საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 21.02.2002
საქმის ნომერი
2კ-176აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.02.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 176-აპ 21 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი,განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების ე. ლ-ძის და რ. გ...ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე ნ. მ-შვილის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 მაისის განაჩენით ნ. მ-შვილი, სამართალში ყოფილი (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 აგვისტოს განაჩენით სსკ-ს 91-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960 წლის კოდექსი) სსკ-ის 45-ე მუხლის გამოყენებით მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით. გათავისუფლდა 2000 წლის 3 თებერვალს პრეზიდენტის შეწყალებით), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 დეკემბრის განაჩენით სასჯელის ნაწილში შეტანილ იქნა ცვლილება: ნ. მ-შვილს დანიშნული სასჯელის _ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად შეეფარდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით მ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

2000 წლის 25 დეკემბერს ნ. მ-შვილმა კ. ზ-შვილთან და არასრულწლოვან ი. ს-ძესთან ერთად მოილაპარაკეს, გაექურდათ მოქალაქეთა ავტომანქანები, მოპარული ნივთები კი გაეყიდათ და ფული გაენაწილებინათ. ამ მიზნით დაახლოებით 02 საათზე ისინი მივიდნენ თბილისში, ... სახლთან, სადაც გაჩერებული იყო იქ მცხოვრებთა ა/მანქანები. ს-ძემ ლითონის ქანჩით გატეხა ი. წ-ლის კუთვნილი ა/მანქანა “რენო-მოსკვიჩის” უკანა საქარე მინა, სალონიდან გახსნა კაპოტი და დანარჩენებთან ერთად მოიპარა 235 ლარად ღირებული ნივთები – აკუმულატორი, ა/მანქანის მტვერსასრუტი, “დონგრატი”, ნასოსი, ნაწილების გასასინჯი, ძრავის მარეგულირებელი ტოსტერი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

მათვე სახრახნისის გამოყენებით გახსნეს გ. ა-ოვის ავტომანქანა “მოსკვიჩი” და მოიპარეს 35 ლარად ღირებული აკუმულატორი. მოპარული ნივთებით მ-შვილი, ზ-შვილი და ს-ძე პოლიციის მუშაკებმა დააკავეს დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე.

საკასაციო საჩივარში ადვოკატები ე. ლ-ძე და რ. გ-ნი უთითებენ, რომ მსჯავრდებულ მ-შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. მიუხედავად ბრალდების მამხილებელი უტყუარი მტკიცებულების არარსებობისა, სასამართლომ უკანონოდ დასდო მას მსჯავრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და მ-შვილის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას.

პროკურორი გ. მ-ძე მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა და საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში მოცემულ საქმეზე შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენში ნ. მ-შვილის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებები, კერძოდ: ნ. მ-შვილი აჩვენებდა, რომ 2000 წლის 25 დეკემბერს შეხვდა ზ-შვილსა და ს-ძეს. მათ გადაწყვიტეს გაექურდათ ავტომანქანები. 02 საათზე ... ქუჩაზე მდგარი თეთრი ფერის “რენო მოსკვიჩიდან” მოიპარეს აკუმულატორი, მტვერსასრუტი, დონგრატი, ნასოსი, ნაწილების სასინჯი. მანვე აღიარა ზ-შვილთან და ს-ძესთან ერთად ა-ოვის კუთვნილი ა/მანქანიდან აკუმულატორის მოპარვის ფაქტიც და დაადასტურა, რომ პოლიციის მუშაკებმა ისინი დააკავეს ნაქურდალი ნივთებით.

მართალია, შემდგომში, საქმის სასამართლოში განხილვისას, ნ. მ-შვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენებები გამოსძალეს პოლიციის მუშაკებმა ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით, მაგრამ სასამართლომ სწორად გააბათილა მისი ეს ვერსია საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით.

ის გარემოება, რომ დაზარალებულების, ი. წ-ლის და გ. ა-ოვის ა/მანქანებიდან ნივთების ქურდობაში კ. ზ-შვილთან და ი. ს-ძესთან ერთად მონაწილეობდა ნ. მ-შვილიც, დადასტურებულია კ. ზ-შვილის და ი. ს-ძის ჩვენებებითაც, რომლებიც წინასწარი გამოძიების ყველა ეტაპზე ამხელდნენ მ-შვილს ჩადენილ დანაშაულში. ის, რომ ... ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავტომანქანებიდან ნივთები მოიპარა სამმა ბიჭმა და ისინი იმყოფებოდნენ დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, დადგენილია პოლიციის მუშაკების ქ-შვილის და ჭ-ძის ჩვენებებით.

მათვე დაადასტურეს, რომ დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე მოპარული ნივთებით დააკავეს ნ. მ-შვილი, კ. ზ-შვილი და ი. ს-ძე, რომლებმაც ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ ნ. მ-შვილის მსჯავრდებას სწორად დაუდო საფუძვლად ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ნ. მ-შვილის ვერსიას იმის თაობაზე, რომ აღიარებითი ჩვენებები მისცა მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მასალა საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო პალატა, ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარს ნ. მ-შვილის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის მაკვალიფიცირებელი ნიშანი-მნიშვნელოვანი ზიანი შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენი ვერ ასაბუთებს ქურდობით წ-ლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს. თვით დაზარალებული წ-ელი თავის ჩვენებებში არ ადასტურებს, რომ მან დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი. მისივე განმარტებით, მოპარული ნივთები დაუბრუნდა და მას არავითარი პრეტენზია არ აქვს, სასაქონლო ექსპერტიზა ნივთების ღირებულების შეფასების მიზნით არ ჩატარებულა. ასეთ ვითარებაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ნ. მ-შვილი საცხოვრებელი ადგილიდან ხასიათდება დადებითად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მიატოვა დედამ და ზრდის ნ. მ-შვილის ასაკოვანი დედა, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ ნ. მ-შვილისათვის სასჯელის ერთი წლით შემცირება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 დეკემბრის განაჩენი ნ. მ-შვილის მიმართ შეიცვალოს – განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტი და შეფარდებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით შეუმცირდეს 2 წლამდე.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.