განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 15-კოლ 13 აპრილი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსამართლეები:
თ. ყრუაშვილი, რ. შველიძე
განიხილა გურიის ოლქის პროკურორის მოადგილის ი. ჩ-ის, მსჯავრდებულ შ. გ-ძისა და ადვოკატ გ. ე-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც დამნაშავედ იქნენ ცნობილი:
1. თ. ჩ-ძე, ქართველი, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ერთი მცირეწლოვანი შვილის დედა, ნასამართლობის არმქონე, სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალის ყოფილი მმართველი, საქართველოს სსკ-ის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 191-ე მუხლით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის საგამოცდო ვადით;
2. შ. გ-ძე, ქართველი, უმაღლესი განათლების მქონე, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალის მმართველის ყოფილი მოადგილე, საქართვე-ლოს სსკ-ის 94-ე მუხლის მე- 3 ნაწილით, 191-ე მუხლით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. აყვანილ იქნა პატიმრობაში განაჩენის გამოცხადებისთანავე;
3.მ. მ-შვილი, დაბადებული 1967 წელს, ქართველი, საშუალო სპეციალური განათლების მქონე, ქმარშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალის ყოფილი სალაროს გამგე, საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 191-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება გადაედო სსკ-ის 471-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით;
4.ლ. ს-ძე, ქართველი, საშუალო სპეციალური განათლების
მქონე, ქმარშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალის ყოფილი მთავარი ბუღალტრის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება გადაედო სსკ-ის 471-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით.
ყველა მსჯავრდებულს სამი წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურად საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავების უფლება.
პროკურორის საკასაციო საჩივარი ითხოვს თ. ჩ-ძისა და შ. გ-ძის მიმართ განაჩენის გაუქმებას სასამართლო გამოძიებით დადგენილი ბრალდების არასრულყო-ფილად შერაცხვის მოტივით და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას. მსჯავრდებულ შ. გ- ძისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს შ. გ-ძის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის მოტივით.
მ. მ-შვილისა და ლ. ს-ძის მიმართ განაჩენი გასაჩივრებული არ არის.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზნეაესი სასამართლოს წევრის გ. ბ-ის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალი ედებოდათ:
თ. ჩ-ძეს _ მასში, რომ ის 1994 წლის 1 ივლისიდან 1996 წლის 9 სექ-ტემბრამდე მუშაობდა რა სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალის მმართველად და ითვლებოდა თანამდებობისა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირად, სისტემატურად, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ანგარების მიზნით, ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ მდგომარეობას და იტაცებდა მის განკარგულებაში არსებულ ბანკის ფულად თანხებს. ასევე, განზრახ ჩადიოდა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებებს. სახელდობრ: 1995 წლის 30 ნოემბერს მან ბანკის სალაროს გამგე მ. მ-შვილთან წინასწარი შეთანხმებით, პირადი მოტივით, შეადგინა ყალბი ქვითარი იმის თაობაზე, რომ თითქოს ოზურგეთის რაიონული კულტურის სახლის მიერ კრედიტის დასაფარავად ბანკის სალაროში შეტანილ იქნა 1572 ლარი. ფაქტობრივად კი, სალაროში ეს თანხა არ შესულა და უსაფუძვლოდ გაიზარდა სალაროს ნაშთი. ამით მან განზრახ ჩაიდინა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედება და სამსახურებრივი სიყალბე, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა ბანკის ინტერესებს.
მანვე, 1995 წლის ნოემბერში სალაროს გამგე მ. მ-შვილს ბანკის სალაროდან ყოველგვარი დოკუმენტის გაფორმების გარეშე გამოართვა ბანკის კუთვნილი 2520 ლარი, რაც მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის.
იგი 1996 წლის მარტში დანაშაულბრივად დაუკავშირდა მის მოადგილეს შ. გ-ძეს და შეთანხმდნენ დაეტაცებიათ ბანკის სალაროდან ფული, გამოეყენებიათ ეს ფული კომერციული მიზნებისათვის, საიდანაც მათ დარჩებოდათ მოგება და ამ მოგების ნაწილი მიეთვისებიათ, ნაწილი კი დაებრუნებიათ ბანკში. ამ განზრახვით 1996 წლის 20 მარტს ბანკის სალაროდან თანამდებობის ბროტოად გამოყენებით, ანგარების მიზნით, უკანონოდ, ყოველგვარი დოკუმენტის გაფორმების გარეშე გამოიტანეს და დაიტაცეს 34000 ლარი. შემდეგ ეს თანხა გადასცეს მოქალაქე ვ. უ-ძეს იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელს ის გამოეყენებია კომერციული საქმიანობისათვის და მიღებული მოგება გაენაწილებიათ. ვ. უ-ძემ 1996 წლის 22 მარტს ამ თანხით ქ. ფოთში შეიძინა 11 ტონა თევზი, ჩაიტანა ქ. თბილისში და მოახდინა ნაწილის რეალიზაცია. დანარჩენი თევზი კი გაუფუჭდა და იძულებული გახდა გაენადგურებია. თევზის რეალიზაციიდან მიღებული 12000 ლარი მან დაუბრუნა თ. ჩ-ძეს და შ. გ-ძეს, რომლებმაც ამ თანხიდან 5341 ლარი შეიტანეს სალაროში მათ მიერ დატაცებული თანხის ნაწილობრივი დაფარვის მიზნით, ხოლო დანარჩენი 6659 ლარი მიითვისეს და გამოიყენეს პირადი საჭიროებისათვის.
მანვე, შ. გ-ძესთან ერთად 1996 წლის ივლისში ბანკიდან გაიტაცა 2000 ამერიკული დოლარი (2520 ლარი) და სესხად მისცა ი. გ-ძეს _ იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ყოველთვიურად მათ გადაუხდიდა პროცენტის სახით 200 აშშ დოლარს. ი. გ-ძე დაარწმუნეს, რომ სესხი ოფიციალურად იყო გაფორმებული ბანკში და გირაოდ შეატანინეს ოქროულობა. ფაქტობრივად, აღნიშნული სესხი არ გააფორმეს იმ განზრახვით, რომ ი. გ-ძის მიერ დაბრუნებული თანხა მიეთვისებიათ. 1996 წლის სექტემბრის დასაწყისში ი. გ-ძემ 400 დოლარი დაუბრუნა თ. ჩ- ძეს, რომელმაც ეს თანხა მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. 1600 დოლარი კი ი. გ-ძემ დაუბრუნა შ. გ-ძეს და იგი მიითვისა ამ უკანასკნელმა.
ამრიგად, გამოძიებამ თ. ჩ-ძეს თანამდებობისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მითვისებულად და გატაცებულად შერაცხა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა _ 39540 ლარი. აქედან 36520 ლარი _ შ. გ-ძესთან ერთად, ხოლო _ 2520 ლარი დამოუკიდებლად. ამ ქმედებისათვის მას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის (1998 წლის 18 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის) 961-ე მუხლით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით.
ანალოგიურად, იმავე მუხლებით ბრალი დაედო შ. გ-ძეს იმ განსხვავებით, რომ მას მითვისებულად და გატაცებულად შეერაცხა 48567 ლარი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დატაცების ხელშეწყობაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ბრალი დაედო სალაროს გამგეს მ. მ- შვილს. მისი ქმედება გამოძიებამ შეაფასა როგორც საქართველოს სსკ-ის 19-961, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 191-ე მუხლით და 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულობანი.
მთავარი ბუღალტრის მოვალეობის შემსრულებელს ლ. ს-ძეს ბრალი დაედო სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 191-ე მუხლითა და 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სასამართლო კოლეგიამ ამჟამად გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკის" ქონება 1994-96 წლებში იყო საზოგადოებრივი საკუთრება და მსჯავრდებულები _ თ. ჩ-ძე, შ. გ-ძე, მ. მ-შვილი და ლ. ს-ძე იყვნენ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, ანუ თანამდებობრივ დანაშაულთა სუბიექტები. აქედან გამომდინარე, მსჯავრი დასდო:
თ. ჩ-ძეს _ სსკ-ის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ბანკის სალაროდან 2520 ლარის გატაცებასა და მითვისებაში, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ბანკისათვის 38092 ლარის ზარალის მიყენებაში და 191-ე მუხლით _ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში. სასჯელთა ერთობლიობის წესით მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე შეუცვალა 4 წლის პირობითი მსჯავრით;
შ. გ-ძეს _ სსკ-ის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით ბანკის სალაროდან 4775 ლარის გატაცებასა და მითვისებაში, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ბანკისათვის 43220 ლარის ზარალის მიყენებაში და 191-ე მუხლით _ თითქოს სხვა ბანკში 35271 ლარის გადარიცხვის შესახებ _ ყალბი საბანკო ქვითრის გაფორმებისათვის. სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და აყვანილ იქნა პატიმრობაში განაჩენის გამოქვეყნებისთანავე;
მ. მ-შვილსა და ლ. ს-ძეს მსჯავრი დაედოთ სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 191-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულობებში, სასჯელთა ერთობლიობის წესით თითოეულს შეეფარდა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის აღსრულება გადაედოთ სსკ- ის 471-ე მუხლის საფუძველზე.
პროკურორის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ძეს გარდა 2520 ლარისა, განაჩენით მითვისებულად უნდა შერაცხოდა ვ. უ-ძის მიერ დაბრუნებული 6659 ლარი და ი. გ-ძის მიერ დაბრუნებული 604 ლარი; ე. ი. მას სულ მსჯავრი უნდა დადებოდა 9783 ლარის მითვისებაში. შ გ-ძეს კი 4775 ლარის ნაცვლად მსჯავრი უნდა დადებოდა 14364 ლარის მითვისებაში სსკ-ის 961- ე მუხლით.
მსჯავრდებულ შ. გ-ძისა და ადვოკატ გ. ე-ის საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ კომერციული ბანკის საკუთრება არ არის საზოგადოებრივი ქონება, ხოლო ამ ბანკის თანამშრომლები არ წარმოადგენენ საქრთველოს სსკ-ის 185-ე მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს. საქმის საკსაციო განხილვის დროს ახალმა ადვოკატმა კ. გ-მა დამატებით მიუთითა აგრეთვე სასამართლოს მიერ საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე, რამაც განაპირობა უკანონო განაჩენის დადგენა.
სასამართლო პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გააანალიზა საკასაციო საჩივრების მოტივები, შეისწავლა საქმის მასალები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს მთლიანად და საქმე გადაეცეს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენის გაუქმების უდავო საფუძველია ის, რომ მისი დამდგენი სასამართლო კოლეგიის ერთ წევრს _ მოსამართლე ზ. გ-ეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქმის სასამართლო განხილვაში. შ. გ-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და პირველი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ამ საგამოძიებო ორგანოს უფროსი იყო ზ. გ-ძე. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოხდა მისი წერილობითი მითითებით (ტ. 1, ს. ფ. 4), სააქციო საზოგადოება _ „საქართველოს ბანკის" ოზურგეთის ფილიალში რევიზიით გამოვლენილ უხეშ დარღვევებზე რეაგირების შესახებ ბანკის პრეზიდენტის ბრძანება მიიღო მან და მისი რეზოლუციით გადაეცა გამომძიებელს (ტ. 1, ს. ფ. 101). საქართველოს ბანკის შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი რევიზორის მოხსენებითი ბარათი ბანკის ოზურგეთის ფილიალში ჩატარებული მოულოდნელი რევიზიის შედეგებზე წარედგინა ზ. გ-ეს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 108). გარდა ამისა, საქმეში მოთავსებულია ზ. გ-ის თანამდებობითა და გვარით შესრულებული არაერთი მიმოწერა (ტ. 1, ს. ფ. 52, 110 და სხვა) ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზ. გ-ე მონაწილეობდა მოცემული საქმის წინასწარ გამოძიებაში და ახორციელებდა საქართველოს სსსკ- ის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.
საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში როგორც მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი". ამდენად, მოცემულ საქმეზე განაჩენი დადგენილია სასამართლოს არაკონინიერი შემადგენლობის მიერ, რაც საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ლ" პუნქტის შესაბამისად განაჩენის გაუქმების უდავო საფუძველია.
გარდა ამისა, განაჩენი გასაუქმებელია იმიტომაც, რომ მასში გადმოცემული სასამართლოს დასკვნები არ ემყარება კონკრეტულ კანონსა და მტკიცებულებებს. სსსკ-ის 508-ე მუხლი მოითოხვს, რომ „განაჩენში მითითებული უნდა იყოს მტკი-ცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა და მოტივი, რომლის მი-ხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო სხვა". თ. ჩ-ძის, შ. გ-ძისა და სხვათა მიმართ დადგენილ განაჩენში მითითებულია: „სასამართლო კოლეგია უსაფუძვლოდ მიიჩნევს განსასჯელებისა და მათი ადვოკატების მტკიცებას, რომ ბანკის ქონება არაა საზოგადოებრივი და, რომ არც ისინი არიან სსკ- ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები". ასეთ დასკვნამდე რომელ კანონზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო კოლეგია, განაჩენში მითითებული არ არის.
საქმის ხელახალმა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმის თაობაზე, რომ სააქციო საზოგადოების ქონება კერძო საკუთრებაა თუ საზოგადოებრი-ვი და სააქციო საზოგადოების წევრები (ან მათ მიერ დაქირავებული პირები) ჩა-ითვლებიან თუ არა თანამდებობრივი დანაშაულის სუბიექტებად. მიღებულ გადაწყვე-ტილებას საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამისი კანონი და არა მხოლოდ მოსაზრება. სასამართლო თუ მივა იმ დასკვნამდე, რომ თ. ჩ-ძემ, შ. გ-ძემ და მათთან ერთად სამართალში მიცემულმა სხვა პირებმა პასუხი უნდა აგონ საზოგადოებრივი ქონების გაფლანგვა-დატაცებისა და სხვა თანამდებობრივ დანაშაულთათვის, კონკრეტუ-ლად უნდა დააზუსტოს, როგორც დატაცებული, ასევე გაფლანგული თანხის რაოდენობა და იმსჯელოს პროკურორის საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებზე.
პალატა მიიჩნევს, რომ შ. გ-ძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან იმის გამი, რომ იგი უკანონო განაჩენის საფუძელზე იქნა დაპატიმრებული.
ზემოაღნიშნულთა გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-563-ე, 567- ე, 570-571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 8 დეკემბრის განაჩენი თ. ჩ-ძის, შ. გ-ძის, მ. მ-შვილისა და ლ. ს-ძის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას;
შ. გ-ძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მას აღმკვეთ ღონისძიებად აერჩიოს წაუსვლელობის ხელწერილი.
განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.