კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 136-დად 9 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,დ. სულაქველიძე
განიხილა წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურატურის კერძო საკასაციო საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული თ. ნ. განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 17 თებერვლის განაჩენით თ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 78I-ე მუხლის III ნაწილით, 238-ე მუხლის I ნაწილით, 152-ე მუხლის II ნაწილის I და V ქვეპუნქტებით, 133-ე მუხლის I, II ნაწილებით, 17-203-ე მუხლით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 1995წ. 26 დეკემბრის განაჩენით მისთვის შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის ¹571 განკარგულებით თ ნ-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა ერთი წლით. სასჯელის დასაწყისია 1997წ. 25 სექტემბერი, სასჯელის მოხდის დასასრული _ 2004წ. 25 სექტემბერი. სასჯელის 3/4 მოიხადა 2002წ. 21 ივნისისათვის.
2003წ. 23 მაისს ხონის ¹9 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს თ. ნ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
ხონის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 2 ივნისის დადგენილებით დააკმაყოფილა წარდგინება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული თ. ნ. ხასიათდება დადებითად. მართალია, მსჯავრდებულს 1999წ. 21 ივნისს გამოეცხადა საყვედური, მაგრამ იგი გაქარწყლებული აქვს. შემდგომ პერიოდში რეჟიმის დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა. 2002წ. 29 დეკემბერს და 5 იანვარს გამოცხადებული აქვს მადლობები, გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულს და ადგას გამოსწორების გზას.
წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონთა დაცვაზე ზედამხედველობის ქუთაისის პროკურატურა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებასა და თ. ნ-ს მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულებას იმ მოტივით, რომ თ. ნ-ს ჩადენილი აქვს ყაჩაღობა და სხვა განზრახი მძიმე დანაშაული, რისთვისაც სასჯელს იხდიდა ხონის ¹9 დაწესებულებაში, სადაც 1997წ. 25 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო დაწესებულების ზოგიერთი მსჯავრდებულის მიერ მოწყობილ დაუმორჩილებლობასა და დეზორგანიზაციაში, რა დროსაც მძევლად აიყვანა დაწესებულების თანამშრომლები, რისთვისაც მეორედ გაასამართლეს და გაუზარდეს სასჯელი. საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივარში უთითებს, რომ თ. ნ. ნასამართლევია ორჯერ. მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმეა. სასჯელის მოხდის პერიოდში თ. ნ. სარეჟიმო მოთხოვნათა უხეში დარღვევისთვის დასჯილია დისციპლინური წესით, თუმცა წახალისებულია ორჯერ, მაგრამ მათ შორის ერთხელ _ ოცდამეერთე საუკუნის დადგომასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებიდან გამომდინარე, თ. ნ-ს გათავისუფლება ნაადრევია, ვინაიდან იგი ბოლომდე არ არის გამოსწორებული.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა ხონის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, თ. ნ-ს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის სამი მეოთხედი. მართალია, მას 1999წ. 21 ივნისს სარეჟიმო მოთხოვნის დარღვევისათვის გამოცხადებული აქვს საყვედური, მაგრამ იგი უკვე გაქარწყლებულია. საყვედურის მიღების შემდეგ სასჯელის მოხდის პერიოდში, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე დისციპლინური ღონისძიება სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის. კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია სამჯერ, კერძოდ: ორჯერ გამოეცხადა მადლობა, მესამედ კი დაწესებულების ადმინისტრაციამ იგი წარადგინა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია მას ახასიათებს დადებითად. დაწესებულების ადმინისტრაციის დახასიათების თანახმად, თ. ნ. არ არის აგრესიული, იგი გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნებაა, შეგნებული აქვს მასზე დაკისრებული მოვალეობანი, რასაც კეთილსინდისიერად ასრულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და გააკეთა სწორი დასკვანა იმის თაობაზე, რომ თ. ნ-ს გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა,, ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული თ. ნ. განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე, დარჩეს უცვლელად.