დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 133-აპ 30 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ა-შვილის ადვოკატის _ ე. ხ-ძის, დაზარალებულ ს. ხ-ურის ადვოკატის შ. ფ-სა და დაზარალებულ ი. მ-შვილის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც სასჯელის ნაწილში შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 ივლისის განაჩენი ლ. ა-შვილის მიმართ და მას საქართველოს სსკ-ის (1999 წლის რედაქცია) 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 ივლისის განაჩენით ლ. ა-შვილი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის რედაქცია) სსკ-ის 241-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და მისჯილი ჰქონდა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის განკუთვნილ კოლონია-დასახლებაში მოხდით.
მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივარი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საქმის ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის გადაცემას.
დაზარალებული ი. მ-შვილი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ლ. ა-შვილის მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაზარალებულ ს. ხ-ურის ადვოკატის საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლო განაჩენის გაუქმებასა და გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რაიონული და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით ლ. ა-შვილს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ერთი ადამიანის სიკვდილი. მისი ეს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 1998 წლის 31 ოქტომბერს, დილით ლ. ა-შვილმა მცხეთის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ა. ყ-შვილისაგან ითხოვა ავტომანქანა “ნივა” და ამავე მანქანით, რომელსაც იგი მართავდა მინდობილობისა და მართვის უფლების მოწმობის გარეშე, მივიდა იმავე სოფელში მცხოვრებ ნ. ხ-ურთან იმ მიზნით, რომ ეთხოვა გაჰყოლოდა ქ. ცხინვალში ბაზრობაზე პურის ფქვილის შესაძენად. ნ. ხ-ური დაეთანხმა ლ. ა-შვილის თხოვნას, იქვე ისაუზმეს და წავიდნენ ცხინვალის მიმართულებით. სოფ. ერგნეთის ბაზრობაზე ლ. ა-შვილმა შეიძინა 22 ტომარა პურის ფქვილი, რაც დატვირთეს ავტომანქანის სალონსა და ძარის სახურავზე. მანქანის საჭესთან დაჯდა კვლავ ლ. ა-შვილი, მის გვერდით სავარძელში მოთავსდა ნ. ხ-ური და გაემართნენ გორის მიმართულებით. არ გააჩნდა რა მინდობილობა და ავტომანქანის მართვის უფლება, ხოლო მანქანაზე დატვირთული ტვირთის მასა და ღერძებზე დატვირთვის განაწილება მნიშვნელოვნად აღემატებოდა ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის საწარმოო დამამზადებლის მიერ დადგენილ ნორმებს, ამით ლ. ა-შვილმა უხეშად დაარღვია მოძრაობისა და ავტომანქანის ექსპლუატაციის წესი, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი. გორის რაიონის სოფ. ძევერის გადასახვევის მახლობლად, დაახლოებით 15 საათზე, გადატვირთვის გამო მოხდა ავტომანქანის წინა მარჯვენა თვლის მორგვის ქვედა ბურთულოვანი შარნირის გატეხვა, რის გამოც მანქანა თავისი სავალი ნაწილიდან გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, შემდეგ უკიდურესად მარცხენა მხარეს და დაეჯახა გვერდულზე გაჩერებულ სამგზავრო ავტობუსს. ამის შედეგად “ნივის” წინა მარჯვენა სავარძელში მჯდომმა ნ. ხ-ურმა მიიღო თავის ქალას მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია რამდენიმე წუთში მისი სიკვდილი. ავარიის შედეგად დაზიანდა ორთავე მანქანა, ხოლო თვით მძღოლმა ლ. ა-შვილმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.
პალატამ მოუსმინა რა ადვოკატებს, დაზარალებულებსა და პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა განაჩენის კანონიერება და საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და მათ მისცა სწორი იურიდიული შეფასება.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა, ჭეშმარიტებას მოკლებულია, ხოლო ნ. ხ-ურის გვამის ეგზგუმაციის შემდეგ ჩატარებული კომპლექსური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არასრულყოფილი და არაობიექტურია.
მოწმეების _ ჯ. გ-ძის, ვ. გ-ძის, მ. გ-შვილისა და მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობით დაკითხული ნ. ს-შვილის ჩვენებები ნათლად და დამაჯერებლად ადასტურებენ იმას, რომ ავარიის მომენტში ავტომანქანა “ნივას” საჭეს ლ. ა-შვილი მართავდა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ხ-ურის გვამზე არ აღმოჩნდა ავარიის დროს მანქანის საჭესთან მჯდომისათვის დამახასიათებელი დაზიანებები.
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ავტომანქანა “ნივა” ითხოვა ლ. ა-შვილმა, რომელსაც მართვის უფლების მოწმობა არ გააჩნდა, ფქვილის ყიდვა მას სჭირდებოდა, მანქანაზე ნ. ხ-ურის დახმარებით თვითონვე დატვირთა აშკარად გადაჭარბებული ტვირთი _ 22 ტომარა პურის ფქვილი და აქედან გამომდინარე, მან ჩაიდინა ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევა.
პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მოცემულ საქმეზე არამარტო კანონიერია, იგი სამართლიანიცაა. სასჯელის ღონისძიება განაჩენით განსაზღვრულია ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი თვისებების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. ამდენად, დაზარალებულთა საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ლ. ა-შვილის მიმართ შეფარდებული სასჯელი აშკარად ლმობიერია, პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
აღნიშნულთა გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 571-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 ნოემბრის განაჩენი ლ. ა-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.