განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 149-დად 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ თ. ღ-ს ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ კ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქარელის რაიონული სასამართლოს 2003 წლსი 25 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ამავე რაიონული პროკურორის მოადგილის 2002წ. 13 სექტემბრის დადგენილება ა. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 ივნისს ქარელის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. პ-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ჯ. კ..
წინსწარი გამოძიებით დადგენილია შემდეგი:
2002წ. 20 ივნისს, დაახლოებით 20 საათზე, ქარელის რაიონის სოფ. აბისსა და ბერზენაულის შემაკავშირებელ გზაზე, სოფ. ფცის ძველ გადასახვევთან ჯ. კ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანქონებული “ბაბოჩკა" დანა რამდენჯერმე დაარტყა გ. პ-ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ეს უკანასკნელი მიღებული დაზიანებებისაგან საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ჯ. კ-ს აღნიშნული “ბაბოჩკა” დანა წაღებული ჰქონდა პაპის _ ა. ბ-ს ოჯახიდან.
ისინი გააშველეს ჩხუბის შემსწრე ა. ბ-მა, ჯ. ბ-მა და პ. ჯ-მ.
ა. ბ-ს გაშველებისას თან ჰქონდა დანა, მაგრამ მას იგი არ გამოუყენებია.
კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკური ექსპერტიზის დასკვნით მიჩნეულია, რომ პოლიტოვის მაისურსა და მის სხეულზე არსებული ჭრილოებები უნდა იყოს მიყენებული წარმოდგენილი ე.წ. “ბაბოჩკა” დანის მოქმედებით. მეორე დანის მოქმედება გამორიცხულია.
იმის გათვალისწინებით, რომ ა. ბ-ს მონაწილეობა გ. პ-ს მკვლელობაში არ დადასტურდა გამოძიების მიერ, 2002წ. 13 სექტემბერს მიღებულ იქნა დადგენილება მის მიმართ სისხლის სამართლის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ დადგენილებას არ დაეთანხმა დაზარალებული მხარე და დაზარალებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ხ-მა საჩივრით მიმართა ქარელის რაიონულ სასამართლოს. საჩივარი სასამართლომ განიხილა 2003წ. 25 ივნისს, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, ხოლო პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილება მიიჩნია კანონირად და დატოვა უცვლელად.
მიღებული უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩვრით ადვოკატი კ. ხ. ითხოვს როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილებების გაუქმებას და ამის შიდა ქართლის საოლქო პროკურატურისათვის გადაცემას ა. ბ-ს აღძვრისათვის. მიუთითებს, რომ მკვლელი არის არა გ. კ., არამედ ა. ბ., რომელმაც დანა დაარტყა გ. პ-ს და ცდოლობდა ყელის გამოჭრას, რასაც ადასტურებს მოწმე უ. ღონღაძე.
წარმოდგენილია ქარელის რაიონული პროკურორის თანაშემწე ა. ს-ს შესაგებელი, რომლითაც ის ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე ადოკატმა კ. ხ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ ა. ბ-ს მიმართ მიღებული დადგენილება უკანონოა და დაუსაბუთებელი, ამასთან საქმეში მოიპოვება საკმაო მასალები გ. პ-ს მკვლელობაში მისი მონაწილეობის შესახებ. ადვოკატმა იშუამდგომლა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ღ..
პროკურორმა კ. ნ-მ აღნიშნა, რომ ჩატარებული წინასწარი გამოძიებით ვერ დადგინდა ა. ბ-ს მონაწილეობა გ. პ-ს მკვლელობაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება. პროკურორმა კ. ნ-მ იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ა. ბ-ს მიმართ, როგორც სასამართლოს, ასევე გამოძიების ორგანოს მიერ მიღებული დადგენილებები უნდა გაუქმდეს და მასალები ამ ნაწილში გადაეცეს ქარელის რაიონულ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა აღნიშნავს, რომ ა. ბ-ს მიმართ გამოძიების მიერ მიღებული დადგენილება ძალზე ზერელეა და ზოგადი მაშინ, როდესაც დაზარალებულის მხარე აყენებდა ა. ბ-ს შესაძლო მონაწილეობას გ. პ-ს მკვლელობაში. წინასწარმა გამოძიებამ ამ ვერსიის სრულყოფილად შესამოწმებლად არ მიიღო ზომები და დაკმაყოფილდა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ფიზიკო-ტექნიკური ესპერტიზის დასკვნით.
პალატა აღნიშნავს, რომ მთელი სისრულით არ გამოკვლეულა მოწმე უ. ღ-ს ჩვენება. არ გარკვეულა, თუ რატომ ასახელებდა მკველელობის ერთ-ერთ მონაწილედ ა. ბ-ს. უფრო მეტიც, არ არის გარკვეული, თუ ნათესაური კავშირი ჰქონდა მას დაზარალებულ თ. ღ-ს ოჯახთან.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მთელი სისრულით არაა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ა. ბ-ს მიმართებაში გამოძიება დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთგვაროვანი არაფრის მთქმელი დადგენილების გამოტანით, მაშინ, როდესაც აუცილებელი იყო ა. ბ-ს მიმართებაში საქმის მთელი მასალების გაანალიზება და შეფასება.
პალატა თვლის, რომ პროკურორის მიერ მთელი სისრულით უნდა შემოწმდეს დაზარაებულის ვერსია ა. ბ-ს მიერ გ. პ-ს მკვლელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანლა რა საქართველოს სსკ-ს 242-ე, 243-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელ, ადვოკატ კ. ხ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის და ამავე რაიონული პროკურატურის 2002წ. 13 სექტემბრის დადგენილებები ა. ბ-ს მიმართ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს ქარელის რაიონის პროკურორს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.