კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.10.2003
საქმის ნომერი
2კ-261დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 261-დად 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹6 დაწესებულების დირექტორის წარდგინება ნ. კ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე.

საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების შეცვლასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინების დაკმაყოფილებას.

აღწერილობითი ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1997წ. 31 იანვრის განაჩენით ნ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 17,105-ე მუხლით (არადამამძიმებელ გარემოებაში განზრახი მკვლელობის მცდელობა) და მიესაჯა ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000წ. 11 ოქტომბრის დადენილებით მას შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა ერთი წლით. სასჯელს იხდის 1996წ. 10 სექტემბრიდან. დანიშნული სასჯელის სამი-მეოთხედი მოიხადა 2003წ. 10 ივნისს.

2003წ. 11 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს ნ. კ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ნ. კ. ადრე ნასამართლევია, მაშინ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით, ვადამდე ადრე და, მიუხედავად ამისა, კვლავ ჩაიდინა ახალი, მძიმე დანაშაული. აღნიშნულის გამო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. კ-მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სასჯელის მოხდის პროცესში, რომელიც გრძელდება 7 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ნ. კ, ხასიათდება დადებითად. მისი დახასიათებებიდან ირკვევა, რომ ის აშკარად დადგა გამოსწორების გზაზე.

პირველი დანაშაულისათვის მან სასჯელი მოიხადა 1985წ. სექტემბერში. მეორე დანაშაულის ჩადენის დროს კი მას ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. ამდენად, სასამართლოს დადგენილების ის მოტივი, რომ პირველი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა და, მიუხედავად ამისა, კვლავ ჩაიდინა ახალი, მძიმე დანაშაული, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად არ უნდა იქნეს მიჩნეული. ასევე უკანონოა დადგენილების ის მოსაზრება, რომ ნ. კ-მა აუცილებლად ბოლომდე უნდა მოიხადოს დანიშნული სასჯელი. ასეთი მოსაზრება დადგენილებაში ობიექტურად დასაბუთებული არ არის.

გარდა ამისა, პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულ ნ. კ-ს ხანდაზმულ ასაკს. საქართველოს სსკ-ს 74-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 70 წლის ასაკს მიღწეული მსჯავრდებული მამაკაცი სასამართლოს დადგენილებით სასჯელის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის ნახევრის მოხდის Eშემდეგ. ნ. კ-მა სასჯელის ნახევარი ჯერ კიდევ 2001წ. მარტში მოიხადა. ამჟამად ის უკვე 72 წლისაა და მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის სამ-მეოთხედზე მეტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 სექტემბრის დადგენილება შეიცვალოს და მსჯავრდებული ნ. კ., საქართველოს სსსკ-ს 72-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტისა და 74-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ვადამდე პირობით გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.

განჩინება შესასრულებლად გაეგზავნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და ¹6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.