განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 23.01.2001
საქმის ნომერი
2კ-132აპ.-2001
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.01.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 132აპ 23 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,შ. ასათიანი

განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორის ლ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე ლ. ღ-ურის მიმართ.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა მოსამართლე შ. ასათიანის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ლ. ღ-ური, ნასამართლევი (მცხეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 16 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. 1997 წლის 23 ივლისს იგი პირობით ვადამდე იქნა გათავისუფლებული), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 40-ე მუხლის საფუძველზე (1961 წლის რედაქცია) საბოლოოდ სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ამავე განაჩენით ა. ი-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით.

ა. ი-შვილის მიმართ განაჩენი საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა.

ლ. ღ-ურს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ასევე, მსჯავრი დაედო ანტისაზღოგადოებრივ ქმედებაში არასრულწლოვანის ჩაბმისათვის.

ლ. ღ-ურის და ა. ი-შვილის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებანი გამოიხატა შემდეგში:

2000 წლის 26 აპრილს მცხეთის რაიონის სოფ. ... იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თანასოფლელსა და ახლობელს, არასრულწლოვანს ა. ი-შვილს, ჩააბა იგი ანტიაზოგადოებრივ საქმიანობაში და შეუთანხმდა, რომ ამავე სოფელში მდებარე ც. ღ-ურის სააგარაკე ბინის ეზოდან მოეპარათ სპილენძის მავთული. იმავე ღამით დაახლოებით 23 საათზე წინასწარი შეთანხმებით ორივენი ღობიდან გადავიდნენ ც. ღ-ურის სააგარაკე სახლის ეზოში, სადაც ნახეს ც. ღ-ურის კუთვნილი, ღობეზე მიყუდებული რვა ცალი ალუმინის კარი, თითოეული ღირებული 250 ლარად, სულ 2000 ლარის ღირებულების. კარიდან ამოიღეს მინები და დაყარეს იქვე. ჩამოჭრეს 10 მ. სიგრძის კარები, რომლიდანაც იქვეგამოიღეს მავთული. კარებები გაზიდეს და დააწყეს სოფლის შესასვლელში არსებულ მიტოვებულ გომერში, ხოლო შემდეგ იქვე ჩამოზიდეს კარების ე. წ. “პლანკები” და მავთული.

27 აპრილს დილით ნაქურდალი კარებები დახერხეს და ჩააბარეს სოფ. ... მცხოვრებ დ. ნ-შვილს, საიდინაც ამოღებულ იქნა პოლიციის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ ცვლილება შეიტანა მცხეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნულ განაჩენში ლ. ღ-ურის მიმართ. დანიშნული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე 4 წლის საგამოცდო ვადით.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის იმავე სასამართლო სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას ხელახალი განხილვის მიზნით, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ლ. ღ-ურის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას გაითვალისწინა მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი: იგი დაავადებულია მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილის ტუბერკულიოზით, ესაჭიროება გადაუდებელი ინტენსიური მკურნალობა და შემდგომში ქირურგიული ჩარევა, მაგრამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ღ-ური ადრე ნასამართლევია პირადი ქონების ქურდობისათვის ბინაში შეღწევით, ნასამართლობა მოხსნილი და გაქარწყლებული არა აქვს. ამასთან, დანაშაულის ჩადენაში ჩააბა არასრულწლოვანი.

პროკურორმა ე. ღ-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

ადვოკატმა მ. ტ-ძემ პალატის წინაშე განაცხადა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე მიაჩნია კანონიერად. გარდა იმისა, რომ ლ. ღ-ური მძიმედაა დაავადებული, მისი მშობლებიც ავადმყოფები არიან, რომლებსაც სხვა პატრონი არა ჰყავთ. ამიტომ, მოითხოვს სააპელაციო ინსტანციის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლო სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალდებულის პიროვნების დამახასიათებელი მონაცემები და დანაშაულის ჩადენის გარემოებები ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირება მიზანშეუწონელია. დამნაშავის პიროვნების შეფასებისას, სასამართლომ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას მხედველობაში უნდა მიიღოს წინათ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, როდესაც დამნაშავეს ბრალი მიუძღვის ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენაში.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ირკვევა, რომ ლ. ღ-ურს წინათ ჩადენილი აქვს დანაშაული, ამჟამად მსჯავრი დაედო მძიმე და, ამასთან ორ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში.

პალატის აზრით, აღნიშნული ფაქტი ერთობ ზრდის მსჯავრდებულის სოციალური საშიშროების ხარისხს, რაც როგორც წესი, მიზანშეუწონელს ხდის პირობითი მსჯავრის გამოყენებას.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას განაჩენში მიუთითა, რომ “ლ. ღ-ურმა, რომელიც წინათ გასამართლებული იყო ქურდობისათვის, არ გამოიტანა საჭირო დასკვნები და კვლავ ჩაიდინა მსგავსი დანაშაული”.

ასეთი პირობებში, ლ. ღ-ურის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში გაკეთებულ ფორმულირებას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად ლ. ღ-ურის დაავადებისა, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით (რის შესახებაც მითითებულია ზემოთ) არ შეიძლება სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ლ. ღ-ური არ არის მძიმე ავადმოფი, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 ნოემბრის განაჩენი ლ. ღ-ურის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგერნლობას.

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.