საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.01.2001
საქმის ნომერი
2კ-127აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.01.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 127აპ 9 იანვარი 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. ყრუაშვილი

განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე.

პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის თ. ყრუაშვილის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 ივლისის განაჩენით მ. ხ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 220-ე მუხლით და მიესაჯა ოთხი თვით გამასწორებელი სამუშაო ადგილზე მოხდით, ხელფასიდან 10%-ის დაქვითვით. მის მიმართ საქმე სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში შეწყდა იმ საფუძვლით, რომ 2000 წლის 1 ივნისის შემდგომ მოქმედი სისხლის სამართლის კანონი არ ითვალისწინებს მიწის თვითნებურად მითვისებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

განაჩენის მიხედვით მ. ხ-ძემ დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: მან 1992 წლიდან თვითნებურად მიითვისა წყალტუბოს რაიონის გუმბარის თემის გამგეობის ბალანსზე რიცხული, სოფელ ბანოჯის სპორტული მოედნის 0.1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ამუშავებდა ყოველწლიურად, სადაც მოჰყავდა ერთწლიანი კულტურები. მიუხედავად იმისა, რომ იგი 1992-99 წლებში მრავალჯერ იქნა გაფრთხილებული მიწის რეფორმისა და მიწათმომწყობი კომისიის თავმჯდომარის, გამგეობის ხელმძღვანელობის თუ პოლიციის მუშაკების მიერ, მ. ხ-ძე მაინც აგრძელებდა თვითნებობას, რომლის უკანონო მოქმედების შედეგად გუმბარის თემის გამგეობის ხელმძღვანელობა მოკლებული იყო კანონიერ შესაძლებლობას, მათ ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა.

მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე შემოწმდა რაიონული სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობა და სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით იგი უცვლელად იქნა დატოვებული.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა მსჯავრდებულის განმარტება, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა, შეამოწმა განაჩენის კანონიერება, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს მ. ხ-ძის მიმართ, თანახმად სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტისა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ხ-ძეს მიწის ნაკვეთი თვითნებურად არ დაუკავებია. მიწის პრივატიზაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ა. ბ-ძის ჩვენებებით უარყოფილი არ არის ის ფაქტი, რომ მ. ხ-ძემ ნაკვეთი დაიკავა მისი ნებართვით.

საბრალდებო დასკვნასა და განაჩენს დადგენილად მიაჩნიათ, რომ მ. ხ-ძე 1992 წელს თვითნებურად დაეუფლა მიწის ნაკვეთს და მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, არ შეწყვიტა თვითნებობა და აგრძელებდა მიწის ნაკვეთის უკანონო დამუშავებას.

მართალია, საქმის მასალებში მოიპოვება წერილები, რომლებიც თითქოსდა გაეგზავნა მოქ. ხ-ძეს, მაგრამ იგი კატეგორიულად უარყოფს მათ მიღებას და, გარდა ერთისა, არც ერთზე არაა მისი ხელმოწერა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეს გაფრთხილების ხელწერილიც შედგენილია 1999 წლის 22 ივნისს.

სსკ-ის 220-ე მუხლის დისპოზიცია, რომლითაც მ. ხ-ძეს მსჯავრი დაედო, სავალდებულო წესით ითვალისწინებს იმას, რომ თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების თვითნებურად განხორციელებას უნდა მოჰყვეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან მოქალაქეთა ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

არც საბრალდებო დასკვნით და არც განაჩენებით განსაზღვრული არ არის, რა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია მ. ხ-ძის ქმედებამ, ხოლო თუ საბრალდებო დასკვნის იმ ფორმულირებას გავიზიარებთ, რომ მ. ხ-ძის უკანონო მოქმედების შედეგად გუმბარის თემის გამგეობის ხელმძღვანელობა მოკლებული იყო კანონიერ შესაძლებლობას, მათ ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა და ეს ითვლება მნიშვნელოვან ზიანად, გაურკვეველია, რატომ არ მისცეს ამ ფაქტს სათანადო რეაგირება 1992 წლიდან 1999 წლამდე.

საქმის მასალებში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი სკოლის სპორტული მოედნის ტერიტორია, პირიქით, დადგენილია, რომ მას წლების განმავლობაში ამუშავებდნენ სოფლის მასწავლებლები.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემული საქმის სააპელაციო განხილვისას პალატის ერთ-ერთი წევრი დარჩა განსხვავებულ აზრზე, რომელსაც მიაჩნია, რომ სადავო ტერიტორიის, ე. წ. სპორტული მოედნის ის ნაწილი, რომელსაც მ. ხ-ძე ამუშავებდა, არასოდეს სპორტულ მოედნად გამოყენებული არ ყოფილა, რომ ამ სადავო მიწის ნაკვეთის სპორტულ მოედნად გამოყოფის შესახებ არ მოიპოვება კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება, რომ კოლმეურნეობა, ვისაც ეკუთვნოდა ეს ნაკვეთი, არასოდეს სარგებლობდა მისით და აქედან გამომდინარე, არც შეიძლებოდა რაიმე ზარალი განეცადა მას.

საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება ამ პოზიციას და მიაჩნია, რომ მ. ხ-ძეს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც მის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს.

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მოცემულ საქმეზე დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი მ. ხ-ძის მიმართ და საქმე წარმოებით შეწყდეს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.