საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 12.04.2000
საქმის ნომერი
2კ-31აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 31აპ 12 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე თ. ყრუაშვილი

წევრები: მ. გოგელია, რ. შველიძე

განიხილა პროცესში მონაწილე პროკურორ ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 13 დეკემბრის განაჩენი რ. ხ-ძისა და რ. ზ-შვილის მიმართ.

1. რ. ხ-ძე, ქართველი, წარსულში ნასამართლევი, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, მცხოვრები დუშეთის რაიონში; 2. რ. ზ-შვილი, ქართველი, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, მცხოვრები დუშეთის რ-ში;

დუშეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 252-ე მუხლის მესამე ნაწილით. პირველს მიესაჯა ორი წლით, მეორეს კი ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაენიშნათ საერთო რეჟიმის კოლონიაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 თებერვლის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა. კერძოდ, მსჯავრდებულებს მისჯილი სასჯელები სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალათ პირობითი

მსჯავრით და დაენიშნათ გამოსაცდელი ვადა.

ორივე მსჯავრდებული სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

რ.ხ-ძეს და რ. ზ-შვილს განაჩენით მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ გასაღების მიზნის გარეშე, უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გადაზიდეს ნარკოტიკული საშუალება.

აღნიშნული შემდეგში გამოიხატა:

1999 წლის 1 აგვისტოს ორივენი რ. ხ-ძის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანით ცხინვალში ბაზრობაზე იმყოფებოდნენ, სადაც გამოძიებით დაუდგენელი ვინმე „სოსლანისაგან“ საერთო თანხით. 70 ლარად შეიძინეს დაახლოებით 2 გრამი, 2 ჩეკი ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. ამის შემდეგ ისინი წამოვიდნენ დარიალის ხეობაში შაქრის ფხვნილის შესაძენად. ვერ მოაგვარეს რა თავიანთი პირადი საქ-მე, დაბრუნდნენ სოფ. ..., ამასთან, შეძენილი ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი მოიხმარეს, დანარჩენი კი დამალეს ავტომანქანის ხელის მუხრუჭის სახურავის ქვეშ.

1999 წლის 02 აგვისტოს, დაახლოებით 02 საათზე, ყაზბეგის რაიონის სოფ. კობში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ისინი, როგორც ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაში ეჭვმიტანილები, დაკავებულ იქნენ. პოლიციის განყოფი-ლებაში ჩხრეკისას ავტომანქანის ზემოთ აღნიშნული ნაწილიდან ამოღებულ იქნა „ჰეროინი“ - წონით 1,35 გრამი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მიიჩნევს რა განსაზღვრულ სასჯელს მეტისმეტად მსუბუქად, მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას. აღნიშნულის და-საბუთებისათვის კი მიუთითებს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არ გა-ითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საზოგადოებრივი საშიშროება, ის, რომ რ. ხ-ძე ადრე ნასამართლევი იყო სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, მაშინაც მის მიმართ გამოყენებული იყო სსკ-ის 46-ე მუხლი, მაგრამ მან არ გაიცნობიერა კანონის ჰუმანურობა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული. არ გაითვალისწინა ისიც, რომ რ. ზ-შვილი დაკავებამდე შს ორგანოებში მუშაობდა და თვითონ ევალებოდა ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა პროკურორის დასკვნა, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის, მის დასასაბუთებლად მოყვანილი მოტივების საფუძვლიანობა, განაჩენის კანონიერება და თვლის, რომ ის კანონიერია, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. ხ-ძის და რ. ზ-შვილის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობა სააპელაციო პალატამ სრულყოფილად დაასაბუთა. გასაზიარებელია ის მოსაზრებაც, რომ რაიონულმა სასამართლომ, თუმცა, ყურადღება გაამახვილა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, მაგრამ სრულად არ გაითვალისწინა მათი არსებობა. გარდა იმისა, რომ რ. ხ-ძეც და რ. ზ-შვილიც აღიარებდნენ ბრალს, სასამართლომ გაითვალისწინა მათი ოჯახური მდგომარეობაც - ორივეს ჰყავს ორ-ორი მცირეწლოვანი შვილი. რ. ზ-შვილს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხასიათდება დადებითად.

მართალია, რ. ხ-ძე 1991 წელს გასამართლებული იყო სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, მაგრამ მის მიმართ გამოყენებული იქნა სსკ-ის 46-ე მუხლის მოთხოვნები. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გამოსაცდელ ვადაში მას ახალი დანაშაული არ ჩაუდენია. ამიტომ, თანახმად სსკ-ის 57-ე მუხლის მეორე პუნქტისა, ის ნასამართლობის არმქონედ ითვლება. გაურკვეველია რა დატვირთვის შემცველია საკასაციო საჩივარში იმის მოხსენიება, რომ რ. ხ-ძეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს და რატომ არ შეიძლებოდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიმართ სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენება.

სააპელაციო სასამართლომ რ. ხ-ძის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ის გარემოებაც, რომ მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული საკითხი სრულყოფილად იქნა გამოკვლეული. წარმოდგენილი ავადმყო-ფობის ისტორიით და ექიმ - სპეციალისტის დაკითხვით ირკვევა, რომ რ. ხ-ძე დაავადებულია ჰემორაგიული ვასკულიტით (სისხლძარღვთა კაპილარების კედლის ანთება), რომელსაც ახასიათებს ხშირი რეციდივი.

საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ განაჩენის გაუქმების საფუძვლად საჩივარში მოყვანილი მოტივები სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული გათვალისწი-ნებულ იქნა და სწორედ ამიტომ მიესაჯა რ. ხ-ძეს ორი წლით, ხოლო რ. ზ-შვილს - ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს განაჩენით მისჯილი სასჯელები, მხოლოდ საქმის კონკრეტულ გარემოებათა და პიროვნებათა გათვალისწინებით მიზანშეუწონლად ჩათვალა მათ მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა და გამოსაცდელი ვადა დაუნიშნა. პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი კი დაავალა დუშეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ მოიპოვება.

იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მოცემულ საქმეზე არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 თებერვლის განაჩენი რ. ხ-ძისა და რ. ზ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელი.