საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.10.2002
საქმის ნომერი
2კ-134აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 134-აპ 1 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ქარელის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 სექტემბრის განაჩენი მ.ხ-შვილის მიმართ დატოვებულ იქნა უცვლელად.

აღწერილობითი ნაწილი:

ქარელის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 სექტემბრის განაჩენით მ. ხ-შვილი ცნობილია დამანშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან მოუხდელი 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის განაჩენით დატოვებულ იქნა უცვლელად.

განაჩენით მ. ხ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

მ. ხ-შვილი გორის რაიონის სასამართლოს 1997წ. 5 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960წ. სსკ) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით.

საგამოცდო ვადის გასვლამდე მ. ხ-შვილმა ჩაიდინა ყაჩაღობა სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც გორის რაიონის სასამართლომ 1998წ. 14 აპრილის განაჩენით სასჯელთა შეკრების წესით განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2000წ. 30 დეკემბერს მ.ხარებაშვილი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

მიუხედავად აღნიშნულისა, მ. ხარებაშვილი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სახელდობრ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ. ხ-შვილმა ჩაიდინა ნ. თ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 28 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, მთვრალი მ. ხ-შვილი მივიდა სოფ. ... ლ. თ-შვილის სახლის წინ მყოფ ახალგაზრდებთან, სადაც მას შეკამათება მოუხდა ნ. თ-თან. მ.ხ-შვილმა იწყინა დაზარალებულის შენიშვნა, რომელიც მის გამომწვევ ქცევას და გინებას შეეხებოდა. უარის მიუხედავად, მ.ხ-შვილმა მოახერხა ნ.თ-ის სალაპარაკოდ გვერდზე გაყვანა, რა დროსაც მან წინ მიმავალ ნ.თიბილოვს განზრახ მოკვლის მიზნით უკანიდან სამჯერ დაარტყა დანა წელსა და გულმკერდის არეში, დანის პირი ნ. თ-ს სხეულში დარჩა. მიღებული ჭრილობები იყო სიცოცხლისათვის სახიფათო და დაზარალებული მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მ.ხ-შვილი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა მის ქმედებას და უსაფუძვლოდ დასდო ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.

კასატორი განმარტავს, რომ ნ.თ-ის მოკვლის განზრახვა მას არ ჰქონია, დანა გამოიყენა და ნ.თ-ს სხეულის დაზიანება მიაყენა თავდასხმისაგან თავის დაცვის მომენტში, რითაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ხ-შვილი ითხოვს მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 124-ე მუხლზე – ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით და ამ მუხლით სასჯელის განსაზღვრას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული მ.ხ-შვილი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ.ბ-ი მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.

პროკურორმა ა.ს-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის მოტივები, მუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ.ხ-შვილის საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ დანა რამდენჯერმე მოიქნია ნ.თ-ის და მისი თანასოფლელების თავდასხმის მოგერიების მიზნით, დანის ტარი ხელში შერჩა, რითაც მიხვდა, რომ დანა ვიღაცას მოარტყა, ამიტომ შეეშინდა და გაიქცა. მას ნ.თიბილოვის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

დაზარალრებულმა ნ.თ-მა როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში აჩვენა, რომ მ. ხ-შვილს შენიშვნა მისცა მის გამომწვევ ქცევასა და გინებასთან დაკავშირებით. ამის გამო, ისინი შეკამათდნენ. მ.ხ-შვილის მოთხოვნით მასთან ერთად გავიდა გვერდზე სალაპარაკოდ, რა დროსაც მ.ხ-შვილმა მოულოდნელად, უკანიდან ჯერ წელის არეში დაარტყა დანა, შემდეგ კი, როდესაც ჩაიკეცა, კვლავ უკანიდან ორჯერ დაარტყა დანა გულმკერდის არეში, ისე, რომ დანის პირი მას სხეულში ჩარჩა. დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო დაჭრის მომენტში მის გვერდით ვინმეს ყოფნის ფაქტი.

მ.ხ-შვილის მიერ ნ.თ-ის ზემოაღწერილ ვითარებაში გვერდზე გაყვანის ფაქტი დადასტურებულია თავად მსჯავრდებულ მ.ხ-შვილის, მოწმეების: ლ.თ-შვილის, ნ.გ-შვილის, გ.ე-ძისა და სხვათა ჩვენებებით.

წინასწარ გამოძიებაში ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სახით დაკითხვისას მ. ხ-შვილმა აჩვენა, რომ დაზარალებულმა ნ. თ-მა ურთიერთშელაპარაკების გამო, მას ფეხი მოუქნია და მარცხენა მხარში დაარტყა, რის გამოც ამოიღო დანა და დაზარალებულს დაარტყა მარცხენა მხარეს. მანვე, მეორედ დაარტყა ნ.თიბილოვს დანა იმავე მხარეს. როდესაც ნ.თ-ი მისკენ წავიდა, დანა მესამედაც დაარტყა მარცხენა ბეჭის არეში, რა დროსაც ხელში შერჩა დანის ტარი.

გააანალიზა რა მსჯავრდებულ მ.ხ-შვილის მიერ მიცემული ჩვენებები წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე, ასევე დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, სააპელაციო პალატა სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.თ-ის მხრიდან მსჯავრდებულ მ.ხ-შვილზე მართლსაწინააღმდეგო თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. ნ.თ-ის მიერ მიცემულ შენიშვნასთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო განაწყენებული მ.ხარებაშვილი მოქმედებდა ნ.თ-ის მოკვლის განზრახვით.

აღნიშნულს ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით ნ. თ-ს დანით მიყენებული აქვს სამი ჭრილობა _ წელის არეში მარცხნივ, ზურგის არეში და გულმკერდის არეში მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე ბასრი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას.

იმავე დასკვნით განისაზღვრა ჭრილობის არხის მიმართულება წელის არეში ზემოდან ქვემოთ, ზურგის არეში კი უკანიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჭრილობების მიმართულებები შეესაბამება დაზარალებულ ნ. თ-ის მიერ მითითებულ გარემოებებს.

სასამართლო ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ჭრილობები ნ. თ-ზე მიყენებულია წინასწარი გამოძიების დროს ამოღებული დანით და ნ.თ-ის მაისურზე არსებული დაზიანებები შეესაბამება სხეულზე არსებულ დაზიანებებს.

ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ.ხ-შვილმა ჩაიდინა ნ.თ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა. მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 19,108-ე მუხლით და არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს მ.ხარებაშვილის ქმედების სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ სასჯელი ნ.ხ-შვილს შეეფარდა ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ მ.ხ-შვილმა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ვადის გასვლამდე.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 21 სექტემბრის განაჩენი მ. ხ-შვილის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის განაჩენი მ. ხ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.