დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.12.2003
საქმის ნომერი
2კ-144კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 144-კოლ 18 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც:

ა. ბ., _ დაბადებული ... წელს, ქართველის, საშუალო სპეციალური განათლებით, ცოლშვილიანი, ბორჯომის რაიონის დვირის თემის საკრებულოს თავმჯდომარე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 241-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ-ს 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა ერთი წელი. საქართველოს სსკ-ს 43-ე მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ს ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 6 თვის ვადით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი:

ა. ბ. ბორჯომის რაიონის სოფ. დვირის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში, 2001წ. 10 აგვისტოს, სამსახურებრივი სიყალბისათვის გასამართლებულ იქნა ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ და დაჯარიმდა 1000 ლარით, რაც დღემდე არ გადაუხდია. მიუხედავად ამისა, იგივე თანამდებობაზე მუშაობისას კვლავ ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ პირადი მოტივით ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა. კერძოდ, 2001წ. აგვისტოში შეადგინა და რეგისტრაციის ჟურნალში გაუტარებლად გასცა უთარიღო ცნობა ¹., რომელშიც მიუთითა, რომ თითქოსდა მოქალაქე ჟ. გ. იყო სოფ. დვირის მაცხოვრებელი, საკუთრებაში ჰყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და აწარმოებდა რძის პროდუქტებს (ყველს, არაჟანს). ცნობა დაამოწმა დვირის საკრებულოს გამგეობის მრგვალი ბეჭდითა და პირადი ხელმოწერით. სინამდვილეში კი მოქალაქე ჟ. გ. ცხოვრობს ქ. ბორჯომში. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი არა ჰყავს და არც რძის პროდუქტებს აწარმოებს. ხსენებული ყალბი ცნობა გამოიყენეს შპს დასასვენებელი სახლის, “თბილისის”, მუშაკებმა, რომლებმაც გააფორმეს ყალბი შესყიდვის აქტები იმის შესახებ, რომ თითქოს ჟ. გ-საგან სხვადასხვა დროს შეიძინეს გარკვეული რაოდენობის რძის პროდუქტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ბ. ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას, მიუთითებს, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია, პირადი მოტივით არ გაუცია ყალბი ცნობა. ამასთან, სასამართლო კოლეგიამ ყოვლად უსაფუძვლოდ და კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ს ორჯერ ეცნობა საქმის საკასაციო წესით განხილვის თარიღი, იგი პალატის სხდომაზე არ გამოცხადდა.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან უკანონოდ მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ ა. ბ-ს მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის ერთობლივი მასალებით დადგენილია და მის ქმედებას სასამართლოს მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.

ამასთან, პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა იქნეს ამორიცხული მითითება ა. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობის დაკავების უფლების 6 თვით ჩამორთმევის შესახებ. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშნული თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, ან ეწოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.

ამავე მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ დამატებით სასჯელად დაკავებული თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი გათვალისწინებულია ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით (მხედველობაშია სისხლის სამართლის კოდექსი), თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხის და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მსჯავრდებულისათვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების შენარჩუნებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიის მიერ გამოყენებულ იქნა ზემოთ აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილი და ა. ბ-ს 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ამასთან, სასამართლო კოლეგიას მხედველობიდან გამორჩა ამავე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომ მსჯავრდებულს უნდა ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა, ხოლო ა. ბ-ს ეკავა არჩევითი თანამდებობა, იგი არჩეული იყო სოფ. დვირის თემის საკრებულოს თავმჯდომარედ. ამდენად, სასამართლო კოლეგია უფლებამოსილი არ იყო, მსჯავრდებულისათვის აეკრძალა არჩევით თანამდებობაზე დაკავების უფლება. ამ მიმართებით სასამართლო კოლეგიის განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 ოქტომბრის განაჩენში ა. ბ-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება _ განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ა. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად 6 თვით თანამდებობის უფლების დაკავების ჩამორთმევის შესახებ. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.