დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.12.2002
საქმის ნომერი
2კ-265დად.-02
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.12.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 265-დად 5 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი. ბ-შვილისა და მ. ჯ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 9 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების შეცვლას და მ. ა-ძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებას მისი ჯანმრთელობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს განაჩენით მ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენისა და სხვისი ქონების დიდი ოდენობით მითვისებისათვის და მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა ორი წლით.

მსჯავრდებულ მ. ა-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა 2002წ. 1 მარტს შუამდგომლობით მიმართეს თბილისის საოლქო სასამარათლოს და ითხოვეს საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განაჩენის აღსრულების გადავადება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის არსებითად გაუმჯობესებამდე და მისი შვილის 5 წლის ასაკის მიღწევამდე.

სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი არ არის მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობა. ამასთან, სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტი განაჩენის აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს მსჯავრდებული ქალის მიმართ, რომელსაც 5 წელზე მცირე ასაკის შვილი ჰყავს და არა მსჯავრდებული მამაკაცის მიმართ.

კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლო კოლეგიის განჩინებას მიიჩნევს უკანონოდ და ითხოვს მის შეცვლას იმ მოტივით, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და საქმის მასალებს არ მისცა ობიექტური შეფასება.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ი. ბ-შვილმა და მ. ჯ-შვილმა ითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ა. ს-შვილმა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოების გამო:

საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია მსჯავრდებულის დაავადება მძიმე ავადმყოფობით. მ. ა-ძის მიმართ ასეთი საექსპერტო დასკვნა არ არსებობს. კერძო საკასაციო საჩივრის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა დაენიშნა დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ახალი მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელია, გაცემულიყო დასკვნა მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე, უსაფუძვლოა და სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ განჩინების გამოტანის მომენტისათვის მ. ა-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება უკვე დაწყებული იყო. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საკითხი შეიძლება განხილული და გადაწყვეტილ იქნეს სსსკ-ის 608-ე მუხლით დადგენილი წესით და არა იმავე კოდექსის 607-ე მუხლში მითითებული პროცედურების დაცვით.

პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ა-ძის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველს იძლეოდა სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი. საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ და კონკრეტულად განსაზღვრავს, რომ სასჯელის მოხდა შეიძლება გადაევადოს მხოლოდ მსჯავრდებულ ქალს, რომელსაც ჰყავს ხუთ წლამდე ასაკის შვილი. ამდენად, სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი მსჯავრდებულ მამაკაცზე არ ვრცელდება.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინება კანონიერია და მისი შეცვლის ან გაუქმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 9 ოქტომბრის დადგენილება მსჯავრდებულ მ. ა-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.