საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.09.2002
საქმის ნომერი
2კ-170დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 170-დად 19 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ადვოკატ მ. ც-იას კერძო საკასაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული საჩხერის რაიონის პროკურატურის 2001წ. 24 დეკემბრის დადგენილება ზ.შ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. დეკემბერში ხ.ა-ძემ და ლ.მ-ძემ განცხადებით მიმართეს საჩხერის რაიონის პროკურორს იმის შესახებ, რომ გორისის საშუალო სკოლასთან ამავე სოფლის მკვიდრმა ზ.შ-შვილმა, მათი რელიგიური რწმენის გამო, იმასთან დაკავშირებით, რომ არიან ,,იეღოვას მოწმეები,’’ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. განცხადების ავტორებმა მოითხოვეს ზ.შ-შვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

საჩხერის რაიონის პროკურატურამ ჩაატარა მოკვლევა და 2001წ. 24 დეკემბერს პროკურორის თანამშეწე ი.მ-ძემ გამოიტანა დადგენილება ზ.შ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილებით, ხ.ა-ძის, ლ.მ-ძისა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.ც-იას საჩივარი საჩხერის რაიონის პროკურატურის 2001წ. 24 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ხ.ა-ძე, ლ.მ-ძე და მათი ადვოკატი მ.ც-ია ითხოვენ საჩხერის რაიონის პროკურატურის 2001წ. 24 დეკემბრის, ამავე რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილებების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადასაწყვეტად საქმის მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას.

საჩივარში მითითებულია, რომ მოკვლევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებენ ზ.შ-შვილის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 142-ე, 151-ეM 156-ე და 239-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატებმა მ.ც-იამ და მ.ჭ-შვილმა მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ზ.შ-შვილმა განმარტა, რომ მას რელიგიური რწმენის გამო შეურაცხყოფა ხ.ა-ძისა და ლ.მ-სთვის არ მიუყენებია, ამ უკანასკნელებს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ მათ უწოდეს დებილი. იგი აღნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ითხოვს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე.ქ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილება მიიჩნია დასაბუთებულად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ თითქოს ზ. შ-შვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულობები, მათ შორის რელიგიური რწმენის გამო, ხ.ა-ძისა და ლ.მ-ძის შეურაცხყოფა, ხულიგნობა, მუქარა და სხვა. ასეთის დამადასტურებული უტყუარი მტკიცებულებები მოკვლევის მასალებში არ მოიპოვება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია მოკვლევის მასალები და მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობს საჩხერის რაიონის პროკურატურის 2001წ. 24 დეკემბრის, ამავე რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილებების გაუქმების და კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ხ.არსენიძის, ლ.მ-ძისა და ადვოკატ მ.ც-იას საჩივარი ამავე რაიონის პროკურატურის 2001წ. 24 დეკემბრის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.