დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.01.2000
საქმის ნომერი
2კ-12კოლ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 12 კოლ 1 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე გოდერძი ბორჩხაძე

წევრები: თამარ ყრუაშვილი, მერაბ ტურავა

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. რ-შვილისა და გ. ზ-შვილის, ისევე როგორც მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ჭ-სა და გ. წ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც:

ზ. ნ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,104 მუხლის II, IV და IX პუნქტებით, 228-ე მუხლის II ნაწილით, 238-ე მუხლის I და II ნაწილებით, 104-ე მუხლის II, VI, IX პუნქტებით, 252-ე მუხლის III ნაწილით, 135-ე მუხლით, 136-ე მუხლით, 213-ე მუხლის II ნაწილით და 214-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენაში და სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენის მიხედვით, ზ. ნ-შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:

1997 წლის 10 ივნისს ზ. ნ-შვილი, ”ბმვ”-ს მარკის ავტომანქანით მივიდა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ “აი-ჯი-ეს”-თან, სადაც იმყოფებოდნენ მისი ნაცნობი ი. ზ-ძე და მისი მეგობრები. აქ მან ჩაიდინა ბოროტი ხულიგნური მოქმედება. ი. ზ-ძეზე განაწყენებულმა ზ. ნ-შვილმა განიზრახა მისი მოკვლა და წავიდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღის მოსატანად. დაახლოებით 10 წუთში, შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღებული ზ. ნ-შვილი, რომელიც მიუახლოვდა ხ. დ-ის ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ ი. ზ-ძე, დ. წ-ია და ბ. ა-შვილი, ხოლო ხ. დ-ი მანქანაში არ იყო ჩამჯდარი. ზ. ნ-შვილმა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ი. ზ-ძის მოკვლის განზრახვით, მანქანის მიმართულებით მრავალჯერ გაისროლა პისტოლეტიდან, რითაც შეგნებულად დაუშვა აგრეთვე მანქანაში მჯდომი დ. წ-იასა და ბ. ა-შვილის განზრახ მკვლელობის შესაძლებლობა.

ზ. ნ-შვილის მიერ ნაწარმოები სროლების შედეგად ი. ზ-ძეს და დ. წ-იას მიყენებული აქვთ სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ისინი დროული სამედიცინო დახმარებით გადაურჩნენ სიკვდილს.

1997 წლის 19 ოქტომბერს ზ. ნ-შვილი თბილისში, სასტუმრო “ივერიას” საბანკეტო დარბაზში მთვრალ მდგომარეობაში დაუპატიჟებლად მივიდა ქორწილში. იგი გვერდით დაუჯდა მეჯვარეს - ი. ზ-ძის მეგობარს, გ. გ-ძეს და საუბარი დაუწყო ი. ზ-ძის დაჭრასთან დაკავშირებით. საუბარი კამათში გადაიზარდა. მათ საუბარში ჩაერივნენ გ. გ-ძის მეგობრები ზ. გ-ძე და სხვები, რომლებმაც ზ. ნ-შვილს სთხოვეს შეეწყვიტა გ. გ-ძესთან კამათი. ამით განაწყენებულმა ზ. ნ-შვილმა, ნაცვლად კამათის შეწყვეტისა, გამოიჩინა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და ჩაიდინა ხულიგნური მოქმედება. ამის შემდეგ გ. გ-ძემ, ზ. გ-ძემ და სხვებმა აღკვეთეს მისი ხულიგნური მოქმედება და ძალის გამოყენებით გააძევეს იგი ქორწილიდან. გაბრაზებული ზ. ნ-შვილი წავიდა ქორწილიდან, რათა მოეტანა “ჩზ”-ს სისტემის პისტოლეტი მის მოწინააღმდეგეთა სიცოცხლის მოსპობის განზრახვით. 10-15 წუთში იგი დაბრუნდა ქორწილში, გამოაღო საბანკეტო დარბაზში შესასვლელი კარები და ხულიგნური ქვენაგრძნობით პისტოლეტიდან მოახდინა მრავალჯერადი გასროლა ნეფე-დედოფლის სუფრის წინ საცეკვაო მოედანთან მდგარი ზ. გ-ძისა და გ. გ-ძის მიმართულებით. ზ. ნ-შვილის მიერ გასროლილი ტყვიებიდან ორი ტყვია მოხვდა გ. პ-შვილს, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ერთი ტყვია მოხვდა ზ. გ-ძეს, რომელმაც მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, მაგრამ ექიმების დახმარებით გადაურჩა სიკვდილს. ერთ-ერთი ტყვია მოხვდა კ. ბ-ძეს, რომელმაც მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

შემთხვევის ადგილიდან გაქცეული ზ. ნ-შვილი რესპუბლიკის მოედანზე ჩაჯდა “მიცუბიშის” მარკის ავტომანქანაში, რომლის მძღოლს ბ. კ-ძეს დაემუქრა პისტოლეტით მოკვლით და აიძულა მიეყვანა იგი სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ის გადმოვიდა ტაქსიდან და მიიმალა.

ზ. ნ-შვილი დაკავებულ იქნა ქ. ბათუმში 1999 წლის 8 აპრილს. მის მიერ ნაქირავები ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პისტოლეტი და საბრძოლო პარაბელიუმის ვაზნები, აგრეთვე კოდეინი და ნოქსირონი, საერთო წონით 10,075 გრ., ასევე ნარკოტიკული აქტიური ნივთიერების კოდეინის შემცვლელი ნარევი, წონით 1,045 გრ. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები მას შეძენილი ჰქონდა უკანონოდ და ინახავდა გასაღების მიზნის გარეშე. გარდა ამისა, ამავე ბინაში იპოვეს ორი ყალბი პასპორტი, სხვა პირთა სახელზე, რომელშიც გაყალბების მიზნით ჩაწებებული იყო ზ. ნ-შვილის სურათები, რომელთაც იგი იყენებდა.

საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები.

კასატორებმა, ისევე როგორც საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ზ-შვილმა, გამოხატეს პოზიცია, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ზ. ნ-შვილის მიმართ არაკანონიერია, ვინაიდან, მათი აზრით, არასწორადაა შეფასებული წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებები და მოითხოვეს განაჩენში ცვლილებების შეტანა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების და იურიდიული შეფასებების შინაარსის გადმოცემის შემდეგ კასატორები მიიჩნევენ, რომ ზ. ნ-შვილის ქმედებაში არის მხოლოდ სსკ-ის 108-ე მუხლით და 238-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებათა ნიშნები და შუამდგომლობენ სასამართლოს წინაშე, რათა მას მოეხსნას წაყენებული სხვა ბრალდებები და შესაბამისად შეუმსუბუქდეს სასჯელი.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული დაეთანხმა მისი ადვოკატების პოზიციას. მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მისი თქმით, მას არ ჩაუდენია ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მას ბრალად შეერაცხა საბრალდებო დასკვნით და რომლისთვისაც იგი მსჯავრდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ამიტომ პასუხი უნდა აგოს მხოლოდ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო სხვა ბრალდებები მას უნდა მოეხსნას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გამოხატა პოზიცია, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება სავსებით დადასტურებულია. მას მიაჩნია, რომ ნ-შვილს სასჯელი სწორად აქვს შეფარდებული ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათის, ბრალის ხარისხის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. პროკურორი არ დაეთანხმა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციას იმის შესახებ, რომ თითქოს მას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ყველა დანაშაულებრივი ქმედება. პროკურორმა ჩათვალა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ზ. ნ-შვილის მიმართ ყველა ნაწილში სავსებით დასაბუთებული და კანონიერია.

საკასაციო პალატამ განიხილა რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, მოისმინა რა მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და პროკურორის პოზიცია, საქმის მასალებიდან გამომდინარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ნ-შვილისადმი წარდგენილი ბრალდებები, საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით და მათი სწორი სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე, სავსებით დადასტურებულია. ასევე პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ. ნ-შვილს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის სწორად დაუნიშნა სასჯელი.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ჭ-შვილმა და გ. წ-ამ გამოთქვეს აზრი იმის შესახებ, რომ მოსაშვილის ქუჩის ეპიზოდში, ზ. ნ-შვილი უნდა გამართლდეს დანაშაულის შემთხვევის არარსებობის მოტივით. ამასთან, ზ. ნ-შვილს თუნდაც მოეხდინა მოსაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მანქანის მიმართულებით გასროლები, იგი არ მოქმედებდა მკვლელობის პირდაპირი განზრახვით, ხოლო თუ დავუშვებთ სასიკვდილო შედეგისადმი მსჯავრდებულის ევენტუალურ განზრახვას, მათი პოზიციით, იმ შემთხვევაში, როცა პირი უშვებს თავისი ქმედებით სიკვდილის შესაძლებლობას, მაგრამ შედეგი არ დგება, ქმედება უნდა შეფასდეს დამდგარი შედეგის მიხედვით და არა განზრახი მკვლელობის მცდელობად, ვინაიდან მცდელობა მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ჩადენილ ქმედებებში არის შესაძლებელი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მკვლელობის ევენტუალური განზრახვის შემთხვევაში, როცა სასიკვდილო შედეგი არ დგება, პირის ქმედების ევენტუალური განზრახვით ჩადენილი მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაცია არ ეწინააღმდეგება დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის დებულებებს. ამდენად, პალატა თვლის, რომ განზრახი მკვლელობის მცდელობად ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არ არის პირდაპირი განზრახვის არსებობის დამტკიცება, არამედ სავსებით საკმარისია ევენტუალური განზრახვის არსებობის დადგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ნ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. რ-შვილის, გ. ზ-შვილის, მ. ჭაბაშვილისა და გ. წულაიას საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ზ. ნ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება კანონიერ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა შემთხვევაში, სსსკ-ის 593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით.