საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 2-I 5 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ზ. ბ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ძის და საქართველს გენერალური პროკურატურის სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრები ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 14 მაისის განაჩენი ზ. ბ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა გორის რაიონის პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის სასამართლოს 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენით ზ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გაუფრთხილებლობით დანაშაულის ჩამდენ პირთათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში მოხდით; საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეეცვალა პირობითად ერთი წლით გამოსაცდელი ვადით.
ზ. ბ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
1998 წლის 7 ივლისს, საღამოს, გორის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ზა. და ზ. მ-შვილების საცხოვრებელ ბინაში იქეიფა ოცამდე თანასოფლელმა ახალგაზრდამ. მათ შორის იყვნენ გ. მ-ძე, მისი და _ ნ. მ-ძე და მათი კარის მეზობელი ზ. ბ-ძე; სუფრაზე ზ. ბ-ძე იყო თამადა. მას თან ჰქონდა “სუპერპანასონიკის” მარკის აუდიომაგნიტოფონი. ვაჟებმა დალიეს ღვინო და დათვრნენ. ზ. ბ-ძე მკაცრად თამადობდა, სუფრის წევრებისაგან ითხოვდა წესრიგს და მორჩილებას; სუფრის წევრებმა ამისათვის მას უსაყვედურეს. ზ. ბ-ძეს ეს ეწყინა და 8 ივლისს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, მიატოვა სუფრა და თან წაიღო თავისი მაგნიტოფონიც. სუფრის წევრები სთხოვდნენ მაგნიტოფონის დატოვებას, მაგრამ მან უარი უთხრა. გარეთ გასულ ზ. ბ-ძეს თან გაჰყვა გ. მ-ძე და ისინი სახლის გვერდით, საუბნო გზაზე, მაგნიტოფონის დატოვების თაობაზე შეკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა, მაგრამ იქ მყოფმა ახალგაზრდებმა გააშველეს; ამის შემდეგ გ. მ-ძე და სხვა ახალგაზრდები დაბრუნდნენ სუფრასთან და გააგრძელეს ქეიფი, ხოლო ზ. ბ-ძე წავიდა სახლში და წაიღო მაგნიტოფონი.
ზ. ბ-ძეს სახლში ჰქონდა უნებართვო, 12 ყალიბრის “იჟ-58” მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც სახლის სხვენში ინახავდა. გ. მ-ძესთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ ზ. ბ-ძეს შეეშინდა, რომ გ. მ-ძის მშობლებს მომხდარი ჩხუბის თაობაზე არ ეჩივლათ, პოლიციას სახლი არ გაეჩხრიკა და თოფის ნახვის შემთხვევაში, პასუხისგებაში არ მიეცათ. ამიტომ გადაწყვიტა მისი გადამალვა. ამ მიზნით მან სახლიდან გამოიტანა თოფი, გავიდა გარეთ და აპირებდა მის გადამალვას, რა დროსაც სახლის წინ, საუბნო გზაზე, გაიგონა სტვენის ხმა, ვაჟების ლაპარაკი და დაინახა მისი სახლისკენ მიმავალი ორი პიროვნება, რომლებიც იყვნენ ქეიფიდან სახლში წამოსული გ. მ-ძე და მისი და _ ნ.; ისინი ზ. ბ-ძემ სიბნელეში ვერ გაარჩია და მათი ვინაობის გასარკვევად, თოფით ხელში, შედგა სახლის წინ გზაზე გაჩერებულ “ბელარუსის” მარკის ტრაქტორის წინა, მარცხენა საბურავზე მდგარ ხის ფანერისაგან შეკრულ პატარა ზომის ყუთზე. ზ. ბ-ძემ, მთვრალმა, გამოიჩინა რა დანაშაულებრივი დაუდევრობა, არ გაითვალისწინა, რომ თოფი, რომელიც მას ხელში ეჭირა, შეიძლებოდა საბრძოლო მდგომარეობაში ყოფილიყო მოყვანილი და გასროლის შემთხვევაში მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. თუმცა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეეძლო და ვალდებულიც იყო, გაეთვალისწინებინა მძიმე შედეგის განხორციელების შესაძლებლობა. როდესაც გ. და ნ. მ-ძეები რამდენიმე მეტრით გასცილდნენ ტრაქტორს, ფანერის ყუთზე მდგომი მთვრალი ზ. ბ-ძე, მათი გარჩევის მიზნით, გადაიხარა წინ, რა დროსაც სიმძიმისაგან ყუთი ჩატყდა, ზ. ბ-ძე შიგ ჩავარდა და ამ დროს თოფიდან, რომელიც მას ხელში ეჭირა, მოხდა ერთხელ გასროლა, ტყვია შემთხვევით მოხვდა ყუთის გატეხვის ხმაზე უკან შებრუნებულ გ. მ-ძეს, რომელსაც მარცხენა მხარის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ზ. ბ-ძემ შეიტყო რა, რომ მისი თოფიდან გასროლილი ტყვია მოხვდა გ. მ-ძეს, იგი თოფიანად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. თოფი იმავე ღამეს ჩააგდო იმავე სოფელში მცხოვრები ბიძამისის მ. ბ-ძის ტუალეტში და დაიმალა ბაღებში. მეორე დღეს შეხვდა ბიძამისს, რომელმაც, მისი თანხმობით, წარადგინა პოლიციაში.
განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.
აღნიშნული განაჩენი დაზარალებულ გ. მ-ძის მიერ გასაჩივრებულ იქნა საზედამხედველო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 18 აგვისტოს განჩინებით დაზარალებულ გ. მ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენი ზ. ბ-ძის მიმართ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით) და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას იმ საფუძვლით, რომ არც წინასწარმა გამოძიებამ და არც სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასეს ის ფაქტი, რომ 1998 წლის 7 ივლისს ზა. და ზ. მ-შვილების ოჯახში ქეიფის დროს გ. მ-ძესა და ზ. ბ-ძეს მოუვიდათ ჩხუბი და განაწყენებული ზ. ბ-ძე იქიდან სხვებზე ადრე წამოვიდა. ასევე კრიტიკულად არ გააანალიზეს დაზარალებულ გ. მ-ძის დის _ ნ. მ-ძის პირველი ჩვენება, სადაც იგი მიუთითებდა ზ. ბ-ძის მიერ გ. მ-ძისათვის თოფის განზრახ სროლას; არ დააპირისპირეს იგი ზ. ბ-ძესთან; არ გაარკვიეს, მოგვიანებით რა მიზეზით შეცვალა მან ჩვენება. არც გამოძიებამ და არც სასამართლომ არ გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა ზ. ბ-ძის მიერ აღწერილ ვითარებაში თოფიდან გასროლა და იმ დაზიანებების მიღება, რაც გ. მ-ძეს აღმოაჩნდა. არ გაარკვიეს, რატომ ჰქონდა ზ. ბ-ძეს თოფი საბრძოლო მდგომარეობაში, როცა მისი განმარტებით, თოფს ინახავდნენ სხვენზე და შემთხვევის დღესაც იქიდან ჩამოიტანა. არ შეაფასეს ზ. ბ-ძის ჩვენება, თუ რატომ უნდა დამალულიყო იგი, ვინ იცოდა მისი განზრახვა და სად და რისთვის მიდიოდა; ასევე შეფასება არ მისცეს მის ჩვენებას, რომ მან გაიგონა სტვენის და საუბრის ხმა და არ გამოიკვლიეს, იცნო თუ არა თავისი კარის მეზობლის ხმა, ან რატომ დაინტერესდა მათი ვინაობის გაგებით მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ტრაქტორს გაშორდნენ და არა მანამდე.
მთლიანობაში კრიტიკულად არ შეაფასეს მისი ჩვენება და არ გაარკვიეს, ხომ არ მოქმედებდა იგი გ. მ-ძის მოკვლის განზრახვით.
დამატებითი გამოძიების შემდეგ, ზ. ბ-ძეს ბრალად შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით და 129-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. იგი გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) და 129-ე მუხლით (1960 წლის სსკ) და შეეფარდა ერთი წლით თ/აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-66-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ერთი წლის საგამოცდო ვადით. აღნიშნული განაჩენით ზ. ბ-ძე მსჯავრდებულ იქნა შემდეგისათვის:
განსასჯელი ზ. ბ-ძე და დაზარალებული გ. მ-ძე ცხოვრობენ გორის რაიონის სოფ. ... მათ მშობლებს შორის იყო არაჯანსაღი ურთიერთობა, მაგრამ მათ ერთმანეთთან ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდათ. 1998 წლის 7 ივლისს სოფ. ... ზა. და ზ. მ-შვილების ბინაში შეიკრიბა 30-მდე ახალგაზრდა, რომლებმაც იქეიფეს. მათ შორის იყვნენ ზ. ბ-ძე, გ. მ-ძე და მისი და – ნ. მ-ძე. სუფრის თამადა იყო ზ. ბ-ძე. რადგანაც იგი მკაცრად თამადობდა, სუფრაზე მყოფ ვაჟებს არ მოეწონათ მისი ტონი, რის გამოც მას უსაყვედურეს. ზ. ბ-ძეს ეწყინა საყვედური და დააპირა წასვლა, ამავე დროს აიღო თავისი მაგნიტოფონი. მას სუფრაზე მყოფმა პირებმა სთხოვეს დაეტოვებინა მაგნიტოფონი, მაგრამ ზ. ბ-ძემ უარი განუცხადა. იგი გავიდა სახლიდან, იმ დროს გარეთ იმყოფებოდა გ. მ-ძე. მან დაინახა ზ. ბ-ძე მაგნიტოფონით ხელში და სთხოვა მისი დატოვება. ზ. ბ-ძემ უარი უთხრა, რის გამოც იჩხუბეს, ისინი ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ. ჩხუბის ხმაზე სახლიდან გავიდნენ ბიჭები, რომლებმაც გააშველეს. გ. მ-ძე შეიყვანეს ბინაში, ხოლო ზ. ბ-ძე კი წავიდა თავის სახლში. ზ. ბ-ძე და გ. მ-ძე ერთმანეთს დასცილდნენ დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე. მათი დაცილებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ზ. ბ-ძემ გადაწყვიტა, გადაემალა თავისი კუთვნილი, 12 ყალიბრის “იჟ-58” მოდელის ორლულიანი თოფი, რადგან იფიქრა, რომ გ. მ-ძესთან ჩხუბის შესახებ გაიგებდნენ ამ უკანასკნელის მშობლები და უჩივლებდნენ. ამის გამო შესაძლებელი იყო მის ბინაში ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ამ მიზნით ზ. ბ-ძემ თოფი ჩამოიტანა სხვენიდან და გამოვიდა ქუჩაში, რათა წაეღო ნაკვეთში დასამალად. ამ დროს მას მოესმა ქუჩაში ლაპარაკის ხმა და შეამჩნია მისკენ მომავალი ორი პიროვნება, რომლებიც იყვნენ გ. მ-ძე და მისი და ნ. მ-ძე. მათი ვინაობის გასარკვევად ზ. ბ-ძე თოფით ხელში შედგა სახლის წინ, გზაზე გაჩერებულ, მის კუთვნილ “ბელორუსის” მარკის ტრაქტორის წინა, მარცხენა საბურავთან მდგარ ხის ფანერისგან შეკრულ პატარა ზომის ყუთზე. როდესაც გ. მ-ძე და მისი და ნ. მ-ძე 6-7 მეტრით დასცილდნენ ტრაქტორს, სიმძიმისაგან ყუთი ჩატყდა და ზ. ბ-ძე შიგ ჩავარდა. ყუთის გატეხვის ხმაზე უკან მოიხედა გ. მ-ძემ. ამ მომენტში თოფიდან, რომელიც ზ. ბ-ძეს ხელში ეკავა, შემთხვევით მოხდა ერთჯერადი გასროლა და ტყვია მოხვდა გ. მ-ძეს მარცხენა მხარის არეში და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. გ. მ-ძემ ერთი დაიყვირა და დავარდა ძირს, ხოლო ნ. მ-ძემ კი ატეხა კივილი. ზ. ბ-ძე მიხვდა, რომ მისი თოფიდან გასროლილი ტყვია მოხვდა გ. მ-ძეს, შეგნებულად მიატოვა იგი დახმარების აღმოჩენის გარეშე, თუმცა ევალებოდა მასზე ზრუნვა და ჰქონდა შესაძლებლობა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის; გ. მ-ძე მიატოვა განსაცდელში და შემთხვევის ადგილიდან თოფიანად მიიმალა. იგი გაიქცა თავისი ბიძის მ. ბ-ძის სახლისაკენ. შევიდა თუ არა ეზოში, თოფი ჩააგდო ტუალეტში, ბიძამისს დაუძახა, რომ თოფიდან გასროლით დაჭრა გ. მ-ძე და მიიმალა. Mმეორე დღეს ის შეხვდა ბიძამისს და გამოცხადდა პოლიციაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა აღნიშნული განაჩენი ზ. ბ-ძის მიმართ და საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ დამატებითი გამოძიების მიერ არასრულყოფილად იქნა შესრულებული უზენაესი სასამართლოს განჩინების სავალდებულო მითითებები. კერძოდ: არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, შესაძლებელი იყო თუ არა ზ. ბ-ძის მიერ აღწერილ ვითარებაში თოფიდან გასროლა და იმ დაზიანების მიღება, რაც გ. მ-ძეს აღმოაჩნდა. არ იქნა სრულყოფილად შეფასებული და გამოვლენილი თოფის შენახვის და ჩამოტანის მიზეზი, ზ. ბ-ძის დამალვის მიზეზი და სხვა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ზ. ბ-ძის ბრალდების საქმის დაბრუნებას იმავე რაიონული სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ საფუძვლით, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ზ. ბ-ძის ბრალდების საქმის განხილვისას დაარღვია ამ უკანასკნელის დაცვის უფლება;
კასატორის მითითებით, ზ. ბ-ძე სასამართლო გამოძიებისას საჭიროებდა იძულებით დაცვას, ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებულის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი, განსასჯელის ინტერესების დაცვის განხორციელება ადვოკატის მიერ სავალდებულოა. დაზარალებულს სასამართლო გამოძიებისას ჰყავდა დამცველი; ზ. ბ-ძეს სასამართლო სხდომაზე დამცველი არ ჰყოლია. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა განჩინებაში მითითებული მოტივები საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე, რამეთუ, უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის მითითებები შესრულებულ იქნა დამატებითი გამოძიების მიერ.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი კ. ხ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას იმავე რაიონული სასამართლოსათვის.
კერძო საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, არ არსებობს რაიმე საფუძველი დამატებით გამოძიებაში საქმის დაბრუნების თაობაზე.
პროკურორმა სასამართლო პროცესზე მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრებს. ადვოკატმა კ. ხ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ა. ს-შვილს, ადვოკატ კ. ხ-ძეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი, რომ სასამართლო გამოძიებისას ზ. ბ-ძეს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, რომელზეც მან უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ თვითონ განახორციელებდა საკუთარი თავის დაცვას; სასამართლომ მიიღო განსასჯელის უარი დამცველზე, მაშინ, როდესაც დაზარალებულის ინტერესებს ამავე სასამართლო სხდომაზე იცავდა მისი წარმომადგენელი, ადვოკატი ე. პ-შვილი. სასამართლომ დააკმაყოფილა რა განსასჯელის უარი დამცველის ყოლის თაობაზე, ამით დაარღვია სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ზ” პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, მიეღო განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნის თაობაზე, თუ დაზარალებულის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონის არსებით დარღვევას, რადგან სასამართლო გამოძიება წარიმართა განსასჯელის დამცველის მონაწილეობის გარეშე, მაშინ, როდესაც მისი მონაწილეობა კანონით სავალდებულო იყო. აღნიშნული კი წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს და სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საპროცესო ნორმის ამ Dდარღვევას.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა გორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 18 აგვისტოს განაჩენი ზ. ბ-ძის მიმართ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით) და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას იმ საფუძვლით, რომ არც წინასწარმა გამოძიებამ და არც სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასეს ის ფაქტი, რომ 1998 წლის 7 ივლისს ზა. და ზ. მ-შვილების ოჯახში ქეიფის დროს გ. მ-ძესა და ზ. ბ-ძეს მოუვიდათ ჩხუბი და განაწყენებული ზ. ბ-ძე იქიდან სხვებზე ადრე წამოვიდა. ასევე კრიტიკულად არ გააანალიზეს დაზარალებულ გ. მ-ძის დის ნ. მ-ძის პირველი ჩვენება, სადაც იგი მიუთითებდა ზ. ბ-ძის მიერ გ. მ-ძისათვის თოფის განზრახ სროლის თაობაზე; არ დააპირისპირეს იგი ზ. ბ-ძესთან; არ გაარკვიეს, მოგვიანებით რა მიზეზით შეცვალა მან ჩვენება; არც გამოძიებამ და არც სასამართლომ არ გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა ზ. ბ-ძის მიერ აღწერილ ვითარებაში თოფიდან გასროლა და იმ დაზიანებების მიღება, რაც გ. მ-ძეს აღმოაჩნდა; არ გაარკვიეს, რატომ ჰქონდა ზ. ბ-ძეს თოფი საბრძოლო მდგომარეობაში, როცა მისი განმარტებით, თოფს ინახავდნენ სხვენზე და შემთხვევის დღესაც იქიდან ჩამოიტანა; არ შეაფასეს ზ. ბ-ძის ჩვენება, თუ რატომ უნდა დამალულიყო იგი, ვინ იცოდა მისი განზრახვა, თუ სად და რისთვის მიდიოდა; ასევე შეფასება არ მისცეს მის ჩვენებას, რომ მან გაიგონა სტვენის და საუბრის ხმა და არ გამოიკვლიეს, იცნო თუ არა თავისი კარის მეზობლის ხმა, ან რატომ დაინტერესდა მათი ვინაობის გაგებით მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ტრაქტორს გაშორდნენ და არა მანამდე; მთლიანობაში კრიტიკულად არ შეაფასეს მისი ჩვენება და არ გაარკვიეს, ხომ არ მოქმედებდა იგი გ. მ-ძის მოკვლის განზრახვით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს, რომლითაც დგინდება, რომ დამატებით გამოძიებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 18 აგვისტოს განჩინების მითითებები სრულყოფილად არ შეუსრულებია. როგორც საქმის მასალებით დგინდება, დამატებითი გამოძიების დროს დაკითხულები იქნენ დაზარალებული, ბრალდებული, მოწმე ნ. მ-ძე, ჩატარდა დაპირისპირება მოწმე ნ. მ-ძესა და ბრალდებულ ზ. ბ-ძეს შორის, შედგენილ იქნა ოქმი იმის თაობაზე, რომ ვერ მოხერხდა დაპირისპირების ჩატარება დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის იმის გამო, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა დაზარალებულმა, მაგრამ დამატებით გამოძიებას არ შეუსრულებია საზედამხედველო პალატის განჩინების ის მითითებანი, სადაც საზედამხედველო პალატა ითხოვს, რომ გარკვეულ იქნეს, შეიძლებოდა თუ არა ზ. ბ-ძის მიერ აღწერილ ვითარებაში თოფიდან გასროლა და იმ დაზიანებების მიღება, რაც გ. მ-ძეს აღმოაჩნდა; ასევე, თუ რატომ ჰქონდა ზ. ბ-ძეს თოფი საბრძოლო მდგომარეობაში, როცა მისი განმარტებით, თოფს ინახავდნენ სხვენზე და შემთხვევის დღესაც იქიდან ჩამოიტანა. საზედამხედველო პალატა განჩინებით ასევე უთითებდა, რომ კრიტიკულად შეფასებულიყო ის გარემოებები, რომ 1998 წლის 7 ივლისს ზა. და ზ. მ-შვილების ოჯახში ქეიფის დროს გ. მ-ძესა და ზ. ბ-ძეს მოუვიდათ ჩხუბი და განაწყენებული ზ. ბ-ძე იქიდან სხვებზე ადრე წამოვიდა. ასევე შეფასებულიყო ზ. ბ-ძის ჩვენება, თუ რატომ უნდა დამალულიყო იგი, ვინ იცოდა მისი განზრახვა, თუ სად და რისთვის მიდიოდა; ასევე შეფასება მიეცათ ზ. ბ-ძის ჩვენების იმ ნაწილისათვის, სადაც იგი უთითებს, რომ მან გაიგონა სტვენის და საუბრის ხმა. საზედამხედველო პალატის მითითებით, უნდა გამოკვლეულიყო, ზ. ბ-ძემ იცნო თუ არა თავისი კარის მეზობლის ხმა, ან რატომ დაინტერესდა მათი ვინაობის გაგებით მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ტრაქტორს გაშორდნენ და არა მანამდე.
ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დამატებით გამოძიებას სრულყოფილად არ შეუსრულებია საზედამხედველო პალატის მითითებები რისი შესრულებაც სსსკ-ის 570-ე მუხლის შესაბამისად სავალდებულოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 2001 წლის 12 ნოემბრის განჩინება ზ. ბ-ძის სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე კანონიერია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის და ზ. ბ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ძის კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ნოემბრის განჩინება ზ. ბ-ძის სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე დარჩეს უცვლელად.