განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 128-დად 10 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორის, კ.მ-ის, კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა დაზარალებულ – ნ. გ-ძის საჩივარი და გაუქმდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის გ.ნ-ძის 2001 წლის 5 ივნისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და 1992 წლის 27 თებერვლის “ამნისტიის” საფუძველზე ნ. ხ-ავას მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
1988 წლის 2 მარტს ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 1960 წლის სსკ-ის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ამავე რაიონის ¹61 საბინაო-საექსპლოატაციო უბანში გამოვლენილ სახელმწიფო ქონების გატაცების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა საბინაო-საექსპლოატაციო უბნის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნ. გ-ძე.
ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ნ. გ-ძეს 1960 წლის სსკ-ის 94-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 191-ე მუხლით ერთობლივად მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. შემდგომში ნ. გ-ძის მიმართ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით საქმე წარიმართა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
1993 წლის 12 ივლისს ნ. გ-ძის მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა 1960 წლის სსსკ-ის მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული საფუძვლებით.
1995 წლის 26 აპრილს ნ. გ-ძის საჩივრებისა და შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოკვლეული მასალების საფუძველზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 1960 წლის სსკ-ის 188-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, შს სამინისტროს სისტემის მუშაკთა მხრიდან ჩადენილი სამსახურებრივი დაუდევრობის შედეგად ¹61 სახლმმართველობის შენობიდან ნ. გ-ძის კუთვნილი ნახატებისა და სხვა პირადი ნივთების დაკარგვის ფაქტზე.
1996 წლის 30 ივლისს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა გ. წ-შვილმა საქმე წარმოებით შეწყვიტა მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მუშაკთა ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის მოტივით. შემდგომში ამავე საქმეზე წინასწარი გამოძიების მიერ გამოტანილი დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გაუქმებული იქნა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 12 იანვრის 2000 წლის 27 მარტის და იმავე წლის 21 ნოემბრის დადგენილებებით.
2001 წლის 5 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ გ.ნ-ძის მიერ კვლავ იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმისა და 1992 წლის 27 თებერვლის “ამნისტიის’’ საფუძველზე ნ. ხ-ავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
დაზარალებულ ნ. გ-ძის საჩივრის საფუძველზე აღნიშნული დადგენილება ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ.ფუხაშვილის მიერ 2001 წლის 9 აგვისტოს გაუქმდა და საქმეზე წინასწარი გამოძიება განახლდა.
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორი კ.მ-ნი ითხოვს ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 აგვისტოს დადგენილების გაუქმებას და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ გ.ნ-ძის 2001 წლის 5 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვებას. საჩივარში მითითებულია, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად, მიღებულია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. საჩივარში აღნიშნულია ისიც, რომ მოსამართლე ვ. ფუხაშვილს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო დაზარალებულ ნ. გ-ძის საჩივრის განხილვაში, ვინაიდან მას 2000 წლის 27 მარტს და იმავე წლის 3 აპრილს უვე განხილული ჰქონდა ამავე საქმეზე ნ. გ-ძის და პროკურორის საჩივრები.
შესაგებელი კერძო საკასაციო საჩივრით დაზარალებული ნ. გ-ძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს პროკურორის საჩივარს და ითხოვს ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა კ.მაჭავარიანმა მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მონაწილე დაზარალებულმა ნ. გ-ძემ პროკურორის საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 აგვისტოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის რომ ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 აგვისტოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და დაზარალებულ ნ. გ-ძის საჩივარი საქმესთან ერთად ხელმეორედ განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე რაიონულ სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მოსამართლე ვ.ფუხაშვილს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო დაზარალებულ ნ. გ-ძის საჩივრის განხილვაში.
საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილში მითითებულია, რომ “მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, თუ იგი მონაწილეობდა მომკვლევის, გამომძიებლის და პროკურორის მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში”. როგორც საქმიდან ირკვევა, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ.ფუხაშვილს 2000 წლის 27 მარტს და 3 აპრილს განხილული აქვს ამავე საქმეზე დაზარალებულ ნ. გ-ძის და პროკურორის საჩივრები. 2000 წლის 27 მარტს მოსამართლემ ნ. გ-ძის საჩივარი დააკმაყოფილა; გააუქმა საქართველოს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის გ. ნ-ძის 1999 წლის 22 ივნისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება წინასწარი გამიძიების განახლების შესახებ. იმავე წლის 3 აპრილს კი პროკურორის კერძო სააპელაციო საჩივარი მის მიერ გამოტანილ 2000 წლის 17 მარტის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, დატოვა განუხილველი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 105-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, მოსამართლეს უფლებას ართმევდა, განმეორებით მონაწილეობა მიეღო ნ. გ-ძის საჩივრის განხილვაში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული მოტივით ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ.ფუხაშვილის 2001 წლის 9 აგვისტოს დადგენილება უნდა გაუქმდეს და ნ. გ-ძის საჩივარი საქმესთან ერთად ხელმეორედ განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ კ.მაჭავარიანის კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ.ფუხაშვილის 2001 წლის 9 აგვისტოს დადგენილება გაუქმდეს და დაზარალებულ ნ. გ-ძის საჩივარი საქმესთან ერთად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე რაიონულ სასამართლოს სხვა მოსამართლეს.