საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 122-აპ 13 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა აჭარის ა/რ პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ.ა-სა და დაზარალებულ ც. ი-შვილის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ივლისის განაჩენზე, დაზარალებულ ც. ი-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი ამავე სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის განჩინებაზე და მოწმე ნ. ს-ძის კერძო საკასაციო საჩივარი ამავე სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის კერძო განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ბ. რ-შვილს ბრალი ედებოდა მასში, რომ მან სატრანსპორტო საშუალების მართვისას ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლოატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სიკვდილი, რაც გამოიხატა შემდეგში: 1998 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე, ბ. რ-შვილი იმყოფებოდა რა თავისი საცხოვრებელი სახლის წინ ლანჩხუთის რაიონის სოფ. ... და გაჩერებული ჰყავდა გზის გვერდულზე მამის, თ. რ-შვილის, კუთვნილი ავტომანქანა “ვოლგა-გაზ-24”, ქ.ლანჩხუთის მიმართულებით წასვლისას არ შეასრულა საგზაო მოძრაობის წესების 1.5, 8.1, 8.6 პუნქტების მოთხოვნები, რომელთა მიხედვით “საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იმოქმედონ ისე, არ შექმნან საფრთხე და არ მიაყენონ ვინმეს ვნება, მოძრაობის დაწყების ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის, მობრუნების წინ მძღოლი ვალდებულია, მისცეს სიგნალები შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლებით, ამასთან ერთად, მისი მანევრი უსაფრთხო უნდა იყოს და არ უქმნიდეს დაბრკოლებას მოძრაობის სხვა მონაწილეებს. მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალებათა შემხვედრი მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს”. უგულებელყო რა ზემოთ აღნიშნული საგზაო მოძრაობის წესების ეს მოთხოვნები, ბ. რ-შვილმა გვერდულიდან ავტომანქანის მარცხნივ მოხვევის დროს გზა არ დაუთმო და საფრთხე შეუქმნა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანა “სკანიას”, გადავიდა შემხვედრი მიმართულებით გზის სავალ ნაწილზე და თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის წინა მარჯვენა ნაწილით დაეჯახა იქ მდგომ, ქვეითად მოსიარულე თ. ი-შვილს, რომელიც გადააგდო სავალ ნაწილზე და შეუგდო მარჯვენა მხრიდან ქ.ლანჩხუთიდან სამტრედიის მიმართულებით საგზაო მოძრაობის წესების დაცვით მოძრავ “სკანია”, რომელსაც მართავდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი. უ-ლი. მიღებული დაზიანებების შედეგად თ. ი-შვილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მძღოლმა ბ. რ-შვილმა, მიუხედავად საგზაო მოძრაობის წესების 2.5 პუნქტის მოთხოვნისა, ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე არ გააჩერა და მიიმალა.
ჩოხატაურის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 29 მარტის დადგენილებით ბ. რ-შვილი მიცემულ იქნა სამართალში საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის კოდექსი). შემდეგში აცილების წესით საქმე განსახილველად დაექვემდებარა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით ბ. რ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს დადგენილება საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. შემდგომში საქმე აცილების წესით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის განაჩენით ბ. რ-შვილს საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოეხსნა, გამართლდა და გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი ბ. რ-შვილის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 19 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 18 სექტემბრის განაჩენი და სისხლის სამართლის საქმე ბ. რ-შვილის მიმართ ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს. საქმე აცილების წესით დაექვემდებარა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი ბ. რ-შვილის მიმართ დარჩა უცვლელად. ბ. რ-შვილს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის კოდექსი) წარდგენილი ბრალდება და იგი, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე, გამართლდა.
ამავე სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის განჩინებით 1998 წლის 26 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ... ავტოავარიის შედეგად თ. ი-შვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
ამავე სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის კერძო განჩინებით ბ. რ-შვილის ბრალდების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის მოწმე ნ. ს-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალები გადაეგზავნა ლანჩხუთის რაიონის პროკურატურას.
აჭარის ა/რ პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გ. ა-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. რ-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის იმ მოტივით, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და მასში არ არის ასახული საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ხოლო მოტივები, რომლებიც გახდა გამამართლებელი განაჩენის საფუძველი, აშკარა წინააღმდეგობაშია საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებთან; საქმესთან დაკავშირებით მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებებით ბ. რ-შვილის ბრალდება, რაც გათვალისწინებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო მოქმედი კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, დადასტურებულია და საკმარისია მის დამნაშავედ ცნობისათვის.
პროკურორი ე.ქარჩავა მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
დაზარალებული ც. ი-შვილი საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრებით ითხოვს ბ. რ-შვილის მიმართ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ივლისის გამამართლებელი განაჩენისა და ამავე სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ როგორც განაჩენი, ისე განჩინება, უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმის მასალებით ბ. რ-შვილის ბრალდება მთლიანად დადასტურებულია; პირველი ინსტანციის სასამართლო და სააპელაციო პალატა არაობიექტურად აფასებენ მოწმე ნ. ს-ძის ჩვენებას; სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ექსპერტიზის დასკვნები და ბრალდების სხვა მოტივირებული, დასაბუთებული მტკიცებულებები.
მოწმე ნ. ს-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ივლისის კერძო განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ, მიუხედავად ზეწოლისა, მას ჩვენება არ შეუცვლია, იგი ყოველთვის სწორ ჩვენებას იძლეოდა და ადასტურებდა ბ. რ-შვილის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენას.
გამართლებულ ბ. რ-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ.ს. შესაგებლით ითხოვს ბ. რ-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ როგორც პროკურორის, ისე დაზარალებულის საკასაციო საჩივრები აგებულია მხოლოდ საბრალდებო დასკვნის მონაცემებზე და არ გამომდინარეობს არც წინასწარი გამოძიებისა და არც სასამართლო-სამსჯავრო გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებიდან.
გამართლებული ბ. რ-შვილი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ქ.ღარიბაშვილი არ ეთანხმებიან საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ივლისის განაჩენის, განჩინებისა და კერძო განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები, თვლის, რომ საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო ბ. რ-შვილის მიმართ წარდგენილი ბრალის დადასტურება. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რომელთაც ბრალდება ეყრდნობა ბ. რ-შვილის მიმართ ბრალის წარდგენისას, არასარწმუნო, ცალმხრივი და არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბრალდების მხარის მთავარი მოწმე _ ნ. ს-ძე ავტოსაგზაო შემთხვევას ჩვენებებში სხვადასხვაგვარად აღწერს. პირველი დაკითხვისას იგი უჩვენებდა, რომ როდესაც ლანჩხუთიდან სამტრედიის მიმართულებით მოძრავი თურქეთის რესპუბლიკის ოთხი ავტომანქანიდან წინა სატვირთო ავტომანქანა მიუახლოვდა თ. რ-შვილის სახლს, შენიშნა თეთრი ფერის “ვოლგა-გაზ-24”, რომელიც მოძრაობდა ლანჩხუთის მიმართულებით, გზის საპირისპირო მხარეს, შუა გზაზე, კი იდგა ქალი ქოლგით. წინა მანქანა მოულოდნელად გადავიდა გზის მარცხენა მხარეს, ხოლო თეთრი ფერის “გაზ-24” წინა მარჯვენა მხრიდან შეეჯახა გზაზე მდგომ მოქალაქეს. შემდგომი დაკითხვისას ნ. ს-ძემ აჩვენა, რომ თეთრმა “გაზ-24”-მა გვერდულიდან ლანჩხუთის მიმართულებით მობრუნებისას გაკრა მარჯვენა წინა მხარე გზის სავალ ნაწილზე მდგომ მოქალაქეს. პირველი დაკითხვისას ნ. ს-ძემ აჩვენა, რომ თ. რ-შვილის ფურნედან გამოვიდა პურის სამი მცხობელი კაცი. მეორედ დაკითხვისას აჩვენა, რომ გაიგონა თ. რ-შვილის ყვირილი, გვამს არ მიეკაროთ, მოშორდით აქაურობასო და ისიც წავიდა სახლში; ვინაიდან თ. რ-შვილი ყვიროდა, იქ არ მისულა და ვინ იყო იქ, არ იცის. მესამედ დაკითხვისას ნ. ს-ძემ აჩვენა, რომ თ. რ-შვილმა უცენზურო სიტყვებით დაიწყო ყვირილი, რათა იქაურობას გაცლოდა და ისიც წამოვიდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას, 2000 წლის 28 ივნისს, მან ბ. რ-შვილის კუთვნილი ავტომანქანის ნომერიც კი დაასახელა, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საქმის ხელმეორედ განხილვისას საერთოდ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და თვლის, რომ მოწმე ნ. ს-ძის ჩვენებები ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე არ არის დამაჯერებელი და ერთმნიშვნელოვანი, რის გამოც იგი არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად.
რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, მათი ჩვენებებით ბ. რ-შვილის მიერ თეთრი ფერის “ვოლგით” თ. ი-შვილზე დაჯახების ფაქტი არ დასტურდება. ბ. რ-შვილის ბრალეულობა არ დასტურდება არც თურქი მძღოლების ჩვენებებით, რომლებიც, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოძრაობდნენ აღნიშნული მიმართულებით.
თავად ბ. რ-შვილი როგორც წინასწარი გამოძიების, ისე საქმის სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში განხილვის დროს თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ყველა ჩვენებაში მიუთითებდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ჩადენილი არ იყო.
საკასაციო პალატა ეთანხმება, ასევე, სააპელაციო პალატის მოტივაციას სასამართლო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის მიუღებელ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ და თვლის, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ დასკვნას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლიანად არ გაიზიარა მოწმე ნ. ს-ძის ჩვენებები და ბ. რ-შვილის მიმართ სწორად გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო მოწმე ნ. ს-ძის მიმართ _ კერძო განჩინება, მის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბრუნების შესახებ იმის გასარკვევად, თუ ვინ და რა ვითარებაში მოახდინა მითითებული ავტოავარია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ბ. რ-შვილის მიმართ, ამავე სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის განჩინება 1998 წლის 26 იანვარს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ... ავტოავარიის შედეგად თ. ი-შვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაბრუნების შესახებ და ამავე სასამართლოს 2001 წლის 16 ივლისის კერძო განჩინება მოწმე ნ. ს-ძის მიმართ, ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად მასალების ლანჩხუთის რაიონის პროკურატურისთვის გადაგზავნის შესახებ, დარჩეს უცვლელად.