განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 26.09.2002
საქმის ნომერი
2კ-141აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 141-აპ 26 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებელ გ. უ-ას საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ივლისის განაჩენზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი თ. წ-ძის მიმართ, სასჯელის ლმობიერების მოტივით, გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განაჩენის გაუქმებისა და განსასჯელისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდების თაობაზე.

საკასაციო საჩივარი ითხოვს როგორც გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს, ასევე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას, სასჯელის მეტისმეტი ლმობიერების გამო და თ. წ-ძის მიმართ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

აღწერილობითი ნაწილი:

გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განაჩენით თ. წ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “დ” პუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “დ” პუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით, 341-ე მუხლით, საქართველოს 1960წ. სსკ-ის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 55-ე, 63-64-ე მუხლების გამოყენებით მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა იმავე ვადის პირობითი მსჯავრით.

თ. წ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მუშაობდა რა აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბესლეთის” დირექტორად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობითა და სიყალბეთა ჩადენის გზით, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობის ქონება _ 58110 ლარი.

პირობითი სასჯელის გამოყენების საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია შემდეგი გარემოებები: თ. წ-ძე ოჯახთან ერთად არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალი, მის კმაყოფაზე იმყოფება პირველი ჯგუფის ინვალიდი ორი და, რომელთაგან ერთი სრულიად უმოძრაოდ ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული, ჰყავს აფხაზეთის ომის მონაწილე ინვალიდი ძმა, თვითონაც ავადმყოფია, ხასიათდება დადებითად, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, გამოთქვამს მზადყოფნას თანდათანობით აანაზღაუროს ზარალი. გარდა ამისა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ისიც, რომ აფხაზეთის ქონების მართვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და ფონდ “აფხაზეთინვესტის” მეთვალყურეთა საბჭო სრულ უკონტროლობას იჩენდნენ თ. წ-ძის საქმიანობის მიმართ.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივარი თ. წ-ძის მიმართ სასჯელის იმ მხრივ გამკაცრების შესახებ, რომ გამოყენებული არ ყოფილიყო პირობითი სასჯელი.

საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. წ-ძის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ დააზუსტა საკასაციო საჩივარი და, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენების მიზანშეუწონლობის მოტივით, ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის გადაცემა ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

მსჯავრდებულმა თ. წ-ძემ და მისმა ადვოკატმა ა. კ-იამ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და პროკურორის საკასაციო მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ თ. წ-ძის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენების ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია თ. წ-ძის მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც სადავოდ არ ხდის არც მსჯავრდებული. ეს დანაშაული განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის ღონისძიებად ითვალისწინებს ექვსიდან _ თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

დანაშაულის ჩადენიდან ექვს წელზე მეტი, ხოლო საქმის განსახილველად სასამართლოში გადაცემიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, მსჯავრდებულს არ მიუღია თითქმის არავითარი ღონისძიება ზარალის ასანაზღაურებლად.

ასეთ ვითარებაში, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია თ. წ-ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებასთან ერთად, 63-ე მუხლის გამოყენებაც.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, აანაზღაურა თუ არა მთლიანად ან ნაწილობრივ თ. წ-ძემ მითვისებული თანხა. ამასთან, დამატებით გამოკვლეულ უნდა იქნეს თვითონ თ. წ-ძისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესაბამისად განისაზღვროს სასჯელის სამართლიანი ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ივლისის განაჩენი თ. წ-ძის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.