დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 150-აპ 3 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-შვილის და ადვოკატ შ. ფ-ვას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის განაჩენზე, რომლითაც დ. გ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით, 1960წ. სსკ-ის 129-ე მუხლით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელს იხდის 2000წ. 11 ივლისიდან.
საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ დ. გ-შვილის გამართლებას.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით დ. გ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2000წ. 17 იანვარს, დაახლოებით 20 საათზე, მართავდა თავის ავტომანქანა “ფოლცვაგენს” და მოძრაობდა ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით, 30-40 კმ\სთ სიჩქარით. როდესაც მიუახლოვდა ი. ჭავჭავაძის გამზირზე ¹54 სახლს, დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: “ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მოძრაობის ზოლის შეუცვლელად მძღოლი რთავს საავარიო მაშუქ სიგნალიზაციას, ანელებს მოძრაობას და ჩერდება”. უგულვებელყო რა აღნიშნული მუხლის მოთხოვნა იმ დროს, როდესაც შემხვედრმა ავტომანქანის მაშუქებმა მას თვალი მოჭრა, მოძრაობა განაგრძო ისე, რომ ვერ აკონტროლებდა გზის სავალ ნაწილს. ასეთ სიტუაციაში მოძრაობისას ის ავტომანქანით დაეჯახა ფეხით ქუჩის გადამკვეთ ნ. გ-შვილს, რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მძღოლმა დ. გ-შვილმა, ნაცვლად იმისა, რომ დახმარება აღმოეჩინა დაზიანებული ნ. გ-შვილისათვის, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, შეგნებულად მიატოვა იგი განსაცდელში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2000წ. ივნისში ნ. გ-შვილი გარდაიცვალა, მაგრამ მისი სიკვდილი დაკავშირებული არ ყოფილა ზემოაღნიშნულ ავტო-საგზაო შემთხვევასთან.
საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცეს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და დაადგინეს უკანონო გამამტყუნებელი განაჩენი. ობიექტურად, დ. გ-შვილს შესაძლებლობა არ ჰქონდა, თავიდან აეცილებინა მოქალაქე ნ. გ-შვილზე ავტომანქანის შეჯახება და, ამდენად, მისი დასჯა სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით, უკანონოა.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატებმა შ. ფ-ამ და კ. გ-შვილმა, მსჯავრდებულმა დ. გ-შვილმა ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ლ. გ-შვილმა, ადვოკატმა თ. ნ-იამ და პროკურორმა ა. ს-შვილმა ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ წინასწარი გამოძიების დროს სისტემატურად ირღვეოდა დ. გასიტაშვილის დაცვის უფლება, პროკურატურამ უკანონოდ გაითხოვა საქმე სასამართლოდან და დ. გ-შვილს უსაფუძვლოდ ჰქონდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შერჩეული. არც ერთი აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებას არ პოულობს და დ. გ-შვილის ბრალეულობასთან თუ უდანაშაულობასთან კავშირში არ არის.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის არც იმ მოსაზრებას, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენი დამყარებულია მხოლოდ მოსამართლის ვარაუდებზე და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. პალატა აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს განაჩენი, ისევე როგორც სააპელაციო პალატის განაჩენი, ეყრდნობა საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის ანალიზსა და შეფასებებს.
უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად უარყო ალტერნატიული და კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები.
საქართველოს სსსკ-ის 374-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: “ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის, მაგრამ, თუ იგი არ ეთანხმება დასკვნას, ეს მოტივირებული უნდა იყოს”.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაკითხა რა ექსპერტი, საკმაოდ დასაბუთებულად და მოტივირებულად უარყო მისი დასკვნა. გამამტყუნებელი განაჩენი კი დაამყარა სხვა მტკიცებულებებსა და საქმის მასალების ლოგიკურ ანალიზზე, რისი უფლებაც სასამართლოს გააჩნდა.
ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ დ. გ-შვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი კანონიერია, სასჯელი განსაზღვრულია სამართლიანად და საკასაციო საჩივრის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის განაჩენი დ. გ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად;
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.