საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 106-კოლ 28 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ზ. ს-ას, გამართლებული ქ. მ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 მარტის დადგენილებაში ქ. მ-შვილის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 23 ოქტომბერს შიდა ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქ. მ-შვილის მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლით, 186-ე და 187-ე მუხლების მეორე ნაწილებით (1960წ. სსკ).
გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 13 აგვისტოს განაჩენით ქ. მ-შვილი გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 23 სექტემბრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999წ. 5 ნოემბრის განჩინებით ქ. მ-შვილის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000წ. 15 მარტის დადგენილებით ზემოთ მითითებული განაჩენი და განჩინება გაუქმდა საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს. გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 იანვრის განაჩენით ქ. მარწყვიშვილი გამართლდა სსკ-ის 191-ე მუხლით შერაცხული ბრალდების ეპიზოდში. ეს განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 15 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად. უცვლელად დარჩა იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 24 ივლისის განჩინებითაც.
ქ. მ-შვილმა 2002წ. 21 იანვარს განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მისი რეაბილიტაციისა და სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
გორის რაიონული სასამართლო 2002წ. 26 მარტის დადგენილებით ქ. მარწყვიშვილი რეაბილიტირებულ იქნა გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 იანვრის განაჩენის საფუძველზე.
ამავე დადგენილებით ქ. მ-შვილის მოთხოვნა სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სასამართლომ დაადგინა ქ. მ-შვილისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების _ 540 ლარის, ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის 420 ლარის, უკანონო ბრალდებით მიყენებული მორალური ზიანის _ 2000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლომ ასევე დაადგინა ქ. მ-შვილის რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ორგანოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებულ დადგენილებაში ცვლილება შევიდა იმ მიმართებით, რომ ქ. მ-შვილის რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება დაევალა არა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ორგანოს, არამედ – გაზეთებს: “7 დღე" და “რეზონანსი".
რეაბილიტირებული ქ. მ--შვილი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინებაში ცვლილების შეტანას და მისი მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილებას _ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას _ 10000 ლარის ოდენობით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას _ 50000 ლარის ოდენობით.
კერძო საკასაციო საჩივრის ავტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ქ. მ-შვილს მორალური ზიანი არ განუცდია და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც ეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას. კასატორი ამ მოსაზრებას ასაბუთებს იმით, რომ ქ. მ-შვილს არ წარუდგენია მის მიერ განცდილი მორალური ზიანის _ ფიზიკური და სულიერი ტანჯვის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
რეაბილიტირებული ქ. მ-შვილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი ნ. უ-ძე მხარს უჭერენ კერძო საკასაციო საჩივრებს.
პროკურორი გ. მ-ძე ითხოვს სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელციო სასამართლოს განჩინება მოცემილ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. მ-შვილი გამართლდა მისთვის ბრალად შერაცხულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1998 წელს და თითქმის სამიწ. განმავლობაში მიმდინარეობდა წინასწარი და სასამართლო გამოძიება. ამ ხნის განმავლობაში სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედებებმა შელახეს არა მხოლოდ ქ. მ-შვილის ავტორიტეტი, არამედ მისი ღირსება და რეპუტაცია, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა მორალური ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად დააკმაყოფილა ნაწილობრივ ქ. მ-შვილის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ 2000 ლარის ოდენობით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსახლეობის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 20 ლარს, ხოლო პენსია _ 14 ლარია. 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტში რეაბილიტირებულ პირთათვის კი გამოყოფილია 50000 ლარი. ამდენად, ქ. მ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს 50000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის, ხოლო 10000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ პალატა არ იზიარებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასევე არ იზიარებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 სექტემბრის განჩინება ქ. მ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.