კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 306-დად 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ერთი წლის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996წ. 11 ივნისის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სსკ-ს 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 16 ივნისის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 1996წ. 11 ივნისის განაჩენი შეიცვალა იმ მიმართებით, რომ სსკ-ს 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960წ. კოდექსი) დაკვალიფიცირებული ქმედება შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სსკ-ს 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან და გ. ბ-ს შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
გ.ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1995წ. 9 დეკემბრიდან. 2003წ. 30 აგვისტოდან იგი მოთავსებულ იქნა ავჭალის ¹6 დაწესებულებაში.
2003წ. 30 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შ.კ-მ წარდგინებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს გ.ბ-ს საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და გ. ბ. ერთი წლის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.
მსჯავრდებული გ.ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე სასამართლო დადგენილების შეცვლას იმ მოტივით, რომ მას ავჭალის ¹6 დაწესებულებაში არავითარი დარღვევა არ ჩაუდენია.
პროკურორი ო.რ. ითხოვს მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის საპყრობილის რეჟიმის 3 თვემდე შემცირებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ირკვევა, გ. ბ-ს სასჯელის მოხდის პერიოდში საჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევებისთვის 4-ჯერ შეეცვალა რეჟიმის პირობები. იგი მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2-ჯერ იყო გადაყვანილი საპყრობილის, ხოლო 2-ჯერ _ ციხის რეჟიმზე.
2003წ. 30 აგვისტოს გ.ბ. მოათავსეს ავჭალის ¹6 დაწესებულებაში. ვინაიდან 20 ოქტომბერს გ.ბ. იყო ნასვამი და თანამშრომლებსა და მსჯავრდებულებს ექცეოდა გამომწვევად და უხეშად, გამოეცხადა საყვედური. მასვე 27 ოქტომბერს საყვედური გამოეცხადა, რადგან პაემნების ტერიტორიაზე, გაბრუებულ მდგომარეობაში მყოფი, იქცეოდა ცინიკურად და გამომწვევად. 30 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს გ.ბ-ს საპყრობილის მკაცრ რეჟიმზე გადაყვენის შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
წარდგინების თანახმად, გ.ბ. არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს, თავისი ქმედებებით ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია დაწესებულებაში, რის გამოც მსჯავრდებულის დაწესებულებაში ყოფნა საფრთხეს უქმნის დაწესებულებისა და სხვა მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის საპყრობილეში გადაყვანის თაობაზე კანონიერია.
ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს, რომ საპყრობილეში მსჯავრდებული არ შეიძლება მოთავსდეს ერთ წელზე მეტი ვადით, ითვალისწინებს, რომ საპყრობილის პირობები ბევრად უფრო მკაცრია სხვა რეჟიმის დაწესებულების პირობებზე, ასევე, მხედველობაში იღებს გ.ბ-ს მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევათა ხასიათს, თვლის, რომ მას საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 1 წელი _ უნდა შეუმცირდეს 3 თვემდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე, 612-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებული გ. ბ. ერთი წლის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე, შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ბ-ს საპყრობილეში მოთავსების ვადა _ 1 წელი _ შეუმცირდეს 3 თვემდე.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.