კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 541 2 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ბრალდებულ დ. მ-ძის კერძო საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 6 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებაზე, რომლითაც დ. მ-ძის ბრალდების საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტებით, დამატებით, გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით დ. მ-ძეს ბრალი დაედო იმისათვის, რომ მუშაობდა რა ქუთაისის ადვოკატურის ადვოკატად, არაერთგზის ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა იმის გამო, რომ პროკურორმა დაარღვია “ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით: “ადვოკატის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლება აქვთ საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის პროკურორებს". მოცემულ შემთხვევაში კი ადვოკატ დ. მ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულ იქნა ქ. ქუთაისის პროკურორის მიერ. საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება იშუამდგომლა პროკურორმა, რაც, სსსკ-ის 426-ე მუხლის “ბ" პუნქტის თანახმად, სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ბრალდებული დ. მ-ძე ითხოვს სასამართლო კოლეგიის განჩინების გაუქმებას, მიუთითებს, რომ “ადვოკატთა შესახებ" კანონი გამოქვეყნდა 2001წ. 6 ივლისს, ხოლო საქმე მის მიმართ კი ქუთაისის პროკურორის მიერ აღძრულ იქნა 2001წ. 3 ივლისს. ასეთ შემთხვევაში პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტისას არ ყოფილა იმ დროს მოქმედი საპროცესო კანონი დარღვეული.
პალატის სხდომაზე ბრალდებულმა დ. მ-ძემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ წინასწარი გამოძიების დროს არ დარღვეულა “ადვოკატთა შესახებ" კანონის მოთხოვნა და იშუამდგომლა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგებლობას შემდეგ გარემოებათა გამო: სწორია კერძო საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ “ადვოკატთა შესახებ" კანონი საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა 2001წ. 6 ივლისს. კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. რაც შეეხება დ. მ-ძის სისხლის სამართლის საქმეს, ქუთაისის პროკურორის მიერ იგი აღძრულ იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, 2001წ. 3 ივლისს, ე.ი. საქმის აღძვრის საკითხის გადაწყვეტისას პროკურატურის მიერ არ ყოფილა დარღვეული იმ დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონი.
ამდენად, სასამართლო კოლეგიის განჩინებაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 6 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება დ. მ-ძის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ გაუქმდეს და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.