შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 111კოლ 16 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: მ. ისაევი, შ. ასათიანი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ფ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა მოსამართლე შ. ასათიანის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით ზ. ფ-შვილი, ადრე სამართალში ნამყოფი, მცხოვრები თელავის რაიონი სოფ. ... _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,88-ე მუხლის პირველი ნაწილით და 88-ე მუხლის პირველი ნაწილით (1998 წლის 28 ნოემბრის რედაქცია).
საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა თავი-სუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ხოლო 17-88-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 29 აპრილიდან.
ზ. ფ-შვილის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის ივნისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ზ. ფ-შვილი დანაშაუ-ლებრივად დაუკავშირდა ქ. ნაზრანში მცხოვრებ, გამოძიებით დაუდგენელი ჩეჩენი ეროვნების პიროვნებას, რომლისგანაც, შემდგომში გასაღების მიზნით, შეიძინა 820 ცალი ყალბი აშშ დოლარიანი კუპიური. 2000 წლის აპრილის ბოლოს ის, ასევე, დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. თბილისში, “სანზონაში” მცხოვრებ მ. მ-შვილს, რომელსაც შესთავაზა ყალბი აშშ დოლარების 25 პროცენტში შეძენა, ანუ ყოველ ყალბ ას აშშ დოლარის საფასურად მას უნდა მიეღო 25 აშშ დოლა-რი. იმავე დღეს ზ. ფ-შვილმა მ. მ-შვილზე გაასაღა 3 ცალი ყალბი აშშ ას დო-ლარიანი კუპიური. ყოველ ყალბ ას დოლარიან კუპიურაში მ-შვილს მისთვის უნ-და გადაეხადა 25 ნაღდი აშშ დოლარი. ისინი, ასევე, შეთანხმდნენ, რომ 2000 წლის 29 აპრილს, 18 საათზე, ქ. თბილისში, მეტრო “ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე მ. მ-შვილზე გაასაღებდა 81.700 ყალბი ამერიკულ დოლარს 25 პროცენტში.
შეთანხმებისამებრ, 2000 წლის 28 აპრილს, 18 საათზე, ქ. თბილისში, მეტრო “ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. ფ-შვილი უცდიდა მ. მ-შვილს, მაგრამ ამ უკანასკნელმა გადაიფიქრა ყალბი დოლარების შეძენა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ასაცილებლად განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ამხილა ზ. ფ-შვილი. ზ. ფ-შვილი მ. მ-შვილს უცდიდა 817 ცალი ყალბი დოლარის კუპიურების მასზე გასასაღებლად, მაგრამ განზრახვა ბოლომდე ვერ მიიყვანა, მისი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგანაც იგი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა. ჩატარებული ჩრეკის შედეგად ზ. ფ-შვილს პიჯაკის ქვედა მარცხენა მხრიდან ამოღებულ იქნა შავ პოლიეთილენის პარკში გახვეული 817 ყალბი აშშ 100 დოლარიანი კუპიურები.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მოითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებები არასწორია, რადგან გამოძიების პროცესში მის მიმართ გა-მოყენებულ იქნა ფიზიკური ზეწოლა. სინამდვილეში, ვიღაც უცნობმა ჯიხურში დროებით შესანახად დაუტოვა ცელოფანის შავი პარკი, რომელშიც შეფუთული იყო მოთავსებული. უცნობმა აღარ მიაკითხა და როდესაც ნაქირავები ჯიხური დაცალა, ნივთები, მათ შორის ცელოფანის პარკიც, სახლში გადაიტანა. შემდგომში გაირკვა, რომ ცელოფანში უცნობს შენახული ჰქონდა ყალბი დოლარები. რამდენიმე ხანში მას შეხვდა მ. მ-შვილი, რომელმაც ურჩია, მისთვის გადაეცა და იგი ჩააბარებდა პოლიციაში. 3 ცალი 100 დოლარიანი კუპიური მისცა, ხოლო დანარჩენი უნდა გადაეცა მოგვიანებით. შეხვედრის ადგილზე მას დახვდა პოლიცია და დააკავეს. ამდენად, მისი აზრით, იგი უდანაშაულოა და მოითხოვს საქმის წარმოებით შეწყვეტას.
პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მიიჩნია, რომ ზ. ფ-შვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მთლიანად დადასტურებულია მის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის სიტყვა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საჩივრის მითითებას მისი უდანაშაულობის შესახებ, საქმეზე არ მოიპოვება რაი-მე მონაცემი და ვერც მსჯავრდებული უთითებს რაიმე კონკერეტულს, რომ მის მიმართ წინასწარი გამოძიების სტადიაზე ადგილი ჰქონდა ძალადობას, დაშინებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებას ამა თუ იმ ჩვენების მისაღებად. საქ-მეზე შეკრებილ სრულად და ობიექტურად შემოწმებულ მტკიცებულებებზე დაყრდნო-ბით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზ. ფ-შვილმა ჩაიდინა ყალბი ვალუტის გასაღების მცდელობა.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს განაჩენის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ზ. ფ-შვილმა გაასაღა ყალბი აშშ დოლარიანი კუპიურები, რის გამოც მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კანონის თანახმად, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის გასაღება, ობი-ექტური მხრივ, შეიძლება გამოიხატოს ყალბი ფულის ნიშნით საქონლის შესყიდვაში, სესხად გაცემაში, გაჩუქებაში, ვალის გადახდაში და ა. შ. ასევე, ყალბი ფულის ან ფასიან ქაღალდის რეალიზაციით გარკვეული საზღაურის მიღებაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა შეიძინა ყალბი აშშ დოლარიანი კუპიურები და მ. მ-შვილს გადასცა მისი შემდგომი გასაღების მიზნით, ამ უკანასკნელმა კი განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ე.ი. მან არ შეასრულა შეთანხმების პირობა. ამდენად, აღნიშნული ყალბი დოლარებით არ მომხდარა საქონლის შესყიდვა, გასესხება, გაჩუქება, გაცვლითი ოპერაცია და არც სხვა გზით მოქცეულა სამოქალაქო ბრუნვაში. ასევე, ზ. ფ-შვილს ყალბი ვა-ლუტის საზღაურად მ. მ-შვილისაგან არავითარი ანაზღაურება არ მიუღია. ე.ი. ზ. ფ-შვილის მოქმედებით ყალბი დოლარები ბრუნვაში არ გასულა და მოტყუებით არავის მიუღია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებათა სუბიექტური მხარე ხასიათდებოდა ერთიანი პირდაპირი განზრახვით, მას შეგნებული ჰქონდა ყალბი ფულის გასაღების სოციალური სა-შიშროება და სურდა ასეთი მოქმედების ჩადენა, ე.ი. მისი განზრახი ქმედება მი-მართული იყო ამ დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მისი ნებისგან დამოუკიიდებელი მიზეზების გამო და მცდელობის სტადიაზე შეჩერდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ არასწორი შეფასება მისცეს ზ. ფ-შვილის ქმედებას, როდესაც იგი დამთავრებულ დანაშაულად მიიჩნია.
ზემოთ მოყვანილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ზ. ფ-შვილის ქმედება უნდა ჩაითვალოს ერთიანი განზრახვით ჩადენილი დანაშაულის მცდელობად და, შესაბამისად, დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 17,88-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეეხება განაჩენში სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის მითითებას, ასეთი უნდა ამოირიცხოს, როგორც უსწოროდ წარდგენილი.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სსკ 56-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დამთავრებული დანაშაული ისჯება უფრო მკაცრად, ვიდე დაუმთავრებელი დანაშაული, ამასთან ითვალისწინებს, რომ ზ. ფ-შვილის მოქმედებით ყალბი დოლარები ბრუნვაში არ გასულა, მოტყუებით არავის მიუღია და არც რაიმე ზიანი გამოუწვევია, ასევე მხედველობაში იღებს მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ რომ მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი, შვიდი თვის შვილი, ასეთ პირობებში პალატას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი თავისი ზომით მკაცრად მიაჩნია და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებლად თვლის სასჯელის შემცირებას 3 წლით.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ზ. ფ-შვილის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება;
ზ. ფ-შვილის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 17,88-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით – შეუმცირდეს სამი წლით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.