დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-აპ 13 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე, გ. ბორჩხაძე
განიხილა პროკურორ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სა-ოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ა. ს-შვილი გამართლებული იქნა სა-ქართველოს 1960 წლის სსკ-ის 94-ე მუხლის მეორე ნაწილით და 191-ე მუხ-ლით შერაცხულ ბრალდებებში.
საკასაციო საჩივარი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას ბრალ-დების მხოლოდ ერთ ეპიზოდში - სახელდობრ, 1050 ლარის მითვისების ნაწილში.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის გ.ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საბრალდებო დასკვნის მიხედვით ა. ს-შვილს ბრალი ედებოდა მასში, რომ მუშაობდა რა სააქციო საზოგადოება - “ალაზანჰესის” დირექტორად, განიზრახა დაკავებული თანამდებობა გამოეყენებია ბოროტად, შეედგინა ყალბი დოკუმენტები და გაეტაცებია სააქციო საზოგადოების კუთვნილი ქონება.
აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა. ს-შვილი იყენებდა რა თანამდებობას ბოროტად, კონტროლიორებს აიძულებდა საბუღალტრო დოკუმენტების გაფორმების გარეშე მისთვის გადაეცათ მოსახლეობიდან აკრეფილი ელექტროენერგიის ღირებულება. ასეთი გზით კონტროლიორ ტ. ხ-შვილს 1997 წლის ზაფხულში გამოართვა მოსახლეობაში აკრეფილი 2232 ლარი, ხოლო კონტროლიორ მ. მ-შვილს გამოართვა 311 ლარი. ანალოგიურად, საბუღალტრო დოკუმენტების გაფორმების გარეშე მას “ალაზანჰესის” სალაროდან გამოჰქონდა საზოგადოების კუთვნილი თანხები, რასაც ითვისებდა და იყენებდა პირადი საჭიროებისათვის. 1997 წელში მან საბუღალტრო საბუთების გაფორმების გარეშე სალაროდან გამოიტანა კონტროლიორების - რ. ზ-შვილის მიერ შეტანილი 10 ლარი, დ. ყ-შვილის მიერ შეტანილი 287 ლარი, თ. მ-შვილის მიერ შეტანილი 1456 ლარი, გ. ც-ძის მიერ შეტანილი 12 ლარი, ნ. ნ-შვილის მიერ შეტანილი 165 ლარი და დ. მ-ელის მიერ შეტანილი 345 ლარი. აღნიშნული ხერხით ა. ს-შვილმა 1995-98 წლებში სულ გაიტაცა “ალაზანჰესის” აქციონერთა კუთვნილი 4818 ლარი, რომელიც სალაროს შემოსავალში ნაჩვენები არ იყო.
გარდა ამისა, 1996 წლის 18 ივლისს ა. ს-შვილმა შეადგინა ზეთიანი ამომრთველის - “მმო”-ს 1050 ლარად შესყიდვის ყალბი ქვითარი ¹ 16 და თანხა 1050 ლარი მიითვისა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით “ალაზანჰესის” ქვესადგურში მიიტანა ზეთიანი ამომრთველის ექსპლოატაციიდან გამოსული ამძრავი.
სააქციო საზოგადოება “ალაზანჰესსა” და წნორის წისქვილკომბინატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე “ალაზანჰესი” წისქვილ-კომბინატს აწვდიდა ელექტრო ენერგიას, რის ღირებულებასაც წისქვილკომბინატი იხდიდა ფქვილის სახით. ა. ს-შვილმა გამოიყენა რა თანამდებობა ბოროტად, 1995 წლის იანვარ-მარტში წნორის წისქვილკომბინატიდან მიიღო 2045 ლარის ღირებულების ფქვილი და კომბინირებული საკვები, რაც არ აიღო “ალაზანჰესის” შემოსავალში, გაყიდა კერძო პირებზე და აღებული თანხა მიითვისა.
ა. ს-შვილმა “ალაზანჰესის” მთავარ ბუღალტერს ნ. ც-შვილს შესაბამისი თანხის გარეშე ჩააბარა 1995 წლის დეკემბერში გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის მოსახლეობიდან აკრეფილი ელექტრო ენერგიის მოხმარების გადახდის ქვითრები 513 ლარზე და 1996 წლის პირველ კვარტალში სოფელ ბაკურციხეში აკრეფილი 72 ლარის ქვითრები და დაავალა შეენახა ეს ქვითრები თანხის შემოსავალში აღების გარეშე. 1998 წლის 2 აგვისტოს ურთიერთშეკამათების დროს ა. ს-შვილმა ნ. ც-შვილს გამოართვა ზემოაღნიშნული ქვითრები, რომლებზეც ეწერა, რომ ამ თანხით მას შეძენილი ჰქონდა ვაუჩერები, გადასცა თავის მოადგილეს – ა. ე-ძეს და უბრძანა მათი დაწვა, რაც ა. ე-ძემ შეასრულა.
1996 წლის 2 აგვისტოს ა. ს-შვილმა წნორის წისქვილკომბინატიდან მი-იღო 460 ლარის ღირებულების კომბინირებული საკვები, რაც გაიტაცა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით 1996 წლის 22 ოქტომბრის თარიღით მან გააფორმა ყალბი შრომითი ხელშეკრულება ალაზნის არხის სათავე ნაგებობის გაწმენდაზე მისი და მექანიზატორების – პ. ლ-შვილისა და ვ. ი-შვილის სახელით. ამ ყალბი ხელშეკრულების მიხედვით “ალაზანჰესს” პ. ლ-შვილისა და ვ. ი-შვილისათვის თითქოს უნდა გადაეხადა 460 ლარის ღირებულების კომბინირებული საკვები. ამ-ის შემდეგ ყალბად შეადგინა ხელფასის უწყისი თითოეულზე 230 ლარის გაცე-მაზე. ხელშეკრულებასა და ხელფასის გაცემის უწყისზე პ. ლ-შვილისა და ვ. ი-შვილის სახელით ხელი თვითონვე მოაწერა ისე, რომ ამ უკანასკნელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ყალბი ხელშეკრულებით და ყალბი უწყისით ა. ს-შვილმა ბუღალტრულად ჩამოიწერა მასზე რიცხული და მის მიერ გატაცებული 460 ლარის ღირებულების 2500 კილოგრამი კომბინირებული საკვები.
1995 წლის აპრილში, როცა ა. ს-შვილი დირექტორად დაინიშნა, ფირმა “ფერისაგან” “ალაზანჰესის” გადაბარების დროს მიიღო 2500 ლიტრი ტურბინის ზეთი, რაც ფირმა “ფერიმ” ბუღალტრულად არ დააწერა. ისარგებლა რა ამით, ა. ს-შვილმა 1997 წლის 29 დეკემბერს შეადგინა 900 ლარის ღირებულების 600 ლიტრი ტურბინის ზეთის შესყიდვის ყალბი აქტი, რომლის საფუძველზედაც მან სალაროდან მიიღო 900 ლარი და მიითვისა.
ამრიგად, საბრალდებო დასკვნის მიხედვით ა. ს-შვილმა 1995-98 წლებში სულ დაიტაცა სააქციო საზოგადოება “ალაზანჰესის” კუთვნილი ქონება 9858 ლარის ოდენობით. გამოძიებამ ეს შეაფასა, როგორც საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 94-ე მუხლის მესამე ნაწილით, 211-ე და 191-ე მუხლებით გათვალის-წინებული დანაშაულობანი.
საქმე განიხილა რა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 3 მაისის განაჩენით დადგენილად მიიჩნია ა. ს-შვილის მიერ სააქციო საზოგადოება “ალაზანჰესის” კუთვნილი 1821 ლარის მითვისების ფაქტი. სახელდობრ – მ. მ-შვილის მიერ მოსახლეობაში აკრეფილი 311 ლარის, ყალბი ხელშეკრულებისა და ხელფასის გაცემის უწყისის გაფორმებით 460 ლარის ღირებულების კომბინირებული საკვების და ზეთიანი ამომრთველის ყალბი შესყიდვის აქტის გაფორმებით 1050 ლარის მითვისების ფაქტი. ეს ქმედებები სასამართლომ დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 94-ე მუხლის მეორე ნაწილით და 191-ე მუხლით. სასჯელის ზომად ა. ს-შვილს განესაზღვრა ორი წლით გამასწორებელი სამუშაო. ყველა სხვა ბრალდებაში ა. ს-შვილი გამართლებული იქნა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ს-შვილმა და დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა გ. ს-შვილმა.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის დადგენას. დაზარალებული კი - განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას რაიონის სასა-მართლოში ხელახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს უსაფუძვ-ლოდ მოეხსნა ბრალდება კონტროლიორ ტ. ხ-შვილის მიერ მოსახლეობაში აკრეფილი 2232 ლარის და ზეთის შესყიდვის ყალბი აქტის გაფორმებით 900 ლარის მითვისებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის სააპელაციო განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე 2000 წლის 17 ივლისს მსჯავრდებულმა ა. ს-შვილმა წარადგინა გურჯაანის რაიონის მოსამართლის 2000 წლის 28 თებერვლის დადგენილება სააქციო საზოგადოება “ალაზანჰესის” სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, “ალაზანჰესის” სამეთვალყურეო საბჭოს 2000 წლის 10 მარტის სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც გ. ს-შვილი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და “ალაზანჰესის” დირექტორის მოვალეობის შესრულება დაევალა შ. ს-შვილს და სააქციო საზოგადოება “ალაზანჰესის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ა. ს-შვილის (იგივე მსჯავრდებული ა. ს-შვილი) წერილი საოლქო სასამართლოს სახელზე, რომლითაც სასამართლოს ატყობინებს, რომ გ. ს-შვილი განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და სასამართლოში “ალაზანჰესის” ინტერესების წარმომადგენლად დაშვებული იქნას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შ. ს-შვილი.
წარდგენილი ამ საბუთების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგი-ნა: “გაუქმდეს 1999 წლის 17 თებერვლის დადგენილება გ. ს-შვილის და-ზარალებულად ცნობის შესახებ. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილი იქნას სააქციო საზოგადოება “ალაზანჰესი”, ხოლო სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენლად საქმეში ჩართული იქნას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შ. ს-შვილი.
სასამართლოს მიერ ასეთი დადგენილების მიღების შემდეგ შ. ს-შვილმა სასამართლოს განუცხადა: “ვინაიდან ა. ს-შვილის ქმედებით “ალაზანჰესს” ზიანი არ მისდგომია, ის სამეთვალყურეო საბჭოსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე აცხადებს, რომ “ალაზანჰესს” სამოქალაქო სარჩელი არ გააჩნია და ხსნის გ. ს-შვილის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს”. ამ შუამდგომლობათა საპასუხოდ სასამართლომ დაადგინა: “ვინაიდან სამოქალაქო სარჩელი წარმოდგენილი არ იქ-ნა და “ალაზანჰესი” არ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ს.ს “ალაზანჰესი” არ იქ-ნას ჩართული საქმეში სამოქალაქო მოსარჩელედ. დაკმაყოფილდეს აპელანტის შუამდგომლობა საჩივრის უკან გათხოვის შესახებ”. ასეთი დადგენილების მიღების შემდეგ სასამართლოს განსახილველი დარჩა მხოლოდ მსჯავრდებულ ა. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი ა. ს-შვილის მიმართ და ეს უკანასკნელი გაამართლა ყველა შერაცხულ ბრალდებაში.
პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, რომელიც მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, გამართლებულ ა. ს-შვილს და მის ადვოკატს, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ბრალდების ერთ ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე არაფრით დასაბუთებული არ არის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოწმე გ. მ-შვილის ნოტარიულად დამოწმებული წერილი ა. ს-შვილის მიერ ზეთიანი ამომრთველი დანადგარის შესყიდვის თაობაზე სასამართლოს თვით ა. ს-შვილმა წარუდგინა, განაჩენის გაუქმებისათვის საკმაო საფუძველს არ წარმოადგენს. ბრალდების ეს ეპიზოდი სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სხვა საკითხი კი სადავოდ არ არის გამხდარი.
რაც შეეხება სააქციო საზოგადოება “ალაზანჰესის” იმ წევრთა პრეტენზიებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყოფილი დირექტორის ა. ს-შვილის ქმედებით მათმა საზოგადოებამ ზარალი განიცადა, შეუძლიათ ზარალის ანაზღაურება ეძიონ სამოქალაქო სასარჩელო წესით.
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის განაჩენი ა. ს-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილი იქნას მისი უსაფუძვლობის გამო.