განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 4-აპ 3 აპრილი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა დაზარალებულების – ტ. გ-ელისა და მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ჭ-ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ღონისძიებად განესაზღვრა საზოგადოებრივი გაკიცხვა. დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მიზნით, რომ დამნაშავის ქმედებას მიეცეს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საბრალდებო დასკვნის მიხედვით მ. ჭ-იას ბრალი ედებოდა თვითნებობასა და ქურდობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 1998 წლის მაისის დასაწყისში ქ. თბილისში მცხოვრებმა ტ. გ-ელმა ქუჩაში შემთხვევით გაიცნო მ. ჭ-ია, რომელიც თანაცხოვრების მიზნით მიიყვანა თავის ბინაში, სადაც იცხოვრეს შვიდი თვის განმავლობაში. ტ. გ-ელის ბინაში, იმავდროულად ცხოვრობდა მისი ნათესავი – მ. ა-ძე. თავდაპირველად ტ. გ-ელსა და მ. ჭ-იას შორის ჩამოყალიბდა ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათი ურთიერთობა კომფლიქტური გახდა. ტ. გ-ელმა ჩათვალა რა, რომ მ. ჭ-ია ამორალურად იქცეოდა, მოსთხოვა მას ბინიდან წასვლა.
1998 წლის 10 ნოემბერს, როდესაც ტ. გ-ელი და მ. ა-ძე სახლში არ იმყოფებოდნენ, მ. ჭ-იამ ისარგებლა ამ მდგომარეობით, იმ საბაბით, რომ თითქოსდა ტ. გ-ელი იყო მისი მეუღლე და თანაცხოვრების პერიოდში საერთო ქონება გააჩნდათ, თვითნებურად გაიტანა ბინიდან და მიითვისა ტ. გ-ელის კუთვნილი 2971 ლარის ღირებულების 42 დასახელების პირადი და საოჯახო ნივთები, რითაც მიაყენა მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მანვე იმავდროულად, ფარულად, ე.ი. ქურდობის გზით გაიტაცა მ. ა-ძის კუთვნილი 518 ლარის ღირებულების 16 დასახელების პირადი ნივთები, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. გამოძიების მიერ ეს ქმედებები დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 220-ე მუხლითა და 91-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულობანი. გატაცებული ნივთებიდან მოკვლევის პერიოდში ტ. გ-ელს დაუბრუნდა 383 ლარის ღირებულების ნივთები, ხოლო მ. ა-ძეს – 88 ლარის ნივთები.
საქმე, პირველი ინსტანციით განიხილა რა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ, 2000 წლის 6 ივლისის განაჩენით დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით განსასჯელზე შერაცხული ბრალდების იმავე კოდექსის 220-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, მ. ჭ-ია დამნაშავედ ცნო თვითნებობის ჩადენაში და სასჯელის ღონისძიებად განუსაზღვრა საზოგადოებრივი გაკიცხვა.
დაზარალებულები – ტ. გ-ელი და მ. ა-ძე არ დაეთანხმნენ რა სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას, შეიტანეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ მ. ჭ-იას ქმედება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სსკ-ის 91-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დაზარალებულთა საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ტ. გ-ელმა, რომელიც გამოდიოდა დაზარალებულ მ. ა-ძის რწმუნებითაც, ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება იმ მიზნით, რომ მ. ჭ-იას შეერაცხოს საქართველოს 1960 წლის სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდება როგორც პირადად მისი, ასევე მ. ა-ძის კუთვნილი ნივთების გატაცებისათვის.
მსჯავრდებულმა მ. ჭ-იამ და პროკურორმა გ. მ-ძემ ითხოვეს საჩივრის უარყოფა და განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე. გამოძიებით უტყუარად დადგენილი არ არის იმ ნივთებს შორის, რაც მ. ჭ-იამ ტ. გ-ელის ბინიდან გაიტანა და ბრალი დაედო უკანონო მითვისებაში, იყო თუ არა მისი პირადი ნივთებიც, ე.ი. ის ნივთები, რომლებიც მასზე ნაჩუქარი იყო. საქმის მასალებით ახსნილი არ არის ტ. გ-ელის პირადი ნივთების მითვისება მ. ჭ-იას რატომ შეერაცხა თვითნებობის ბრალდებად და არა ქურდობად.
სრულიად დაუსაბუთებელია და აქედან გამომდინარე უკანონოა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებული ის მოსაზრება, რომ “მ. ჭ-იას ტ. გ-ელის ბინიდან ნივთების მოპარვის განზრახვა არ ჰქონია, მას თავი მიაჩნდა ტ. გ-ელის მეუღლედ, ხოლო მისი (ტ. გ-ელის) ქონება საერთო ქონებად. ასევე, რადგანაც მ. ა-ძის ნივთებიც ტ. გ-ელის ბინაში ეწყო და მ. ა-ძეც მიღებული იყო როგორც ოჯახის წევრი, მ. ჭ-იამ არ იცოდა თუ რომელი ნივთი წარმოადგენდა მხოლოდ ტ. გ-ელისა და მ. ა-ძის საკუთრებას. ამიტომ ის ნივთები, რაც თავისად დაიგულვა თვითნებურად წაიღო ტ. გ-ლის ბინიდან და მიიტანა თავისი ნათესავის ბინაში”.
განაჩენის მიხედვით გაუგებარია სასამართლომ მ. ჭ-იას რა რაოდენობის და ღირებულების ნივთების თვითნებურ მითვისებაში შერაცხა ბრალი. განაჩენში მითითებულია - “ის ნივთები, რაც თავისად დაიგულვა მ. ჭ-იამ, თვითნებურად წაიღო ტ. გ-ელის ბინიდან და მიიტანა თავისი ნათესავის ბინაში, საიდანაც ამოღებული იქნა და დაუბრუნდა დაზარალებულებს, ხოლო სხვა ნივთებზე, რაზედაც პრეტენზიას აცხადებენ დაზარალებულები, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სამოქალაქო სარჩელის დასაკმაყოფილებლად”. საქმის მასალების მიხედვით დაზარალებულებს დაუბრუნდათ 471 ლარის ღირებულების ნივთები. საბრალდებო დასკვნის მიხედვით კი მ. ჭ-იას ბრალი ედებოდა 3489 ლარის ღირებულების 58 დასახელების ნივთების კანონსაწინააღმდეგო მითვისებაში.
სააპელაციო სასამართლომ უარყო რა დაზარალებულთა საჩივრის მოთხოვნა, საერთოდ ვერაფრით ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მ. ჭ-იას დანაშაულებრივი ქმედება თვითნებობის შემცველია და არა უფრო მძიმე დანაშაულისა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ თვით მსჯავრდებულის ჩვენებას, რომელიც ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია. მ. ჭ-იას ჩვენების მიხედვით, ქალის ისეთი ნივთები, როგორიცაა მ. ა-ძის კუთვნილი ლაბადა, პერანგები, შარვალი და სხვა ჩასაცმელები, ბინაში მცხოვრებ პირთა, მათ შორის მამაკაცის საერთო საკუთრებად მიაჩნია. ასეთ ჩვენებას სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა და თვითნებობის ჩადენის მტკიცებულებად გამოიყენა.
პალატას მიაჩნია, რომ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შემდეგ მ. ჭ-იას ქმედებას უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია.
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 561-ე, 562-ე, 564 და 566-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულთა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 14 დეკემბრის განაჩენი მ. ჭ-იას მიმართ და საქმე საქართველოს გენერალური პროკურატურის მეშვეობით დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო განყოფილებას.