საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.02.2012
საქმის ნომერი
2კ-7აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.02.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹7აპ-12 ქ. თბილისი

16 თებერვალი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის განაჩენით მ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. გ-ს ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ჯ-ს ეპიზოდი) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ს-ს ეპიზოდი) _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ. ს-ს ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ს-ს ეპიზოდი) დანიშნულ სასჯელს _ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა ყველა სხვა ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 21 ოქტომბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ მ. კ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქმე ¹471აპ-11 14 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ა-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2010 წლის 23 თებერვლის რედაქცია) 11-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს _ 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნახევარი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ ო. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

განაჩენით ო. ა-ს მსჯავრი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და ანგარებით.

განაჩენის მიხედვით, ო. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 5 ივნისს თბილისში, თემქის დასახლების ... კორპუსის ეზოში, ო. ა-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ძმას – პ. ა-ს და ხელჯოხით დაუწყო ცემა, რის შედეგადაც პ. ა-მა სხეულის სხვადასხვა არეში მიიღო დაზიანებები, კერძოდ: ნაჭდევი – შუბლის თხემის შუა მიდამოში, წარბთაშუა სივრცეში, ცხვირზე, მარცხენა წარბის გარეთა კიდეში, ორივე მუხლსა და ორივე წვივზე; სისხლნაჟღენთები _ მარცხენა ყურის ნიჟარასა და მარცხენა ხელის მტევანზე; ცემის შედეგად ო. ა-მა პ. ა-ს ასევე მიაყენა მარცხენა ხელის მტევნის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამის შემდეგ ო. ა-მა კვლავ ჩაიდინა დანაშაული პ. ა-ის მიმართ, კერძოდ: წლების განმავლობაში ო. ა-ი ძმასთან – პ. ა-თან ერთად ცხოვრობდა მშობლებისეულ სახლში, მდებარე თბილისში, თემქის დასახლება..., ძმები ხშირად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს და ნასვამობის მიზეზით სისტემატურად მოსდიოდათ კონფლიქტი. 2010 წლის ზაფხულიდან, იმის გამო, რომ პ. ა-მა არ მისცა საშუალება ო. ა-ს, გაეყიდათ მათი საერთო საცხოვრებელი ბინა, მათ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა და უკვე ამ მოტივით ო. ა-ი განაგრძობდა პ. ა-ის სისტემატურ ცემას. ბოლო პერიოდში პ. ა-ი ავადმყოფობდა და ხშირად იწვა, ხოლო ო. ა-ი სარგებლობდა იმ გარემოებით, რომ ფიზიკურად ძმაზე ძლიერი იყო და სისტემატურად აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხშირად მეზობლების თანდასწრებითაც გამეტებით ურტყამდა თავში ხელჯოხს. მას შემდეგ კი, რაც მეზობლებმა მისი ქმედებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს, ო. ა-ი შეეცადა, შეენიღბა თავისი დანაშაულებრივი ქმედება და ღამღამობით, ბინაში ძმასთან მარტო ყოფნისას, აგრძელებდა პ. ა-ის ცემას, ვინაიდან პ. ა-ი მას კვლავ არ აძლევდა თანხმობას თავიანთი საცხოვრებელი ბინის გაყიდვაზე. 2010 წლის 23 ივლისს, აღნიშნულ ბინაში ყოფნის დროს, ნასვამმა ო. ა-მა გადაწყვიტა თავისი ძმის მოკვლა, რათა ეს ბინა მას დარჩენოდა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი მიუახლოვდა ლოგინში მწოლიარე, უმწეო მდგომარეობაში მყოფ თავის ძმას – პ. ა-ს და რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც იგი, თავის არეში მიყენებული დაზიანების გამო, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ო. ა-ი დააკავეს იმავე დღეს თავისი საცხოვრებელი ბინის ეზოში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ა-მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამართლებას ანგარების მოტივით ძმის მკვლელობაში და მის დასჯას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), აგრეთვე მის მიმართ ამ მუხლების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა და 2011 წლის 4 ივლისის განაჩენით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ო. ა-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ო. ა-მა და მისმა დამცველმა ვ. ა-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას ო. ა-ის სასიკეთოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით, ხოლო ბრალდების სხვა ნაწილში მის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში _ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ო. ა-ის საქმის მასალები და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ თავისი ძმის – პ. ა-ის განზრახ მკვლელობის ჩადენისას ო. ა-ი მოქმედებდა ანგარებითი მოტივით, რადგან საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ეყრდნობა განაჩენი, საფუძველი ასეთი დასკვნისათვის არ არსებობს. თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლო უთითებს მოწმეების _ ვ. მ-ის, ხ. ბ-ის, ნ. ბ-ას, მ. გ-ისა და მ. ბ-ის ჩვენებებზე, მაგრამ არც ერთი ამ ჩვენებიდან არ გამომდინარეობს, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ძმის მკვლელობისას ო. ა-ი მოქმედებდა ანგარებითი მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღებისაკენ სწრაფვაში. ყველა მოწმის ჩვენებიდან უდავოდ დასტურდება მხოლოდ ერთი არსებითი ფაქტობრივი გარემოება: შემთხვევამდე ერთი წლით ადრე ძმებ ა-ებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ო.ი სისტემატურად სცემდა პ.ს, რადგან იგი ო.ს არ აძლევდა მათი საერთო ბინის გაყიდვის უფლებას. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რატომ ითხოვდა ამ ბინის გაყიდვას ო. ა-ი, ამას განმარტავს თვითონ მსჯავრდებული სასამართლოებისათვის მიცემულ ჩვენებებში, რომელთა მიხედვით, მას სურდა საერთო საკუთრებიდან თავისი წილის მიღება, ხოლო ძმას თავისი წილი დარჩებოდა გაყიდული ბინის ღირებულებიდან. ო. ა-ის ჩვენებები სააპელაციო სასამართლომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა იმ პირობებში, როდესაც საქმეში ფაქტობრივად არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი თავისი მოქმედების მოტივაცია. ამასთან, მსჯავრდებულის პოზიციას ვერ აბათილებს ზემოხსენებული მოწმეების ჩვენებებიც, რომლებითაც მხოლოდ შემდეგი რამ დასტურდება: ძმებს შორის ჩხუბი მხოლოდ მათი საერთო ბინის გაყიდვა-არგაყიდვის მიზეზით ხდებოდა და არა იმის გამო, რომ ო. ა-ი როდისმე პრეტენზიას გამოთქვამდა ძმის მიმართ, რომ ბინა მთლიანად მისი იყო ან მთლიანად მისთვის უნდა დაეთმო. ასეთი ფსიქოლოგიური საფუძველი კი, რამაც ო. ა-ს მკვლელობის ქმედების ჩადენისაკენ უბიძგა, არ შეიძლება შეფასდეს როგორც ანგარებითი მოტივი.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ ო. ა-ის ბრალდების საქმეზე არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მე-18 მუხლით, იმავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილითა და 496-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, რამაც საბოლოოდ ნეგატიური გავლენა მოახდინა საქმის სამართლებრივ შედეგზე _ მსჯავრდებულის კანონიერი ინტერესების საზიანოდ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ისეთ არსებით საპროცესო დარღვევას, რაც, საქართველოს სსსკ-ის (მითითებული რედაქცია) 562-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა განვიხილოთ როგორც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.

განხილული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ო. ა-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ო. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია სხვა ნაწილში, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, უნდა დარჩეს უცვლელად. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მსჯავრდებულ ო. ა-ს, აღნიშნული ქმედების სიმძიმისა და მისი ჩადენის პირობების, აგრეთვე თვით მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რასაც უნდა დაემატოს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნახევარი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის (მითითებული რედაქცია) 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ო. ა-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. მსჯავრდებულ ო. ა-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) 11-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით დაემატოს განაჩენით მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის ნახევარი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ო. ა-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.