საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 136-აპ 19 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ნ. გვენეტაძე
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თიანეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განაჩენი. აღნიშნული განაჩენით დ. ქ-ძე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და შეეფარდა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 16 აგვისტოდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენითYდ. ქ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2001წ. 10 იანვარს, დაახლოებით 17 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ ნადოკრაში მცხოვრები ვ. ც-შვილი, დ. ქ-ძე და შ. ბ-შვილი ამავე სოფლის ცენტრში ქეიფობდნენ, სვამდნენ არაყს და იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. დაახლოებით 20 საათზე დ. ქ-ძე და შ. ბ-შვილი სუფრაზე შეკამათდნენ და ურთიერთობის გარკვევეის მიზნით, დაახლოებით ხუთი მეტრის მოცილებით გავიდნენ, რა დროსაც დაუწყეს ერთმანეთს გინება და ცემა.
ამ დროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დ. ქ-ძემ განიზრახა შ. ბ-შვიილს განზრახ მკვლელობა, ამოიღო დანა და ამ უკანასკნელს შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულზე, გულმკერდის მარცხენა ნახევარდსა და მუხლის არეში მიაყენა მრავლობითი ჭრილობა, მათ შორის, მუცლის არეში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია შინაგანი ორგანოების ევენტერაცია. ვ. ც-შვილმა, მ. ც-შვილმა და რ. ბ-შვილმა მოჩხუბრები გააშველეს და არ მისცეს დ. ქ-ძეს თავისი დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანის საშუალება. დ. ქ-ძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული შ. ბ-შვილი გადაყვანილ იქნა თიანეთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად იგი სიკვდილს გადარჩა.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განაჩენით დ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. ქ-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
იგი მიუთითებს, რომ შ. ბ-ს სხეულის დაზიანება მიაყენა სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა, რაც არ გაითვალისწინეს არც რაიონულმა სასამართლომ და არც სააპელაციო პალატამ. დ. ქ-ძე ითხოვს მძიმე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, განესაზღვროს სასჯელი.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ჭ-შვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან იშუამდგომლა მსჯავრდებულ დ. ქ-ძის ქმედების სსკ-ის 121-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის აღნიშნული მუხლის სანქციით განსაზღვრა.
მსჯავრდებული დ. ქ-ძე დაეთანხმა ადვოკატ ლ. ჭ-შვილის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა მ. ჩ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
დაზარალებულმა შ. ბ-შვილმა აღნიშნა, რომ დ. ქ-ძის მიერ დანის მუცლის არეში დარტყმის შედეგად ნაწლავები გადმოვიდა გარეთ და მას ხელთ ეჭირა ისინი, მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა სიკვდილს. მან კანონიერად მიიჩნია დ. ქ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ა. ს-შვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ დ. ქ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, ქმედების იურიდიული კვალიფიკაცია და სასჯელის ზომა მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მსჯავრდებულმა დ. ქ-ძემ და დაზარალებულმა შ. ბ-შვილმა სხვა პირებთან ერთად მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და იყვნენ მთვრალები ერთმანეთთან მოუხდათ შეკამათება, რაც შემდეგ გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც დ. ქ-ძემ რამდენჯერმე ჩაარტყა დანა შ. ბ-შვილს როგორც მუცლის, ასევე _ ზურგის მხრიდან ბეჭის არეში.
დაზარალებულ შ. ბ-შვილის მხრიდან არ ჰქონია რაიმე ისეთ უკანონო ძალადობას ან მძიმე შეურაცხყოფას ადგილი, რასაც შეეძლო გამოეწვია დ. ქ-ძის უეცარი ძლიერი სულიერი აღელვება.
პალატა თვლის, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა სწორად დაადგინეს საქმის გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მსჯავრდებულ დ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის განაჩენი დ. ქ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.