საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.01.2012
საქმის ნომერი
2კ-622აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.01.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹622აპ-11 ქ. თბილისი

5 იანვარი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების _ ა. ს-ს, ო. ო-სა და კ. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ივლისის განაჩენით:

ა. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 იანვრიდან.

ო. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 იანვრიდან.

კ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 26 იანვრიდან.

საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგნები, ა. ს-ს, ო. ო-სა და კ. კ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვათ დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული მათი კუთვნილი, „სონის“ ფირმის პორტატული ნოუთბუქი და მობილური ტელეფონები, ასევე სხვა პირადი ნივთები და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მსჯავრდებულებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს. ჩხრეკისას ამოღებული, ა. ს-ს, ო. ო-სა და კ. კ-ს მიერ უკანონო ტრანზაქციების მეშვეობით შეძენილი ნივთები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; ამოღებული ნივთმტკიცება – ყალბი საკრედიტო ბარათები, ჩD დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების _ ა. ს-ს, ო. ო-სა და კ. კ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ა. ს-ს, ო. ო-სა და კ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.