საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.03.2000
საქმის ნომერი
2კ-14საზ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 14\საზ 22 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის

თავმჯდომარეობით

პალატის მოსამრთლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის,დ. ჩიტლოვის შემადგენლობით

განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 1 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასა-მართლო

კოლეგიის 1998 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დ. მ-შვილი, ქართველი, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, უმუშევარი, ამჟამადპატიმრობაში მყოფი, ცნობილ იქნა დამნაშავედ: სსკ 2091-ე მუხლის პირველი ნაწილით დასასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ 152-ე მუხლის II ნაწილის I და V პუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ 91-ე მუხლის IV ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ 154- ე მუხლის II ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ 150- ე მუხლის III ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ 238-ე მუხლის IV ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ მე-40 მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და ერთობლიობით სასჯელის ზომად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.

ამასთან, დ. მ-შვილს დ. ლ-ძესთან ერთად დაზარალებულ თ. გ-იას სასარგებლოდ

სოლიდარულად დაეკისრა 21 960 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდა ლარებში; დაზარალებულ ბ. ხ-შვილის სასარგებლოდ სოლიდარუ-ლად დაეკისრა 1 600 აშშ დოლარის ექვივალეტური თანხის გადახდა ლარებში, ხოლო გ. მ-ის სასარგებლოდ - 9 240 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის გადახდა ლარებში.

განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

განაჩენით დ. მ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1992 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით დილის 9 საათზე, სათა-ნადო ნებართვის გარეშე "მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით და ხელყუმბარით შეიარაღებული დ. მ-შვილი ავტომანქანა "მოსკვიჩი“ _ 2141-ით ძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მიემართებოდა თბილისში, ულიანოვკის ქუჩაზე, სადაც ¹ 43 სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს პოლიციის მუშაკებმა. მათ შემოწმების მიზნით დ. მ-შვილს მოთხოვეს მანქანის ტექნიკური პასპორტი და მართვის მოწ-მობა. როდესაც მას არავითარი მოწმობა არ აღმოაჩნდა, პოლიციელებმა მოსთხოვეს გაჰყოლოდა პოლიციის განყოფილებაში. მან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ამოიღო "მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ესროლა პოლიციის თანამშრომელ კ-შვილს, რომელსაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანება. შემდეგ - პოლიციის თანამშრომელ თ. ე-შვილს რომელსაც მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ბოლოს ესროლა ს. გ-ძეს, რომელსაც მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

გარდა ამისა, 1993-1995 წლებში მან ჩაიდინა ყაჩაღობა პირთა ჯგუფთან ერთად ბინაში შეღწევით, ქურდობა და გამოძალვა დამამძიმებელ გარემოებებში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.

მსჯავრდებულის დამცველი, ადვოკატი გ. ძ-ე მოითხოვს მსჯავრდე-ბულის მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ 2091 მუხლიდან ამავე კოდექსის 114-ე მუხლზე და, შესაბამისად, _ სასჯელის შემცირებას.

საზედამხედველო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება მისი კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამო და ცნო, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ დ. მ-შვილის ბრალი სსკ 2091 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მთლიანად დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული გ. დ-ძის, დაზარალებულ რ. კშვილის მეუღლის მ. ბ-შვილისა და დაზარალებულების თ. ე-შვილის, ე. გ-ძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათ-ვალიერების ოქმებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ცნობებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

წინააღმდეგობრივია თვითონ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. ერთ ნაწილში იგი მი-უთითებს, რომ

მსჯავრდებული დ. მ-შვილი მოქმედებდა ბრალის გარეშე, ვინაიდან მან პოლიციელები ყაჩაღებად აღიქვა და ცდილობდა მათ მართლზომიერ მოგერიებას (მოჩვენებითი აუცილებელი მოგერიება), ხოლო საჩივრის მეორე ნაწილში იგი ამტკიცებს, რომ მ-შვილის მიერ 6 წლის წინ ჩადენილმა ქმედებამ დაკარგა საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და ამიტომ საჭიროა სასჯელის ზომის შემცირება.

გარდა ამისა, საჩივარს თან არ ერთვის ის საპროცესო, ან სხვა დოკუმენტები, ან მასალები, რომლებიც დაადასტურებდა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენში დადგენილი კვალიფიკაციისა ან სასჯელის ზომის შეცვლის აუცილებლობას.

საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 562-ე მუხლით, 599-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.