საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.07.2003
საქმის ნომერი
2კ-154აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 154-აპ 1 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ტ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 18 მარტის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა მის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის განაჩენი.

გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით ტ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იმავე განაჩენით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივლისის განაჩენით ტ. გ-ს მიმართ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრის გამოყენება და ახალი განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს მსჯავრდებულ ტ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაკვალიფიცირებას და მსუბუქი სასჯელის შეფარდებას.

დაზარალებული მხარის შესაგებელი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით ტ. გულიშვილის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის 3 ივნისს თანასოფლელები: ტ. გ., მ. ქ., მ. ვ., ბ. ს. და მ. გ. ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით გორის რაიონის სოფ. ქიწნისიდან გაემგზავრნენ რელიგიურ დღესასწაულზე სოფ. მეჯვრისხევში, სადაც იქეიფეს, მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და დათვრნენ. სოფ. ქიწნისში გამობრუნებისას, გზად, ტ. და მ. გ-ებს სიმთვრალისაგან ერთმანეთში მოუვიდათ შეკამათება, რა დროსაც მ. გ-მა მანქანის საბარგულიდან ამოიღო რკინის ნაჭერი, ე.წ. “მონტიროვკა” და შეეცადა, დაერტყა ტ. გ-სათვის, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ხელიდან გაუვარდა. დავარდნილი “მონტიროვკა” აიღო მ. ქ-მ და რამდენჯერმე დაარტყა ტ. გ-ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე. მ. გ-მა ტ. გ. ჩასვა ავტომანქანაში და წავიდნენ სოფ. ქიწნისისაკენ. გზაში ტ-მ მ-ს სთხოვა საავადმყოფოში მიყვანა, მაგრამ მ-მ ეს თხოვნა არ შეუსრულა და მიიყვანა სახლში, სადაც უცენზურო სიტყვებით მიმართა, გადასულიყო მანქანიდან. ტ. გ-მა კვლავ სთხოვა, წაეყვანა საავადმყოფოში და გააფრთხილა – წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მას რაიმე დაემართებოდა, ყველაფერი მ-ს დაბრალდებოდა. ამის გამო მ. გ. გაბრაზდა, ტ. გ-ს დაუწყო კამათი და ცდილობდა მის ცემას, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ იქ მყოფი მ. ვ. და მ. ბ.. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა ფიზიკურად შეხებოდა ტ-ს, ამასთან, მას მიმართავდა უცენზურო სიტყვებით.

ყოველივე ამის გამო ტ. გ. გაბრაზდა და შურისძიების მოტივით განიზრახა მ. გ-ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ეზოდან გამოვიდა გაშლილი დანით. მიიჭრა ქუჩაში მდგარ მ. გ-თან და გულის არეში დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიენება, რამაც რამდენიმე წუთში გამოიწვია მ. გ-ს სიკვდილი. ტ. გ. დარწმუნდა რა, რომ განზრახვა მოიყვანა სისრულეში, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, თუმცა რამდენიმე საათში ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში.

მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ მას განზრახი დანაშაული არ ჩაუდენია და მ. გ-ს სიცოცხლის მოსპობა მხოლოდ გაუფრთხილებელი მოქმედებით მოხდა.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. წ-მა, მსჯავრდებულთან შეთანხმებით, შეცვალა საკასაციო საჩივრის შინაარსი და იშუამდგომლა ტ. გ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ ის მ. გ-ის სიცოცხლის მოსპობის დროს მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

პროკურორმა ა. ს-მა ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო მოთხოვნის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი ტ. გ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მ. გ-ს სიკვდილი გამოიწვია ტ. გ-ს მიერ სასიცოცხლო ორგანოში დანის დარტყმამ. ამ ფაქტს კასატორები არ უარყოფენ.

დადგენილია ისიც, რომ გამოძიება და საქმის სასამართლო განხილვა ჩატარდა სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო ნორმების დაცვით. გამოძიებისას და სასამართლო განხილვის დროს მსჯავრდებულის უფლებები არ დარღვეულა.

სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ. გ-ს მკვლელობის დროს ტ. გ. არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

მრავალრიცხოვან მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მთვრალი მ. და ტ. გ-ები ურთიერთშორის ჩხუბობდნენ, რომლის დროსაც, მართალია, მ. გ. გინებით მიმართავდა, მაგრამ მას ფიზიკური დაზიანება ტ. გ-სათვის არ მიუყენებია. პირიქით, მ. გ. ფეხის მოქნევით თავს იცავდა, როცა ტ. გ-მა თავისი ეზოდან დანა გამოიტანა და მ-სათვის დარტყმას ცდილობდა. დადგენილია ისიც, რომ ტ. გ-მა ყოველგვარი შემთხვევითობის გარეშე, გულმკერდის არეში ქვემოდან ზემოთ ამოარტყა დანა მ. გ-ს, რამაც გამოიწვია სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანება და ამ უკანასკნელის უმალვე სიკვდილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სასამართლო ორგანოებმა, როგორც ქმედების იურიდიული კვალიფიკაციის განსაზღვრის, ასევე სასჯელის ღონისძიების დადგენის დროს.

ამრიგად, კასატორის მოთხოვნა, რომ მსჯავრდებული ტ. გ. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოქმედებდა და ამიტომ მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგო არ იყო, საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება ისიც, რომ ტ. გ-მა გაუფრთხილებლობით ჩაიდინა მ. გ-ს სიცოცხლის მოსპობა.

პალატა თვლის, რომ სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ სრულყოფილად გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი და დაადგინა სამართლიანი განაჩენი, რომლის შემსუბუქების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ტ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2003 წლის 18 მარტის განაჩენი ტ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.