დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 168-დად 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა დაზარალებულ ე. ბ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატის ც. მ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული რუსთავის საქალაქო პროკურატურის გამომძიებლის 2002წ. 21 აპრილის დადგენილება მ. ჩ-ას მიმართ სისხლის სამართლის დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
საჩივარი ითხოვს სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას და საქმის გადაცემას პროკურატურისათვის მ. ჩ-იას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის მიზნით.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 10 ივლისს რუსთავის საქალაქო პროკურატურაში საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მცირეწლოვან ო. ბ-ძის გარდაცვალების ფაქტზე.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: 2001წ. 11 ივნისს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, ქ. რუსთავში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მაწანწალა ძაღლმა შუბლის არეში დაკბინა 6წ. ო. ბ-ძე. აღნიშნული ფაქტის შესახებ ო. ბ-ძის დედამ იმავე საღამოს ტელეფონით აცნობა ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ მ. ჩ-იას, რომელმაც იმ მოტივით, რომ სამუშაო საათები დამთავრებული იყო, დაკბენილი ბავშვი მეორე დილისათვის დაიბარა.
2001წ. 12 ივნისს, დაახლოებით დილის 10 საათზე ო. ბ-ძე დედამ მიიყვანა მ. ჩ-სთან, რომელმაც ¹1 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის რაბიოლოგიური განყოფილებიდან გამოიძახა ექთანი ნ. მ-შვილი და გადასცა მას ანტირაბიული ვაქცინა “ - ც 315 კ 119”. აღნიშნული ვაქცინა ექიმ-რაბიოლოგ შ. ვ-ძის მითითებით, იმავე დილით ექთანმა ნ. მ-შვილმა გაუკეთა ო. ბ-ძეს, რითაც მას დაეწყო ანტირაბიული ამბულატორიული მკურნალობის არასრული კურსი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მოქმედი ინსტრუქციის თანახმად სახისა და თავის არეში დაკბენის შემთხვევაში პაციენტს პირველ რიგში უნდა გაუკეთდეს ანტირაბიული იმუნოგლობულინი, ხოლო შემდეგ _ ანტირაბიული ვაქცინა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ო. ბ-ძეს გაუკეთდა მხოლოდ ანტირაბიული ვაქცინა, რაც განმეორდა 15, 19 და 26 ივნისს.
ძაღლი, რომელმაც ო. ბ-ძე დაკბინა, მოკვდა 14 ივნისს. მისი პათ-მასალის ლაბორატორიული გამოკვლევით დადგენილ იქნა ცოფის დიაგნოზი, რის გამოც ო. ბ-ძისათვის დანიშნული ანტირაბიული ამბულატორიული მკურნალობის არასრული კურსი შეიცვალა სრულ კურსად.
მეოთხე ინექციის შემდეგ ექიმების თანხმობით ო. ბ-ძე მშობლებმა წაიყვანეს სოფელში, საიდანაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 7 ივლისს გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, მაგრამ 8 ივლისს იგი გარდაიცვალა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ო. ბ-ძის სიკვდილის მიზეზი გახდა თავის ტვინის შეშუპება განვითარებული მწვავე ინფექციურ-ვირუსული დაავადების – ცოფის შედეგად.
კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ცხოველთან კონტაქტის დროს მიღებული ჭრილობის ლოკალიზაციის გათვალისწინებით ო. ბ-ძის მიმართ საჭირო იყო კომბინირებული მკურნალობის ჩატარება, რაც ევალება ქირურგ-რაბიოლოგს. მოცემულ შემთხვევაში პროფილაქტიკური ანტირაბიული მკურნალობა ო. ბ-ძეს ჩაუტარდა არსებული ინსტრუქციის დარღვევით, რასაც მოჰყვა დაავადების განვითარება და მისი სიკვდილი. ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მ. ჩ-ია არ არის ქირურგი-რაბიოლოგი და ანტირაბიული მკურნალობის კურსის დანიშვნა და ჩატარება მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ანტირაბიული მკურნალობის დანიშვნის და ჩატარების უფლება აქვს ქირურგს ან ტრავმატოლოგს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ანტირაბიული მომზადების მოკლევადიანი კურსი ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიის ბაზაზე. პროფილაქტიკური ანტირაბიული მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებშიც და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ო. ბ-ძე არ საჭიროებდა სტაციონარულ პროფილაქტიკურ მკურნალობას. პროფილაქტიკური ანტირაბიული მკურნალობის დაწყება მაღალეფექტურად ითვლება პირველი 24 საათის განმავლობაში.
დამატებითი კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მ. ჩ-ია არ არის რაბიოლოგი და ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის კურსის დანიშვნა და ჩატარება მას არ ევალებოდა. იგი ვალდებული იყო, ზოგადად უზრუნველეყო ქ. რუსთავში ანტირაბიული სამსახურის ჯეროვანი ორგანიზება, რაც ითვალისწინებს დაუყოვნებლივი ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყების შესაძლებლობას. ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა ო. ბ-ძეს დაეწყო ცხოველთან კონტაქტიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ. ვინაიდან მკურნალობა მიმდინარეობდა არსებული ინსტრუქციის დარღვევით, ექსპერტიზას არ გააჩნია რაიმე ობიექტური საფუძველი მ. ჩ-იას ქმედების დამდგარ შედეგთან დასაკავშირებლად.
ზემოაღნიშნულ საექსპერტო დასკვნებსა და გამოძიების სხვა მასალებზე დაყრდნობით 2002წ. 21 აპრილს გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მ. ჩ-იას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მის მოქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით. რუსთავის საქალაქო პროკურორმა 21 ივნისს ო. ბ-ძის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ექიმ შ. ვ-ძის მიმართ გამოძიების ჩასატარებლად ქვემდებარეობის მიხედვით გადაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილებას. გამომძიებლის 2002 წ. 10 ივლისის დადგენილებით ექიმი შ. ვ-ძე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით.
2002წ. 28 ივნისს დაზარალებულ ე. ბ-ძის ადვოკატმა ც. მ-ძემ საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც ითხოვა გამომძიებლის 21 აპრილის დადგენილების გაუქმება და მ. ჩ-ას მიმართ გამოძიების გაგრძელება მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2002წ. 18 ივლისის დადგენილებით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს დადგენილება დაუსაბუთებელია, მასში პასუხი არ არის გაცემული საჩივარში დაყენებულ რიგ საკითხებზე და ითხოვს როგორც ამ დადგენილების, ასევე გამომძიებლის დადგენილების გაუქმებას.
პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ე. ბ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ც. მ-ძემ ითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ზ. მ-ვამ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით უდავოდ დადგენილია ის ფაქტი, რომ მცირეწლოვან ო. ბ-ძის სიკვდილი განაპირობა მკურნალობის არასწორად წარმართვამ. ამასთან, უდავოდ დადგენილია ისიც, რომ მკურნალობის ჩატარება ევალებოდა ექიმ-რაბიოლოგ შ. ვ-ძეს და არა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ მ. ჩ-იას. ამ უკანასკნელის მოვალეობაში შედიოდა ზოგადად უზრუნველეყო ანტირაბიული სამსახურის ჯეროვანი ორგანიზება. ამ მიმართებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება არა აქვს ჩადენილი, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა როგორც გამოძიებამ, ასევე, სასამართლომაც.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მცირეწლოვან ო. ბ-ძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება და სრული შესაძლებლობა არსებობს, დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისმა ბრალეულმა ქმედებამაც განაპირობა დამდგარი მძიმე შედეგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაზარალებულ ე. ბ-ძის ადვოკატის საჩივარი მ. ჩ-იას მიმართ სისხლის სამართლის დევნის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმების შესახებ, დარჩეს უცვლელად.
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.