საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.10.2003
საქმის ნომერი
2კ-112კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 112-კოლ 21 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 მაისის განაჩენზე, რომლითაც დ. ქ. გამართლებულ იქნა საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის “ლ” პუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში. სსკ-ს 120-ე მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე ზ. ა-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე შეწყდა ბრალდებულისა და დაზარალებულის შერიგების გამო. დ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის “გ” პუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით. ერთობლივად შეეფარდა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 8 ივნისიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი:

დ. ქ. იყო რა ნასვამი, 2000წ. 14 თებერვალს, დაახლოებით 18 საათზე, ქ. ჯვარში, ..., გეოლოგების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევით შეხვდა ნაცნობ _ გ. ა-ს, რომელსაც შეეკამათა იმის გამო, რომ მის ძმას ვ. ა-ს, ეჭვი ჰქონდა, რომ მან ბატები მოიპარა. ამ მიზეზით კამათის დროს დ. ქ-მ თანნაქონი დანა ოთხჯერ დაარტყა გ. ა-ს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ამ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დ. ქ. ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ს 19,108-ე მუხლით. მოსამართლის 2002წ. 21 მარტის ბრძანებით დ. ქ-ს საპროცესო აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. შემდგომში დ. ქ-ს ქმედება ამ ნაწილში წინასწარმა გამოძიებამ გადააკვალიფიცირა სსკ-ს 120-ე მუხლზე.

2002წ. 14 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, წალენჯიხის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ქ. ჯვარის ქვეგანყოფილების უბნის ინსპექტორი მ. კ. პოლიციის ფორმით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მისთვის ცნობილი იყო, რომ დ. ქ. იძებნებოდა მკვლელობის მცდელობისათვის. წალენჯიხის რაიონის სოფ.ჩქვალერის ლეშამაგეს უბანში შემთხვევით შეხვდა დ. ქ-ს, რომელსაც მოყავდა თიკანი. პოლიციის მუშაკმა მ. კ-მ დაკავების მიზნით ხელი ჩაავლო დ. ქ-ს და წინადადება მისცა, გაყოლოდა პოლიციის განყოფილებაში. დ. ქ. არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ თხოვნას, თანნაქონი დანა მოულოდნელად დაარტყა მ. კ-ს სახის არეში, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იმყოფებოდა რა ძებნაში, დ. ქ. ქ. თბილისში სტუმრად მივიდა ნაცნობ დ. ნ-სთან. მათ გადაწყვიტეს გაექურდათ ვინმეს ავტომანქანა. ამ მიზნით 2002წ. 3 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე, ორივენი ერთად გავიდნენ დ. ნ-ს საცხოვრებელი ბინიდან. დ. ქ-ს თან ჰქონდა სამეურნეო დანიშნულების დანა. 2003წ. 3 ივნისს, დაახლოებით 23 საათზე, მივიდნენ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც გაჩერებული იყო დაზარალებულ გ. მ-ს კუთვნილი “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანა, დ. ნ. გაჩერდა მოშორებით გარემოს მეთვალყურედ, რათა საშიშროების შესახებ ეცნობებინა დ. ქ-სათვის. ეს უკანასკნელი მივიდა დაზარალებულ გ. მ-ს კუთვნილ ავტომანქანასთან, გახსნა მისი კარი და სალონიდან თანნაქონი დანის გამოყენებით მოხსნა ავტომანქანის “გრუნდიკის” ფირმის, 50 ლარად ღირებული მაგნიტოფონი და დ. ნ-სთან ერთად გაიტაცა. მოპარული მაგნიტოფონი ქ-მ ჩაიდო უბეში. ისინი შემთხვევის ადგილიდან წავიდნენ სუხიშვილის ქუჩით. ამ ქუჩაზე მდებარე სტაციონალურ ავტოსადგომთან შემთხვევით შეხვდათ შემოვლაზე მყოფ პოლიციელთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: შ. ც., ე. მ. და აწ გარდაცვლილი ს. ს.. ჯგუფმა მათი საქციელი მიიჩნია საეჭვოდ და მოითხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რა დროსაც დ. ქ-ს უბიდან გადმოუვარდა მოპარული მაგნიტოფონი. ამ მომენტში დ. ნოდია გაიქცა, რომელსაც გამოედევნა პოლიციელი მ., ხოლო პოლიციელებმა: შ. ც-მ და აწ გარდაცვლილმა ს. ს-მა დააკავეს დ. ქ. და ჩასვეს ს. ს-ს კუთვნილ ავტომანქანაში. პოლიციელი შ. ც. მართავდა ავტომანქანას, ხოლო ს. ს. დაჯდა მანქანის უკანა სავარძელზე ქ-სგან მარჯვნივ და აკავებდა მას. მსვლელობის დროს, დ. ქ-მ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სცადა გაქცევა და მიმალვა. ამ მიზნით ამოიღო თანნაქონი დანა და მოულოდნელად გულმკერდის არეში დაარტყა ს. ს-ს, რითაც დათრგუნა მისი წინააღმდეგობა, გადმოხტა ავტომანქანიდან და გაიქცა. დ. ქ-ს დაკავება სცადა პოლიციელმა შ. ც-მ, რომელმაც გაქცეულს დაუმიზნა და ესროლა “მაკაროვის” სისტემის ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მაგრამ დ. ქ-მ შეძლო მიმალვა. დ. ქ-მ ს. ს-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგად იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ქ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას სსკ-ს 109-ე მუხლის “გ” პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, სხვა ნაწილში კი _ შეფარდებული სასჯელის შემცირებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:

მსჯავრდებულ დ. ქ-ს არ ჩაუდენია ს-ს განზრახ მკვლელობა, ამ ნაწილში სასამართლომ მის ქმედებას მისცა არასწორი შეფასება.

ამასთან, სასამართლო კოლეგიამ მსჯავრდებულ დ. ქ-ს შეუფარდა აშკარად მკაცრი სასჯელი.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ვ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

დაზარალებულმა გ. ს-მა აღნიშნა, რომ მას განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილ განაჩენს და შუამდგომლობს მის უცვლელად დატოვებას.

პროკურორმა ა. ს-მა აღნიშნა, რომ საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას სასამართლო კოლეგიამ დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ დ. ქუხილავას ვერსია, მაგრამ არ გაიზიარა მისი მოსაზრება, რადგან იგი არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. პროკურორმა იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დ. ქ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ დ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია დაზარალებულების: მ. კ-ს, ს. ს-ს, მოწმეების: შ. ც-ს, რ. ვ-ს, მ. გ-სა და ლ. გ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

მკვლელობის შემთხვევის უშუალო მოწმე შ. ც-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ს. ს-ს არავითარი შეურაცხყოფა არ მიუყენებია დ. ქ-სათვის, ეს უკანასკნელი ცდილობდა გაქცევა, ს. ს. კი მას აკავებდა, რა დროსაც დ. ქ-მ მოულოდნელად დანა დაარტყა ს. ს-ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

მოწმე შ. ც-ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, მით უმეტეს, შ. ც-მ არ უარყო, რომ მან გასროლით დაჭრა დ. ქ..

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ. ქ-ს ვერსიას იმის შესახებ, რომ პოლიციის მუშაკებმა მას ავტომანქანის სალონში ესროლეს იარაღიდანდა ფეხის არეში მისი დაჭრა მოხდა ავტომანქანის სალონში. პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ეს ვერსია სასამართლო კოლეგიამ დეტალურად გამოიკვლია, შეაფასა საქმეში არსებული მასალები და სავსებით კანონიერად არ გაიზიარა დ. ქ-ს მოსაზრება, რადგან მისი ვერსია ეწინააღმდეგებოდა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ ნაწილში სასამართლო კოლეგიის შეფასებას ეთანხმება საკასაციო პალატაც. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიამ განაჩენით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დ. ქ-მ დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა ს. ს-ს მკვლელობა. ამ ფაქტის უარყოფა საკასაციო პალატას არ შეუძლია.

ამავე კოდექსის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ქ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მკაცრად და უსამართლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არარსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 მაისის განაჩენი დ. ქ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.