განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 31აპ 6 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 ივლისის განაჩენში რ. კ-ძის მიმართ. რ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით და შეეფარდა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
რ. კ-ძეს სამი წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით რ. კ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1999 წლის 31 დეკემბერს იგი მართავდა ე. რ-ძის კუთვნილ ავტომანქანა ვაზ-2106-ს. ქ. ხაშურში, სტალინის ქუჩაზე მოძრაობისას 16 საათზე შეეჯახა ქვეითად მოსიარულე შ. კ-ძეს, რომელიც თვით კ-ძემ თავისივე მანქანით მიიყვანა ხაშურის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. შ. კ-ძემ მიიღო მძიმე დაზიანება. აღნიშნული ქმედებით რ. კ-ძემ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც _ მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს; ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს, მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე. დასახლებულ პუნქტებში მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ\სთ სიჩქარით, რაც რ. კ-ძემ არ განახორციელა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ კ-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ს-შვილი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას, მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ავტომანქანის მუხრუჭის კვალის სიგრძე _ 44 მეტრი _ მკვეთრად გადასწორებულია; შესწორების შესახებ კი ოქმში შენიშვნა არ ყოფილა შეტანილი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და საქმეში არაა დაფიქსირებული შეჯახების ადგილი; გვამი არ ყოფილა გამოკვლეული და არ გარკვეულა სიკვდილის მიზეზი.
წარმოდგენილია დაზარალებულ თ. კ-ძის შესაგებელი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მიაჩნია კანონიერად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ს-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, განმარტა, რომ წინასწარი გამოძიების დროს არ დადგენილა შეჯახების ადგილი, არ გარკვეულა კ-ძის ავტომანქანის სიჩქარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და საქმეში შეტანილია გადასწორებები, ფაქტობრივად, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა დამყარებულია სავარაუდო მონაცემზე, რაც რ. კ-ძის მსჯავრდების საფუძველი გახდა.
დაზარალებულმა თ. კ-ძემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა გ. მ-ძემ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით რ. კ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარი გამოძიების მიერ არ ყოფილა დაცული საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა. კერძოდ, არ მიღებულა ყველა ზომა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის. სასამართლომ კი განაჩენი დაამყარა ყოველმხრივ გამოუკვლევ მასალებზე.
წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ გარკვეულა, თუ რატომაა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მუხრუჭის კვალის სიგრძე (44 მეტრი) გადასწორებული. ოქმიდან ჩანს, რომ მუხრუჭის კვალის სიგრძედ თავიდან სხვა ციფრი ეწერა. შემდეგ კი მოხდა მისი გადასწორება. ამ საკითხის გარკვევას კი მნიშვნელობა აქვს კ-ძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სისწრაფის განსაზღვრისათვის.
საყურადღებოა და გასარკვევია ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სქემაზე, სქემის შემდგენის ი. კ-ძის ხელმოწერაც გადასწორებულია, ამასთან, საქმეს ხელს არ აწერს მეორე დამსწრე ი. ზ-ძე.
პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული საკითხების სრულყოფილად გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს რ. კ-ძის ბრალდების საკითხის გადაწყვეტისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რომელიც თითქოს შეადგინა უფროსი ინსპექტორის მ\შემსრულებელმა ი. კ-ძე, არის ხელმოუწერავი; ასევე, ხელმოუწერავია და დაუდგენელია, თუ ვის მიერ იქნა შედგენილი ოქმი ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერებისა და შემოწმების შესახებ.
ამდენად, პირველადი მასალები, რაზედაც დამყარებული იყო განაჩენი, არის არასრულყოფილი, გაურკვეველია, ზოგიერთი მათგანის წარმომავლობა, ასეთ მასალებზე დადგენილი განაჩენი კი ვერ იქნება კანონიერად მიჩნეული.
პალატა ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ ყოფილა დადგენილი რ. კ-ძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის შ. კ-ძეზე შეჯახების ადგილი. ამ საკითხის გარკვევას კი მნიშვნელობა აქვს რ. კ-ძის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისათვის.
პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს უნდა მოხდეს მსჯავრდებულ რ. კ-ძისა და მოწმე ე. რ-ძის შემთხვევის ადგილზე გაყვანა, უნდა გაირკვეს შეჯახების ადგილი, დეტალურად უნდა დაიკითხონ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირები, ასევე, ავტოინსპექტორი ი. კ-ძე, უნდა აიხსნას, თუ რატომაა ოქმებში შეტანილ გადასწორებები, ან ზოგიერთი დოკუმენტი რატომაა ხელმოუწერავი და ვის მიერაა შედგენილი, რის შემდეგაც მიღებულ შედეგებს უნდა მიეცეს შეფასება.
ამასთან, დამატებითი გამოძიების ჩატარება უნდა დაევალოს სხვა გამომძიებელს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 იანვრის განაჩენი რ. კ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
დამატებითი გამოძიების ჩატარება დაევალოს სხვა გამომძიებელს.
აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა _ რ. კ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.