საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 30.05.2001
საქმის ნომერი
2კ-39დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
30.05.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 39დად 30 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები ი. ბიბილაშვილი, ნ. გვენეტაძე

განიხილა სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამავე საზოგადოების ხელმძღვანელობითი, წარმოადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიხედვით გ. ვ-შვილის და სხვათა მიმართ აღძრული საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ – ვაკის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 31 იანვრის დადგენილების გაუქმებისა და გამოძიების განახლების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმავე საზოგადოების ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გ. ვ-შვილის და სხვათა მიმართ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის წევრთა კოლექტიური განცხადდებები და მოკვლეული მასალები იმის შესახებ, რომ სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – გ. ვ-შვილი იმავდროულად მუშაობდა ამ ორგანიზაციასთან დაპირისპირებულ “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის” აღმასრულებელ დირექტორად, ასევე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალურ დირექტორად. გ. ვ-შვილი, როგორც სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბოროტად იყენებდა უფლებამოსილებას, მოქმედებდა სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ამ ორგანიზაციას, გამოიწვია მუშაობის პარალიზება, მისი ფუნქციონირების შეწყვეტა და სხვა.

2000 წლის 18 იანვარს საქმე შეისწავლა ქ. თბილისის პროკურატურამ, რომელმაც ნაადრევად მიიჩნია საქმის აღძვრა და მისცა მითითება ვაკის რაიონის პროკურატურას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2001 წლის 31 იანვარს, ქ. თბილისის პროკურატურის მითითების შესაბამისად, ვაკის რაიონის პროკურორის თანაშემწემ კ. კ-ძემ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ს.ს. “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამავე საზოგადოების ხელმძღვანელობითი, წარმოადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შეწყიტა სისხლის სამართლის საქმე, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ, სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის მიერ გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 მარტის დადგენილებით, არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი – ვაკის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 31 იანვრის დადგენილების გაუქმებისა და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ.

პალატის სხდომაზე და წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივარში სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის წევრები: გ. ხ-შვილი და დ. ფ-შვილი, მათი წარმომადგენელი ადვოკატი ბ. კ-შვილი მიუთითებენ, რომ ვაკის რაიონის პროკურატურამ უკანონოდ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე – აღძრული სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამავე საზოგადოების ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლო-ბითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გ. ვ-შვილის და სხვათა მიმართ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ კი უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების შესახებ.

კერძო საკასაციო საჩივრით ისინი ითხოვენ ხსენებული დადგენილებების გაუქმებას და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას შემდეგი მოტივებით:

გ. ვ-შვილი იყო როგორც ს.ს. “საქტრანსგაზმრეწვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ისე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი, რომელიც თავისი საქმიანობით აღჭურვილი იყო იგივე ფუნქციებით, რითაც “საქტრანსგაზმრეწვი” და წარმოადგენდა ბაზარზე მის კონკურენტ ორგანიზაციას. საჩივრის ავტორები თვლიან, რომ გ. ვ-შვილი, სამეწარმეო კანონის თანახმად ვალდებული იყო დაეცვა “საქტრანსგაზმრეწვის” ინტერესები, საწინააღმდეგოდ ამისა, მან უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, ბაზრიდან “საქტრანსგაზმრეწვის” სახით კონკურენტი ორგანიზაციის ჩამოცილების მიზნით, შეძლო ამ ორგანიზაციის მუშა-მოსამსახურეთა გადაბირება მის დაქვემდებარებაში მყოფ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კომპანიაში”, რამაც გამოიწვია სააქციო საზოგადოებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების: საგურამოს, ქვეშეთის, ყაზბეგის, თერჯოლის, გურჯაანის საბაზო სამმართველოების დაშლა, ფუნქციონირების შეწყვეტა.

საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) სხდომაზე, ლიცენზიების საკითხის განხილვისას, გ. ვ-შვილი გამოდიოდა “საქტრანსგგაზმრეწვის” ინტერესების საწინააღმდეგოდ და შესაბამისად შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” სასარგებლოდ, რომლის გენერალური დირექტორიც ის გახლდა.

გ. ვ-შვილი, როგორც შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალური დირექტორი და იმავდროულად “საქტრანსგაზმრეწვის” სამენთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხელს აწერდა კონტრაქტებზე და ბრძანებებზე სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” მუშახელის კომპანიაში მიღებაზე. საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამან გამოიწვია მათი ორგანიზაციის სამუშაო ძალის გარეშე დატოვება და პარალიზება.

შპს “საქართელოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” არ გააჩნდა გამოცდილება და კვალიფიციური მუშა მოსამსახურეები. საჩივრის ავტორები თვლიან, რომ ლიცენზიის მიღების მიზნით, გ. ვ-შვილმა მოახდინა მუშახელის კომპანიაში გადაყვანა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ საზოგადოებას.

გ. ვ-შვილი, როგორც სს “გაზის საერთაშორისო კორპორაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ფლობდა მატერიალურ და ფულად სახსრებს. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებიდან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები აკუმილირებული იყო მის ხელში. იგი გამიზნულად არ უხდიდა “საქტრანსგაზმრეწვს” კუთვნილ თანხებს რის გამოც ხელოვნურად წარმოიშვა სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება 12 მილიონი ლარის ოდენობით, მუშა-მოსამსახურეთა უხელფასოდ დატოვება.

საჩივრის ავტორები თვლიან, რომ გ. ვ-შვილის ქმედებაშია საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და ითხოვენ ამ მიმართებით წინასწარი გამოძიების განახლებას და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

პალატის სხდომაზე გ. ვ-შვილის წარმომადგენელმა ადვოკატმა დ. ლ-ამ შესაგებელში უსაფუძვლოდ მიიჩნია კერძო საკასაციო საჩივრის მოტივები და ითხოვა ვაკის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 31 იანვრის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს იმავე წლის 14 მარტის დადგენილებების უცვლელად დატოვება.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. ჯ-იამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 31 იანვრის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 მარტის დადგენილებების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის რომ თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 31 იანვრის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს იმავე წლის 14 მარტის დადგენილებები მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ვაკის რაიონის პროკურატურის მიერ სს “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამავე საზოგადოების ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გ. ვ-შვილის და სხვათა მიმართ სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ნაადრევად იქნა შეწყვეტილი, რის გამოც გამოკვლევის და სათანადო სამართლებრივი შეფასების გარეშე დარჩა მთელი რიგი გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე, სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამავე საზოგადოების ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გ. ვ-შვილის და სხვათა მიმართ, აღიძრა “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის კოლექტიური განცხადებების საფუძველზე, რომლებშიც ისინი მიუთითებდნენ, რომ “საქტრანსგაზმრეწვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – გ. ვ-შვილი, იმავდროულად მუშაობდა ამ ორგანიზაციასთან დაპირისპირებულ “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის” აღმასრულებელ დირექტორად, ასევე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” გენერალურ დირექტორად. წინასწარი გამოძიების ჩატარების დროს უნდა დადგინდეს ის გარემოება, რომ გ. ვ-შვილი, როგორც სს “საქტრანსგაზმრეწვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბოროტად ხომ არ იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიზანმიმართულად ხომ არ მოქმედებდა “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციათა სასარგებლოდ. ის, “საქტრანსგაზმრეწვის”, როგორც კონკურენტი ორგანიზაციის ჩამოცილებისა და მის მუშაობაში დეზინფორმაციის შეტანის მიზნით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ფუნქციონირებისა და კადრების დაკომპლექტებისათვის, ხომ არ ეწეოდა “საქტრანსგაზმრეწვიდან” მუშა-მოსამსახურეთა გადაბირებას. წინასწარი გამოძიებით უნდა დადგინდეს თუ რაში გამოიხატა ამ და სხვა მოქმედებების შედეგად გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი, რაც მიადგა ორგანიზაციას, თუ ცალკეულ ფიზიკურ პირებს, ხომ არ იქნა გამოწვეული მუშაობის პარალიზება, ორგანიზაციის, ფუნქციონირების შეწყვეტა, სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება და სხვა.

წინასწარი გამოძიების დროს დაკითხულმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გ. ხ-შვილმა, გ. ჯ-შმა, დ. ფ-შვილმა და სხვებმა დაადასტურეს განცხადებაში მითითებული გარემოებები, ამასთან გამოძიებას წარუდგინეს რიგი მასალები, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) ოქმები, საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების სამართლის ინსპექციის დასკვნა, რომლებშიც, მათი აზრით, გ. ვ-შვილი იმხილებოდა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც სრულყოფილად და ყოველმხრივ წინასწარი გამოძიების დროს გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიების განახლების დროს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული უნდა იქნეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის საჩივრის მოტივები, წარმოდგენილი მასალები, დაკითხული უნდა იქნეს გ. ვ-შვილიც, იმის გასარკვევად, თუ რამდენად საფუძვლიანია მის მიმართ საჩივრებში მითითებული ფაქტები.

წინასწარმა გამოძიებამ ორივე მხარის პოზიციების და საქმის ფაქტობრივი გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქ. თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 31 იანვრის დადგენილება, სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამავე საზოგადოების ხელმღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გ. ვ-შვილის და სხვათა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

გაუქმდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 მარტის დადგენილება, რომლითაც უარი ეთქვა “საქტრანსგაზმრეწვის” საინიციატივო ჯგუფის საჩივარს, თბილისის ვაკის რაიონის პროკურატურის 2001 წლის 31 იანვრის დადგენილების გაუქმებისა და წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ.

საქმე წინასწარი გამოძიების განახლებისათვის გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.