საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.10.2002
საქმის ნომერი
2კ-148აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 148-აპ 1 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს პროკურორ დ. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის განაჩენში ე. კ-ის მიმართ და მას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის ათვლა დაეწყო 2001წ. 13 აგვისტოდან.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის განაჩენით ე. კ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

განაჩენით ე. კ-ვს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან 2001წ. 4 ივნისს, გარდაბნის რაიონის სოფ. ... ურთიერშელაპარაკების დროს, მოკვლის განზრახვით, მუცლის არეში დანა დაარტყა თანასოფლელ ზ. ა-ს, რომელსაც მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება. კვალიფიციური და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ზ. ა-ვი სიკვდილს გადაარჩინეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დ. შ-ვა ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 56-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, როდესაც მკვლელობის მცდელობისათვის განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე ნაკლები, ისე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია სსკ-ის 55-ე მუხლი.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-ძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ე. კ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული; ამასთან, მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა. პროკურორმა, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ე. კ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ე. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის ერთობლივი მასალებით უტყუარადაა დადგენილი და მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ე. კ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას დაარღვია საქართველოს სსკ 56-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა პალატა ვერ დაეთანხმება. საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილი არეგულირებს დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის დანიშვნის წესს, სადაც მითითებულია, რომ დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ე. კ-ის მიმართ, განზრახი მკვლელობის მცდელობისათვის, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა თავსდება სსკ-ის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ზომის სამ მეოთხედში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განაჩენი ე. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.