საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.04.2001
საქმის ნომერი
2კ-22-კოლ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.04.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 22-კოლ 19 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 22 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც: თ. გ-შვილს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 189-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია) და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე თ. გ-შვილს თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის ვადით.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით თ. გ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ იგი 1995 წლის 21 ნოემბრიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონული საბაჟოს ექსპორტისა და საბაჟო მომსახურების განყოფილების წამყვან ინსპექტორად და იყო თანამდებობის პირი.

1998 წლის 25 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ქ. პიატიგორსკიდან საქართველოში შემოვიდნენ გარდაბნის რაიონის სოფ. ... და ... მცხოვრები მოქალაქეები _ ა. გ-ოვი, გ. ა-ოვი, მ. ა-ოვი, ს. ნ-ევი და მ. ყ-ოვი, რომლებსაც ორი დაქირავებული მიკროავტობუსით საცხოვრებელი ადგილის მიმართულებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით, გადაჰქონდათ სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელი. გზაში, გორის საგზაო პოლიციის საგუშაგომდე, ორივე ავტომანქანა შემოწმების მიზნით გააჩერა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ინსპექტორმა ბ. ა-ძემ, რომელმაც მძღოლებს ჩამოართვა საბუთები და საქონლით დატვირთული ავტომანქანები წარადგინა საბაჟო “გორის” საგუშაგოზე, საბუთები კი, საქონლის შემდგომი განბაჟების მიზნით, გადასცა ექსპორტისა და საბაჟო მომსახურების განყოფილების წამყვან ინსპექტორ თ. გ-შვილს. თ. გ-შვილმა საუბარში გაარკვია რა, რომ ტვირთის მფლობელებს ა. გ-ოვს, ს. ნ-ევს, მ. ა-ოვს და მ. ყ-ოვს, არ ჰქონდათ რაიმე დოკუმენტები საქონელზე და საგადასახადო ინსპექციიდან საიდენტიფიკაციო კოდი, მათ განბაჟების საკითხის მოსაგვარებლად მოსთხოვა ქრთამის სახით 1200 აშშ დოლარი.

ვინაიდან ა. გ-ოვს და მასთან მყოფ პირებს თ. გ-შვილის მიერ მოთხოვნილი თანხა თან არ ჰქონდათ, იგი კი კატეგორიულად მოითხოვდა ფულის გადახდას, მ. ა-ოვი, ს. ნ-ევი და მ. ყ-ოვი იმავე საღამოს ფულის ჩამოსატანად ტაქსით წავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფ. ... და ... და ღამით ფულით დაბრუნდნენ ქ. გორში, სადაც მათ ელოდებოდნენ ა. გ-ოვი და გ. ა-ოვი.

მეორე დღეს, 1998 წლის 26 დეკემბერს, ა. გ-ოვი, მ. ყ-ოვი, ს. ნ-ევი და მ. ა-ოვი შევიდნენ თ. გ-შვილთან, რომელსაც ამ მომენტისათვის უკვე დათვალიერებული ჰქონდა ხსენებული პირების ავტომანქანებში ჩატვირთული საქონელი. თ. გ-შვილმა მათ უთხრა, რომ 1200 აშშ დოლარი საკმარისი არ იყო და საქმის საბოლოო მოგვარებისათვის მოსთხოვა 2500 ამერიკული დოლარი.

ა. გ-ოვმა, მ. ყ-ოვმა და მათთან ერთად მყოფმა პირებმა, ვინაიდან 2500 აშშ დოლარის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, თ. გ-შვილს სთხოვეს შეღავათის გაწევა. ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ თუ მითითებულ თანხას არ გადაუხდიდნენ, ბევრ პრობლემას შეუქმნიდა მათ და საქონელს არ გაატანდა. საბოლოოდ იგი მათ დაეთანხმა 2000 აშშ დოლარის ქრთამის სახით მიღებაზე. ა. გ-ოვი, მ. ყ-ოვი და მათთან ერთად მყოფი პირები იძულებულნი გახდნენ, დასთანხმებოდნენ თ. გ-შვილის პირობებს.

რადგან ა. გ-ოვს, მ. ყ-ოვს და მათთან ერთად მყოფ პირებს თ. გ-შვილის მიერ მოთხოვნილი თანხა არ ჰქონდათ, ა. გ-ოვმა და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ავტომანქანა “გაზელის” მძღოლს ა. ი-ევს სთხოვეს ფულის სესხება, თ. გ-შვილისათვის ქრთამის სახით შემდგომი გადაცემის მიზნით. ა. ი-ევს თან ჰქონდა რა 12 მილიონი რუსული რუბლი, იგი ასესხა ა. გ-ოვს და მასთან ერთად მყოფ პირებს.

საერთო ჯამში ა. გ-ოვმა, ს. ნ-ევმა, მ. ა-ოვმა, გ. ა-ოვმა და მ. ყ-ოვმა შეაგროვეს 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტაში (დოლარები, ლარები და რუსული რუბლები) და 1998 წლის 26 დეკემბერს, საღამოს საათებში, ხსენებული თანხა შეუტანეს თ. გ-შვილს სამუშაო ოთახში, რომელიც მდებარეობს გორის საბაჟოს შენობის პირველ სართულზე. თანხა თ. გ-შვილმა აიღო პირადად და გამოძიებით დაუდგენელ ერთ პირთან ერთად დაითვალა. შემდეგ იგი გავიდა ოთახიდან და გამოაწერინა 1998 წლის 25 დეკემბრის თარიღით, ე.ი. სხვა რიცხვით დათარიღებული ¹ 2672 საბაჟო _ სატვირთო დეკლარაცია, რომელშიც ტვირთის მფლობელად კომპიუტერზე მომუშავე შპს “დეკლარანტის” თანამშრომელ ნ. ქ-შვილს ყალბად მიათითებინა გორის რაიონის სოფ. ... მცხოვრები მოქალაქე თ. ს-ძე და მისი საიდენტიფიკაციოკოდი. მიღებული (2000 აშშ დოლარი) თანხიდან თ. გ-შვილმა განბაჟების თანხის სახით საბაჟო “გორის” სალაროში შეიტანა 1671 ლარი და 26 თეთრი, ხოლო დარჩენილი თანხა _ 1628 ლარი და 74 თეთრი ქრთამის სახით თავისთვის დაიტოვა.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ-შვილი თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. გ-შვილს დანაშაული არ ჩაუდენია, ა. გ-ოვისა და მისი თანმხლები პირებისაგან ქრთამის სახით თანხა არ აუღია და მისი ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. განაჩენი დამყარებულია ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ მასალებზე. ამასთან, თუკი ა. გ-ოვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მისცეს ქრთამი, მაშინ ისინი, როგორც ქრთამის მიმცემი პირები, უნდა მიცემულიყვნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან მათ სამართალდამცავ ორგანოებში ნებაყოფლობით არ განუცხადებიათ ქრთამის მიცემის შესახებ.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. რ-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, აღნიშნა, რომ განაჩენი დამყარებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მასალებზე და არაფრით არაა დადგენილი მსჯავრდებულ თ. გ-შვილის მიერ ქრთამის აღების ფაქტი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა თ. გ-შვილმა.

პროკურორმა გ. მ-ძემ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ თ. გ-შვილის მიერ ქრთამის აღებისა და ყალბი დოკუმენტის გაკეთების ფაქტი, იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის და პროკურორის პოზიცია, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას, რომ თითქოს განაჩენი დამყარებულია მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე. საჩივრის ასეთი მითითება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან მოწმეების _ ა. გ-ოვის, მ. ყ-ოვის, გ. ა-ოვის და მ. ა-ოვის ჩვენებები არის თანმიმდევრული, მათ არ შეუცვლიათ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, ისინი თ. გ-შვილს ამხელდნენ ქრთამის აღებაში, რაც გ-ოვმა და ყ-ოვმა დაადასტურეს თ. გ-შვილთან დაპირისპირების დროსაც. ამდენად, საჩივრის მითითება, რომ თითქოს სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენება, საფუძველსმოკლებულია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოწმე ა. გ-ოვის მიერ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი დეპეშის საფუძველზე, სადაც იგი ამხელდა თ. გ-შვილს ქრთამის აღებაში. დადგენილია ის გარემოებაც, რომ 1998 წლის 25 დეკემბრის თარიღით გამოწერილია ¹ 2672 საბაჟო-სატვირთო დეკლარაცია, რომელშიც ტვირთის მიმღებად ყალბადაა მითითებული თ. ს-ძე და მისი საიდენტიფიკაციო კოდი, რადგან აღნიშნული დეკლარაციით მოხდა ა. გ-ოვისა და მისი თანმხლები პირების კუთვნილი საქონლის განბაჟება.

პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებით მსჯავრდებულ თ. გ-შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული თ. გ-შვილი პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული,¸კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, დანაშაულის ჩადენიდან გასულია ორ წელზე მეტი და ამ ხნის განმავლობაში იგი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში არ ყოფილა შემჩნეული, ხასიათდება დადებითად და ყველა აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, თ. გ-შვილის მიმართ გამოყენებული იქნეს სსკ-ის 63-65-ე მუხლები და შეფარდებული სასჯელი შეეცვალოს პირობით, გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 22 თებერვლის განაჩენი თ. გ-შვილის მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მას შეფარდებული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, თანახმად საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა.

განჩინება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

იგი საბოლოოა და მისი გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.