საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 11.12.2003
საქმის ნომერი
2კ-282აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 282-აპ 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ თ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კერძო საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის საჩივარი განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის განაჩენით თ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 130-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 342-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე აეკრძალა საექიმო საქმიანობა ერთი წლის ვადით. საქართველოს სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ერთიწ. გამოსაცდელი ვადით.

2003წ. 29 ივლისს მსჯავრდებულმა თ. ტ-მა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივართან ერთად შეიტანა განცხადება და ითხოვა განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის საპატიოდ ჩათვლა. ვადის გაცდენის მოტივად მიუთითა ხანგრძლივი ავადმყოფობა და ის გარემოება, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. სასამართლომ განცხადების მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და იგი არ დააკმაყოფილა. თ. ტ-მა სასამართლოს ეს დადგენილება გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის უმაღლეს სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის დადგენილება დატოვა უცვლელად.

უზენაეს სასამართლოში შემოტანილი კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ როგორც რაიონულმა სასამართლომ, ასევე სააპელაციო პალატამ ობიექტურად არ გამოიკვლიეს მსჯავრდებულის მიერ განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაცდენის მიზეზები და მიიღეს არაობიექტური გადაწყვეტილება.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ს-მ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ბ. გ-მ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ს 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება დაიშვება მისი გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში. მსჯავრდებულმა თ. ტ-მა კი მის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენზე საჩივარი სასამართლოს წარუდგინა 122 დღის შემდეგ.

განცხადებაზე დართული შრომისუუნარობის ფურცლების მიხედვით თ. ტ. ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა 2003წ. 1 აპრილიდან 24 ივლისამდე, მაშინ, როცა ეს ფურცლები სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც: ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ თ. ტ. 2003წ. აპრილში _ მთელი თვის განმავლობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას განყოფილებაში, მისთვის გამოყოფილი გრაფიკის მიხედვით.

ზემოაღნიშნულ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა და კანონიერად უთხრეს თ. ტ-ს უარი საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენილი გასაჩივრების ვადის აღდგენაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების შეცვლის არავითარი კანონიერი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ტ-სა და მისი ადვოკატის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 სექტემბრის განჩინება თ. ტ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.