საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.07.2003
საქმის ნომერი
2კ-133დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 133-დად 22 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე

განიხილა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის, გ. ქ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ თ. გ-ს 2002წ. 11 ნოემბრის დადგენილება ქ. კ-სა და მ. უ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს მოქალაქეს, უნგრეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ა. წ-ს ქუთაისში პირად საკუთრებაში აქვს უნივერსალური მაღაზიის შენობა, სადაც შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, ნდობით აღჭურვილი პირის _ ქ. კ-ს მეშვეობით, ხსენებული მაღაზიის ფართის ინდივიდუალურ მეწარმეებზე გაქირავებით იღებს გარკვეულ შემოსავალს, თავის მხრივ, ქ. კ. ბუღალტერ მ. უ-ს მეშვეობით ახორციელებდა საბუღალტრო საქმიანობას.

2002წ. 11 მარტს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის რეგიონალურ განყოფილებაში ქ. კ-სა და მ. უ-ს მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ს 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორების: მ. ნ-სა და მ. ბ-ს მიერ 2002წ. 31 იანვარსა და 22 თებერვალს შედგენილი აქტები. აღნიშნული აქტებით არარეზიდენტ ფიზიკურ პირს “აკაკი წერეთელს” სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 73,616 ლარი, აქედან ძირითადი გადასახადი _ 32,676 ლარი, სანქცია 29,761 ლარი და საურავი 11,179 ლარი.

ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორების: მ. ნ-სა და მ. ბ-ს მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე “აკაკი წერეთელზე” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა არასწორად იქნა დარიცხული და საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დამატებით დაერიცხა 2997,1 ლარი, რაც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქ. კ-სა და მ. უ-ს მიმართ არ შეიძლება დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადასახადებისაგან თავის არიდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული დარიცხული თანხიდან ძირითადი თანხაა 1975,1 ლარი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დგება მაშინ, როდესაც ძირითადი გადასახდელი თანხა აღემატება ორი ათას ლარს, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ქ. კ-სა და მ. უ-ს მიმართ სს პასუხისმგებლობის საკითხი მაინც არ დადგებოდა, ვინაიდან გამოძიებით დადგინდა, რომ მათ არ ჰქონდათ გადასახადებისაგან თავის არიდების განზრახვა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული 2000წ. 25 ივლისისა და 2001წ. 15 მარტის განცხადებებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ ო. გაბუნიას მიერ 2002წ. 11 ნოემბერს გამოტანილ იქნა დადგენილება ქ. კ-სა და მ. უ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის, გ. ქ-ს, საჩივარი ზემოხსენებული დადგენილების გაუქმებისა და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივრით გ. ქ. ითხოვს წინასწარი გამოძიების და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებების გაუქმებას.

საჩივარში მითითებულია, რომ გამოძიების და სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმის გარემოებათა სრული გამოკვლევა, სასამართლოს არ უმსჯელია, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირი “აკაკი წერეთელი” წარმოადგენს მუდმივ დაწესებულებას და მისი შემოსავლები უნდა დაბეგრილიყო საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო პალატის სხდომაზე გ. ქ-ს კანონიერმა წარმომადგენელმა ბ. ბ-მ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაინტერესებული პირები: ქ. კ., მ. უ., მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი ე. ტ. ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა დ. ფ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს, თითქოს წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. როგორც საქმიდან ირკვევა, წინასწარი გამოძიების დროს დაკითხულ იქნენ მ. ნ., მ. ბ., ქ. კ., მ. უ.. მოხდა მათ შორის დაპირისპირებები. ჩატარებულ იქნა სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზები, ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დაიკითხნენ ექსპერტები. მოპოვებულ მტკიცებულებათა ანალიზით და შეფასებით წინასწარი გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. კ-სა და მ. უ-ს ქმედებები არ იყო მართლსაწინააღმდეგო, რაც საფუძვლად დაედო მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

პალატა თვლის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით განიხილა რა გ. ქ-ს საჩივარი, კანონიერად მიიჩნია იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ თ. გ-ს 2002წ. 11 ნოემბრის დადგენილება ქ. კ-სა და მ. უ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

სასამართლოს დადგენილება ამ მიმართებით დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმება და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ თ. გ-ს 2002წ. 11 ნოემბრის დადგენილება ქ. კ-სა და მ. უ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.