკურორი ბ. გ. შუამდგომლობს ბ. კ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ განაჩენი ბ. კ-ს მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით მსჯავრდებულ ბ. კ-ს ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში დადასტურებულია და მას არც საკასაციო საჩივარი ხდის სადავოდ.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბ. კ. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს მოხუცი მამა, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თვითონაა, პალატა ითვალისწინებს აგრეთვე საქმის კონკრეტულ გარემოებებსაც, კერძოდ: ბ. კ-ს მიერ მოპარული საფულის ღირებულებას და მასში არსებული თანხის ოდეობას (8 ლარი და 75 თეთრი), რომელიც იქვე დაუბრუნდა დაზარალებულს და მიზანშეწონილად თვლის, მის მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის შემცირებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მაისის განაჩენში ბ. კ-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 8 თვემდე, აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.