განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 21-კოლ 19 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის ადვოკატების _ ზ. რ-შვილის და ი. ლ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 31 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ა. ბ-შვილი, აზერბაიჯანის მოქალაქე, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ა. ბ-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2000 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში, ... მის ორ ნაცნობთან, მისი განმარტებით ნ. და ი. ლ-შვილებთან ერთად დროებით დაიქირავა ბინა, სადაც მასთან შეთანხმებით აღნიშნულმა პირებმა შემდგომში გასაღების მიზნით შეინახეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება _ ოპიუმი. 7 თებერვალს, დილით ა. ბ-შვილი მეტრო “დელისთან” შეხვდა ნაცნობს _ ზ. ძ-შვილს, რომელსაც შესთავაზა ნარკოტიკი და შეუთანხმდა იმავე დღეს მიუტანდა 5 გრამ “ოპიუმს” 100 ამერიკულ დოლარად. შეთანხმებისამებრ, მან ლ-შვილებს გამოართვა 5 გრამი “ოპიუმი”, რომელიც გაასაღა ზ. ძ-შვილზე და მისი ღირებულება _ 100 აშშ დოლარი ძ-შვილისაგან უნდა მიეღო მეორე დღეს, 24 საათზე. ამასთან, მას მეორე დღეს ფულის მოკითხვისას ძ-შვილისათვის კიდევ უნდა მიეტანა 10 გრამი “ოპიუმი” 200 აშშ დოლარად.
ზ. ძ-შვილმა 2000 წლის 8 თებერვალს ა. ბ-შვილისაგან შეძენილი “ოპიუმი” ნებაყოფლობით ჩააბარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებს. იმავე დღეს, 24 საათზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, მეტრო “დელისის” მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებული იქნა ა. ბ-შვილი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ქურთუკის გულის ჯიბეში აღმოაჩნდა სარეალიზაციოდ გამიზნული 10,1 გრამი ნარკოტიკი _ “ოპიუმი”, ხოლო მის მიერ ... ქუჩაზე დაქირავებული ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 511,1 გრამი ოპიუმი.
პირველ ახსნა-განმარტებაში, ბრალდებულის სახით დაკითხვისას და ზ. ძ-შვილთან დაპირისპირების დროს ა. ბ-შვილმა აღიარა ნ. და ი. ლ-შვილებთან ნარკოტიკის გასაღებაზე შეთანხმება და ზ. ძ-შვილზე გასაღების ფაქტი. შემდგომ დაკითხვებსა და საჩივრებში მან მიუთითა, რომ არავითარი შეთანხმება ლ-შვილებთან არ ჰქონია, ზ. ძ-შვილისათვის ნარკოტიკი არ მიუყიდია, დაკავებისას ჯიბეში “ოპიუმი” არ ჰქონია და აღიარებითი ჩვენებები გამოძალული იქნა პოლიციის მუშაკების ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ბ-შვილმა ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. ადვოკატი მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო პროკურორი შუამდგომლობს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეისწავლა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა ადვოკატის, მსჯავრდებულის და პროკურორის პოზიცია, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და მსჯავრდებულის მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ _ უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ა. ბ-შვილის ბრალდების კვალიფიკაცია და შემცირდეს დანიშნული სასჯელი. ამასთან, შერაცხული ბრალდების გარკვეულ ნაწილში საქმე დაბრუნებულ უნდა იქნეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილია ა. ბ-შვილის მიერ 2000 წლის 7 თებერვალს ზ. ძ-შვილზე 5 გრამი ნარკოტიკული საშუალების _ “ოპიუმის” გასაღების ფაქტი, მაგრამ არც წინასწარ გამოძიებას და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს უდავოდ არ დაუდგენია ის, რომ ეს დანაშაული მან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა. საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მიხედვით “მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით”. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად კი ყველა საეჭვო და უტყუარად დაუდგენელი გარემოება ბრალდებულისა და განსასჯელის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ამდენად, ა. ბ-შვილის ზემოთაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება არ სცილდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას და სასჯელი ამის შესაბამისად უნდა განესაზღვროს.
რაც შეეხება ბრალდების სხვა ნაწილს _ სახელდობრ, 2000 წლის 8 თებერვალს 10,1 გრამი “ოპიუმის” გასაღების მცდელობას და პირთა ჯგუფთან ერთად გასაღების მიზნით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა შენახვას, საქმე დაბრუნებული უნდა იქნეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
პალატას მიაჩნია, რომ ა. ბ-შვილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების დროს უხეშად არის დარღვეული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. სახელდობრ: ა. ბ-შვილი დაკავებული იქნა რა ქ. თბილისში, მეტრო “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ა. ბ-შვილის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტრომდე ტრანსპორტირებას ნეიტრალური მოქალქე არ დასწრებია. საქმის მასალებით ისიც კი დაუდგენელია ვინ მონაწილეობდა ა. ბ-შვილის დაკავებასა და ტრანსპორტირებაში და როგორი წესით მოხდა მისი გადაყვანა სამინისტროში. საქმის მასალებით ახსნილი არ არის, რატომ არ მოხდა ა. ბ-შვილის გაჩხრეკა დაკავების ადგილზე ან უახლოეს პოლიციის განყოფილებაში.
ოპერატიული მუშაკის _ ზ. ბ-ძის მიერ შედგენილ ოქმში _ “წარმოდგენისა და ეჭვმიტანილის სახით დაკავების შესახებ” _ მითითებულია, რომ მის მიერ ა. ბ-შვილი შს სამინისტროში წარმოდგენილი იქნა 2000 წლის 9 თებერვალს 01 საათსა და 25 წუთზე. ა. ბ-შვილის პირადი ჩხრეკის დამსწრე მოქალაქე მ. ყ-შვილი განმარტავს, რომ ის პოლიციის მუშაკებმა ბ-შვილის პირად ჩხრეკაზე დასასწრებლად სამინისტროში მიიწვიეს ღამის 1 საათზე, ე.ი. გასაჩხრეკი პირის სამინისტროში წარდგენამდე 25 წუთით ადრე. პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ა. ბ-შვილის ჩხრეკა ჩატარდა 9 თებერვალს 01 საათსა და 30 წუთიდან 01 საათსა და 40 წუთამდე. ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის დადგენილებაში მითითებულია, რომ “ა. ბ-შვილი გაჩხრეკილი იქნა 2000 წლის 09 თებერვალს 17 საათსა და 15 წუთზე” და მის მიერ კანონიერად ცნობილია ამ დროისათვის ჩატარებული პირადი ჩხრეკა. მოსამართლის დადგენილებაში მითითებულია ისიც, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარებულია მომკვლევის _ ჭ. რ-ას მიერ, მაშინ როდესაც საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ჩხრეკა ჩაატარა ინსპექტორმა ზ. ბ-ძემ. ამრიგად, ჩხრეკის ის ოქმი, რომელიც მოსამართლემ კანონიერად ცნო, საქმეში არ მოიპოვება, ხოლო საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის ოქმი მოსამართლის განხილვის საგანი არ ყოფილა.
წინასწარი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის ქ. თბილისში, ... ქუჩაზე დროებით დაქირავებულ ბინაში ა. ბ-შვილთან ერთად ვინ ცხოვრობდა და რა კავშირი აქვთ მათ, ამ ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ ნარკოტიკებთან.
დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს ა. ბ-შვილთან ერთად მცხოვრები პიროვნებების ვინაობა, ჰქონდათ თუ არა მათ დანაშაულებრივი კავშირი ა. ბ-შვილთან, ვისი საწოლის ლეიბის ქვემოდან იქნა ჩხრეკის დროს ამოღებული 511,1 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ამ ნარკოტიკთან ბ-შვილის დამოკიდებულება და რამდენად კანონიერად ჩატარდა მითითებული ბინის ჩხრეკა. ყოველივე ამის შემდეგ გამოძიებამ უნდა მიიღოს საბოლოო, კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 563-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მოცემულ საქმეზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 31 იანვრის განაჩენი ა. ბ-შვილის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
ხუთი გრამი ნარკოტიკული ნივთიერების _ ოპიუმის გასაღების ნაწილში ა. ბ-შვილის დანაშაული გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვროს ხუთი (5) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 10,1 გრამი და 511,1 გრამი ნარკოტიკის ა. ბ-შვილზე ბრალდებად შერაცხვის ეპიზოდში განაჩენი გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.